ბრძანება N 4656

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4656
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4656

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 27 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 27 იანვრის №93949/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №002-240 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, რადგან საწარმოს გააჩნდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თვითნებურად, რასთან დაკავშირებითაც აპელირებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. განმარტავს, რომ მომსახურების გაწევისას კომპანია მოიხმარს საქონელს, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულია რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაში. ამასთან, აცხადებს, რომ შინაარსობრივად და ტექნიკურად არასწორია შემოსავლის გაანგარიშების მეთოდიკა. კერძოდ, საქონლის კატეგორიები და ნაშთები არასწორად არის განსაზღვრული და გაანგარიშების ფორმულაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ფორმულაში გამოყენებულია „+“ ნიშანი ნაცვლად „-“-სა. მიუთითებს, რომ საქონლის სხვადასხვა კატეგორიებში მოხვედრილია ძირითადი საშუალებები, მცირე ფასიანი ინვენტარი და სახარჯი მასალები, გაზრდილია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მასზე ფასნამატის გავრცელებით შემოსავალი. არ ეთანხმება პროდუქციის რეალიზაციისას საშუალო ფასნამატის გამოყენებას (21%), ნაცვლად იდენტური/მსგავსი საქმიანობის ფასნამატისა (14%).

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებული განკარგვადი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ კომპანიას გააჩნდა როგორც საკასო შემოსავალი, ასევე საკასო ხარჯი, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებული არ იქნა, შედეგად დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დამტკიცებული მეთოდური მითითების მოთხოვნები, ითხოვს სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ შეძენილი პროდუქციის ღირებულება და სხვა ხარჯები აჭარბებს შემოწმების მიერ განსაზღვრული ხარჯების ოდენობას. ასევე, განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ მოხდა არარეზიდენტ პირებზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად წარდგენა, შესაბამისად, გათვალისწინებული ვერ იქნა აღნიშნული თანხები ფულის მოძრაობის ამსახველ ინფორმაციაში. აცხადებს, რომ მზად არის წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტაცია.

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის გადახდილ თანხებთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ კომპანია არარეზიდენტებისგან საქონელს ყიდულობს „-------” და „-------” პირობებით. აღნიშნული პირობები კი მითითებულია ყველა საბაჟო დეკლარაციაში და ინკოტერმსის ამ პირობებით ტვირთზე ყველა რისკი მომწოდებლის პასუხისმგებლობაა. განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ტრანსპორტირების თანხები წარმოადგენს საქონლის ღირებულების შემადგენელ ნაწილს და არა დამოუკიდებელ მომსახურებას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში შემოწმების მიერ არასრულად არის გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. კერძოდ, შემოწმების მიერ ჩასათვლელ თანხებში ასახულია 1 022 895 ლარი, მაშინ როდესაც ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტებით ჩასათვლელი თანხა შეადგენს 1 038 699 ლარს. ითხოვს ჩასათვლელი თანხების გაზრდას 15 804 ლარით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლი11 ივლისის №16469 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27568 ბრძანება და ამავე თარიღის №002-240 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 75 856 ლარი, ჯარიმა 34 340 ლარი, საურავი 21 775 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 18 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 2 ნოემბერს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო ინვენტარით ვაჭრობა და ასევე სამშენებლო საქმიანობის წარმოება. პირი ძირითადად ახორციელებს იმპორტს ------- და რეალიზაციას ახდენს ------- ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენს 5 715 334 ლარს. ვინაიდან შემოწმების პროცესში წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და არ ხდება ოპერაციების დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო 16 კატეგორიად და დოკუმენტურ რეალიზაციაზე გაანგარიშდა თვითღირებულება. საწყისი და საბოლოო ნაშთის, შეძენების და დოკუმენტური თვითღირებულების გათვალისწინებით განისაზღვრა საცალო რეალიზაციის თვითღირებულება, კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი- 2021 წელს -4.8%; 2022 წელს - 8% და 2023 წელს - 13.72%. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესამაბისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგი ბრუნვა 6 010 588 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 5 796 028 ლარისა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლის, ფულის ნაშთის, წარმოდგენილი დებიტორკრედიტორების და დამფუძნებლის შენატანის, ასევე ახსნა-განმარტების გათვალისწინებით გაანგარიშდა განკარგვადი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა ანგრიშვალდებულ პირზე, გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შპს „-------“ ------- საქართველოში ტვირთის გადაზიდვის მიზნით იყენებს არარეზიდენტი ფიზიკური პირების მომსახურებას, რომლებიც გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ არის დაბეგრილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით და შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურებაზე, რომელიც შეადგენს 115 950 დოლარს (მომსახურების ღირებულება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით შეადგენს 349 789 ლარს, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 34 979 ლარს), პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების პროცესში წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდებოდა ოპერაციების დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად. შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის, ფულის ნაშთის, წარდგენილი დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების, დამფუძნებლის შენატანისა და ახსნა-განმარტების გათვალისწინებით გაანგარიშდა განკარგვადი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა ანგრიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

იმის გათვალისწინებით, რომ სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ასევე, არ ხდებოდა ოპერაციების დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის ანგრიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, კერძოდ, ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს ,,-------“ ახდენს საქონლის იმპორტს -------. შეძენა ხორციელდება CFR; CTP და CIP -პირობებით, ინვოისში ასახულია საქონლის ღირებულება და ასევე ტრანსპორტირების ღირებულება. თითოეულ ინვოისზე წარდგენილია მიმწოდებელთან შედარების აქტი, რომლითაც ფიქსირდება, რომ საქონლის ღირებულება გადახდილია სრულად, ხოლო ტრანსპორტირების თანხაზე არ არის თანხის მიღება დადასტურებული. ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე წარდგენილია სალაროს გასავლის ორდერები, სადაც შინაარსში მითითებულია ------- ტრანსპორტირების საფასური და თანხა გაცემულია ფ.პ-ზე, რომლებიც აწერენ ხელს. ფულის მოძრაობისას გადახდილ თანხებში გათვალისწინებულ იქნა ინვოისებიდან საქონლის ღირებულებები, ხოლო ტრანსპორტირებებზე გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაზეც კომპანიამ წარადგინა გადახდის დამადასტურებელი სალაროს გასავლის ორდერები. გადაზიდვის ღირებულებები შეადგენდა 398 633 ლარს, საიდანაც 314 810 ლარის მომსახურებაზე წარდგენილ იქნა სალაროს გასავლის ორდერები და ჩაითვალა ფულის მოძრაობაში, ხოლო 83 823 ლარის მომსახურებაზე ვერ/არ იქნა წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქონლისა მომწოდებელიც არ აღიარებს აღნიშნული თანხის მიღებას) და არ იქნა ჩართული ფულის მოძრაობაში (არ დააკლდა განკარგვადი ფულის ნაშთს).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე შემდეგი განაკვეთებით:

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, კომპანია ------- საქართველოში ტვირთის გადაზიდვის მიზნით იყენებს არარეზიდენტი ფიზიკური პირების მომსახურებას, რომელიც გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ არის დაბეგრილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით და შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურება დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, სადაც მიუთითებს, რომ კომპანია არარეზიდენტებისგან საქონელს ყიდულობს „-------” და „-------” პირობებით. აღნიშნული პირობები კი მითითებულია ყველა საბაჟო დეკლარაციაში და ინკოტერმსის ამ პირობებით ტვირთზე ყველა რისკი მომწოდებლის პასუხისმგებლობაა. განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ტრანსპორტირების თანხები წარმოადგენს საქონლის ღირებულების შემადგენელ ნაწილს და არა დამოუკიდებელ მომსახურებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებულ №2507 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომლითაც განსაზღვრულია საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების გადაზიდვის პირობები და გაწეული მომსახურების (ინკოტერმსის პირობების შესაბამისად) გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, სადაც მიუთითებს, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში შემოწმების მიერ არასრულად არის გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩასათვლელ თანხებში ასახულია 1 022 895 ლარი, მაშინ როდესაც ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტებით ჩასათვლელი თანხა შეადგენს 1 038 699 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის გადახდილ თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში შემოწმების მიერ არასრულად არის გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო ინვენტარით ვაჭრობა და ასევე სამშენებლო საქმიანობის წარმოება. პირი ძირითადად ახორციელებს იმპორტს. ვინაიდან შემოწმების პროცესში წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და არ ხდება ოპერაციების დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო 16 კატეგორიად და დოკუმენტურ რეალიზაციაზე გაანგარიშდა თვითღირებულება. საწყისი და საბოლოო ნაშთის, შეძენების და დოკუმენტური თვითღირებულების გათვალისწინებით განისაზღვრა საცალო რეალიზაციის თვითღირებულება, კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგი ბრუნვა და პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმდა.

არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლის, ფულის ნაშთის, წარმოდგენილი დებიტორკრედიტორების და დამფუძნებლის შენატანის, ასევე ახსნა-განმარტების გათვალისწინებით გაანგარიშდა განკარგვადი ფულის ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა ანგრიშვალდებულ პირზე, გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2. მომჩივანი საქართველოში ტვირთის გადაზიდვის მიზნით იყენებს არარეზიდენტი ფიზიკური პირების მომსახურებას, რომლებიც გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ არის დაბეგრილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით და შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმდა.

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მეორე და მესამე სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 134; 154; 159; 163; 175; 176;