გადაწყვეტილება №19316/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19316/2/2023
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19316/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №011-2022-233247 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1814 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №011-2022-233247 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
აღნიშნული ბრძანება 22.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.02.2023 წლის №1814 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტავს, რომ ვინაიდან მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 5.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით 2022 წლის აგვისტოში მიზნობრივი დანიშნულებით აუქციონზე შეიძინა 370 მ2 მიწის ნაკვეთი ---------- ქუჩის მიმდებარედ. მას სურდა ავტოფარეხისა და დამხმარე სათავსოების აშენება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა მერიამ არ მისცა საშუალება. ამჟამად მის კუთვნილ მიწაზე გაშენებულია სკვერი. ოცდაერთი წელია დაკარგული აქვს მიწაზე საკუთრების უფლება. არის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და პატრონობს ინვალიდ შვილს. არ აქვს მატერიალური სახსრები რომ საკუთრებაზე, რომლითაც არ უსარგებლია გადაიხადოს გადასახადები.
მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის №1814 ბრძანების გაუქმებას, ანგარიშიდან ჩამოწერილი 472 ლარის უკან დაბრუნებას მის საბანკო ანგარიშზე. თვლის, რომ საურავთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შეტყობინების საშუალება, რომ გადამხდელს ეცნობოს დავალიანების დარიცხვის შესახებ. უსამართლობად მიაჩნია მოსახლეობის კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ვალდებული პირის საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
2. პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ პირს ელექტრონულად ეგზავნება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 5.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 472.49 ლარის ოდენობით, რაც საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილია 5.12.2022 წლის №011-2022-233247 საინკასო დავალების საფუძველზე. შედეგად ვალის მართვის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №011-2022-248336 ბრძანებით გაუქმდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს საინკასო დავალების გამოცემის თარიღისათვის, 5.12.2022 წლისთვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განცხადებით 2022 წლის აგვისტოში მიზნობრივი დანიშნულებით აუქციონზე შეიძინა 370 მ2 მიწის ნაკვეთი ჩიქოვანის ქუჩის მიმდებარედ. მას სურდა ავტოფარეხისა და დამხმარე სათავსოების აშენება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა მერიამ არ მისცა საშუალება. ამჟამად მის კუთვნილ მიწაზე გაშენებულია სკვერი. ოცდაერთი წელია დაკარგული აქვს მიწაზე საკუთრების უფლება. მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის №1814 ბრძანების გაუქმებას, ანგარიშიდან ჩამოწერილი 472 ლარის უკან დაბრუნებას მის საბანკო ანგარიშზე. თვლის, რომ საურავთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შეტყობინების საშუალება, რომ გადამხდელს ეცნობოს დავალიანების დარიცხვის შესახებ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს საინკასო დავალების გამოცემის თარიღისათვის, 5.12.2022 წლისთვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1„ე“); 243(1).