ბრძანება N 11359

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.05.2023
№ დოკუმენტი 11359
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11359

23.05.2023

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე --------------ის (პას/ნ -----------)

(მის: ქ. ---------- ----------)

2023 წლის 1 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ------- ------ -ის (პას/ნ ---------- ) №74008/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №EL204345 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ -----ის კონტროლის ზონაში შევიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით სომხეთის სახელმწიფო ნომრებით. გადაადგილებდა ტვირთს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით. საპასპორტო რეგისტრაციის შემდგომ მოხდა ტვირთის აწონვა, რა დროსაც მისი მოსაზრებით, დაშვებულ იქნა შეცდომა და მებაჟემ ჩათვალა, რომ სახეზე იყო არადეკლარირებული საქონელი 290 კგ და დააჯარიმა. მოითხოვა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების თავიდან აწონვა, თუმცა უშედეგოდ და იძულებული იყო გაეგრძელებინა გზა სომხეთის მიმართულებით. გადაიხადა ჯარიმა, ვინაიდან ვერ შეძლებდა ქვეყნის დატოვებას. სოხეთის საზღვარზევე მოითხოვა სატვირთოს აწონა, სადაც მანქანის და მისაბმელის წონა დაფიქსირდა 39660 კგ. მისი მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ არ ქონდა არადეკლარირებული საქონელი და დაჯარიმება მოხდა შეცდომის გამო. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში -------ს მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ------- ---------ს (--------- -----------, პასპ. №--------------) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (სომხეთის სახელმწიფო ნომრით -------/--------). თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ------------ სომხეთის მიმართულებით გადაიზიდებოდა საქონელი. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში არსებულ სასწორზე აწონვის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდებოდა 290 კგ. არადეკლარირებული საქონელი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირი ------ -----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით არადეკლალირებული საქონლის შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა №EL204345 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნულ ავტომობილს აწონვის შედეგად გამოუვლინდა ზენორმატიული წონა 160 კგ. რაზედაც 2023 წლის 28 მარტს შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით №AL042780 ოქმი. საჩივარი წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით, სადაც წარდგენილია 2023 წლის 27 აპრილს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი მისი მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადააადგილებდა ტვირთს -------დან სომხეთის მიმართულებით. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისას ავტომობილის აწონვის შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი 290 კილოგრამი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით არადეკლალირებული საქონლის შემოტანას. რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-4 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ სოხეთის საზღვარზე მოითხოვა სატვირთოს აწონა, სადაც მანქანის და მისაბმელის წონა დაფიქსირდა 39660 კგ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. შემოსავლების სამსახურისთვის უცნობია, თუ სად, რა ვითარებაში და რა გარემოებაში მოახდინა მომჩივანმა ტვირთის ხელმეორედ აწონვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.------ ------------ის (პას/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივანი მისი მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადააადგილებდა ტვირთს ------- სომხეთის მიმართულებით. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისას ავტომობილის აწონვის შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი 290 კილოგრამი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით არადეკლალირებული საქონლის შემოტანას. რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-4 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

5; 6; 13; 70; 163 (1); 168 (4).