ბრძანება N 10016
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10016
05.05.2023
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2022 წლის 13 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18325/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 13 ივნისის №71592/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მაისის №005-69 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კონტროლირებული ოპერაციის შეფასებისას საგადასახადო შემოწმების მიერ 2019 წლის ფინანსური ზარალის შესწორების და კომპანიის დამფუძნებლისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების დაკორექტირების საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა გადამხდელის არგუმენტები. მომჩივანი განმარტავს, რომ საოპერაციო მოგების დაბალი მაჩვენებელი, რომელიც კომპანიას უფიქსირდება 2019 წელს, გამოწვეულია საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდით და არა კონტროლირებულ ოპერაციაში სმფ-ებზე დადგენილი მაღალი ფასით. ამასთან აღნიშნავს, რომ შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ უნდა განხორციელებულიყო ე.წ. საბრუნავი კაპიტალის შესწორება. მისი განმარტებით, შემოწმების შედეგები წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპთან, რომელიც შესაბამისი შემთხვევების დადგომისას, პირდაპირ მიმართვას ახორციელებს OECD-ის სახელმძღვანელო მითითებებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №8262 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2022 წლის 24 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „--ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტაციისა და შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №8262 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 20 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 58 570 ლარით, მათ შორის, გადასახადი 39 047 ლარით და ჯარიმა 19 523 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 23 მაისის №005-69 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28156 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28156 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მისთვის უცნობია საბრუნავი კაპიტალის შესწორებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტები რატომ არ იქნა სრულად გათვალისწინებული და ხომ არ ახდენს აღნიშნული გარემოება დარიცხულ თანხებზე გავლენას, არ არის დეტალებში ჩახედული, თუ რის მიხედვით განხორციელდა გადაანგარიშება და შესაბამისად, არ არის დარწმუნებული, რომ სრულად არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ გადამხდელის არგუმენტაცია და მოთხოვნები გათვალისწინებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, შესწორდა კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი - საოპერაციო მოგების მარჟის ოდენობა გაიზარდა 0,21%-მდე, რამაც გამოიწვია კორექტირების თანხის ოდენობის ცვლილება და შესაბამისად, შემცირდა შემოწმებით დარიცხული მოგების გადასახადი.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ:
ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში;
ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
2. პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, თუ:
ა) იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50 პროცენტზე მეტს;
ბ) იგი პრაქტიკულად ახორციელებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებების კონტროლს.
4. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ფაქტორებს, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას იმის განსაზღვრისას, შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის:
ა) გონივრულად ზუსტი შედარებადობის შესწორების შეტანის საკითხი განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შედარებადობის შესწორება გაზრდის შედეგების საიმედოობას ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით:
ა.ა) იმ განსხვავების არსებითობა, რომლისთვისაც შედარებადობის შესწორების შეტანა განიხილება;
ა.ბ) შედარებადობის შესწორებას დაქვემდებარებული მონაცემების ხარისხი;
ა.გ) შედარებადობის შესწორების შეტანის მიზანი;
ა.დ) შედარებადობის შესწორების შესატანად გამოყენებული მიდგომის საიმედოობა.
ბ) გონივრულად ზუსტი შედარებადობის შესწორება შეიძლება მოიცავდეს:
ბ.ა) შედარებადობის შესწორებებს ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისობისათვის, რომლებიც შემუშავებულია კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებთან მიმართებით განსხვავებული ბუღალტრული პრაქტიკის გამოყენების შედეგად მიღებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად;
ბ.ბ) ფინანსური მონაცემების სეგმენტაციას მნიშვნელოვანი არაშედარებადი ოპერაციების გამოსარიცხად;
ბ.გ) შედარებადობის შესწორებებს კაპიტალში, ფუნქციებში, აქტივებში, რისკებში არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად;
ბ.დ) შედარებადობის შესწორებებს გეოგრაფიულ ბაზრებს შორის არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო იყო ორი თემა, რომელთაგან ერთი - ტექნიკური შეცდომის გასწორების ნაწილში გათვალისწინებულ იქნა, კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე საოპერაციო მოგების მარჟის ოდენობა გაიზარდა და შემცირდა დარიცხული თანხები, ხოლო მეორე თემაა ე.წ. „საბრუნავი კაპიტალის შესწორება“, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ტრანზაქციის პირობების საბაზრო პრინციპებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ დედა კომპანიისაგან ყიდულობს საქონელს და ყიდის, თუმცა განსაკუთრებული პირობით - დედა კომპანიასთან შეუძლია დაახლოებით ერთ წლიანი გადახდის პირობით იმუშაოს, ერთი წელი არ ახორციელებს ანგარიშსწორებას და შეიძლება ითქვას, რომ უკეთეს პირობებშია, ვიდრე სხვა შესადარებელი კომპანია.
გადამხდელმა ასევე აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის ამჟამინდელი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული საგადასახადო შემოწმებაში თავდაპირველად. ამდენად ითხოვს, სადავო საკითხის ხელახალ შესწავლას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №8262 ბრძანება.
ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კონტროლირებული ოპერაციის შეფასებისას საგადასახადო შემოწმების მიერ 2019 წლის ფინანსური ზარალის შესწორების და კომპანიის დამფუძნებლისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების დაკორექტირების საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მისთვის უცნობია საბრუნავი კაპიტალის შესწორებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტები რატომ არ იქნა სრულად გათვალისწინებული და ხომ არ ახდენს აღნიშნული გარემოება დარიცხულ თანხებზე გავლენას, არ არის დეტალებში ჩახედული, თუ რის მიხედვით განხორციელდა გადაანგარიშება და შესაბამისად, არ არის დარწმუნებული, რომ სრულად არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება''.
გადაწყვეტილება
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2) ; 126 (1,4); 127 (2-7); 128 (2); 73 (9); 97 (1); 981 (4); 43 (4).