გადაწყვეტილება №19403/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19403/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 12.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19403/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5609 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო შპს ,,---“ (ს/ნ ---), როგორც თავდების, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 16 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს „---“ (ს/ნ ---) (2020 წლიდან ახალი სახელწოდებით შპს „---“ (ს/ნ ---) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 30 აგვისტო. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 30.08.2019 წ. ამავე ამონაწერის თანახმად №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდება შპს „---“-ს (ს/ნ ---) (2020 წლამდე სახელწოდებით შპს „---“ (ს/ნ ---) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №--- შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №---ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 25 ოქტომბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შეთანხმება ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, დამოწმების თარიღი: 22.10.2021 წ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ამავე ამონაწერის თანახმად №---- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ დაფიქსირდება შპს „---“-ს (ს/ნ ---) (2020 წლამდე სახელწოდებით შპს „---“ (ს/ნ ---) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №--- შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. მომჩივანმა 2020 წლის 16 აპრილის №--- შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.03.2023 წლის №5609 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით და მიიჩნია, რომ უძრავი ქონების (ს/კ №---) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 7 აპრილს შპს ---ს (ს/ნ ---) დაუმტკიცდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (ID:--- გადაწყვეტილება).
ამავდროულად, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ---ს შორის გაფორმებულ იქნა №--- ხელშეკრულება თავდებობის შესახებ, რომლითაც თავდებმა, შპს ---მ იკისრა შპს ---ს საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე, დადგენილ ვადაში, არ გადაიხდიდა დაკისრებულ თანხას/სანქციას.
თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 215 333.27 ლარით. შპს ---მ დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმება, თუმცა 2020 წლის 25 აგვისტოს ID:--- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მას მეორედ გაუფორმდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე შეთანხმება. ამ უკანასკნელის ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოამზადა ახალი თავდებობის ხელშეკრულება, 2020 წლის 25 აგვისტოს №--- შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს, არა შპს ---ის, არამედ შპს ---ს წარმომადგენელი ფ/პ ---. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის პირველი სექტემბრის მინდობილობითაც დგინდება, რომ ფ/პ --ს მხოლოდ შპს ---ს სახელით მოქმედების უფლება ჰქონდა მინიჭებული. მოგვიანებით, შპს ---მ აღნიშნული შეთანხმებაც დაარღვია. თუმცა 2021 წლის 17 აგვისტოს შპს ---ს და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის №--- განკარგულების საფუძველზე, გაფორმებულ იქნა საგადასახადო შეთანხმება №---, რომლითაც დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 126 151.71 ლარით. თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დაეკისრებოდა არა მხოლოდ სრული დავალიანების დაფარვა, არამედ საკმაოდ სოლიდური სანქცია. რაც შეეხება შპს ---ის ნებას, მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისას, ისევე როგორც წინამორბედი 2020 წლის 25 აგვისტოს თვის თავდებობის შეთანხმების შემთხვევაში, არ ყოფილა გამოხატული. ამდენად, შპს---ს თანხმობა, შპს ---ს დავალიანების გადახდის თაობაზე, გამოხატული იქნა მხოლოდ 2020 წლის 7 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს. ამ მომენტიდან გასულია თითქმის სამი წელი და ამ სამი წლის განმავლობაში შპს ---ის ინფორმირება და მისი პოზიციის დაფიქსირება, შპს ---ს საქმიანობის, დავალიანების ოდენობის, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და პირობების, სანქციების, საურავების და სხვათა თაობაზე, არავის მოუხდენია. თუკი მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, შპს --- მაინც თავდები იყო (რაც რა თქმა უნდა, ასე არ ყოფილა), შესაძლოა მას მზადყოფნაც კი გამოეხატა მითითებული თანხის დასაფარად 2021 წლის ბოლომდე, რათა შემდგომ არ წარმოშობოდა სამჯერ მეტი თანხის გადახდის ვალდებულება, როგორც თავდებს. მისთვის, არც შეუთავაზებიათ ამ თანხის გადახდა, შესაბამისად, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, შპს --- არ წარმოადგენს სხვა პირის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირს. ამასთან, ვინაიდან, №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი შპს ---ის მიერ გასხვისებული იქნა შპს ---ზე ამდენად, სადავო აქტები ეხება შპს --ის საკუთრებაში არსებულ ქონებას და აქედან გამომდინარე, ზიანს აყენებს კომპანიის ინტერესებს. მომჩივანი ითხოვს №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე გავრცელებული საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მოხსნას და შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5609 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად ფიქსირდება მომჩივანი. აღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე ახალი მფლობელის მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ვინაიდან, მომჩივანი უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა აღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შემდეგ, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების არსებობის და თანმდევი რისკების შესახებ.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის (მომჩივანის) ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 239; 241; 242.