გადაწყვეტილება №23667/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23667/2/2024
26 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 6.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23667/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №CB1628902 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №CB1628903 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16963 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 641,92 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 41 829,42 (მუხლი - 286.9)
ჯარიმა - 32 812,5 (მუხლი - 286.4)
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილის ნაწილებითა და აქსესუარებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 2 ნოემბერს. მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის №27364 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 418 294,16 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი და 65 625 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე სასაქონლომატერიალური ფასეულობები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №CB1628902 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა
41 829,42 ლარის ოდენობით, ხოლო აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის გამო, 27.05.2024 წლის №CB1628903 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 32 812,5 ლარი.
ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.07.2024 წლის №16963 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა ხდება საქართველოში, ასევე ხშირ შემთხვევაში ახორციელებს ცალკეული საქონლის შეძენას (გამოწერას) უცხოეთიდან ელექტრონული სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით. აღნიშნული საქმიანობა არც თუ დიდი ხნის დაწყებული აქვს და ინვენტარიზაციით გამოვლენილი დარღვევები გამოწვეულია მხოლოდ მისი გამოუცდელობით დაშვებული შეცდომებით. მის მიერ საქმიანობის პროცესში სხვადასხვა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმებიდან საქონლის გამოწერისას ცალკეულ შემთხვევებში იყენებდა ამ პლატფორმებზე დარეგისტრირებული მისი ოჯახის წევრების პროფილებს. სწორედ ასეთი წესით გამოწერილი და შეძენილი საქონელი ჩაეთვალა აღურიცხავად, რასაც არ ეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოუცდელობის გამო საქონლის ნაწილის შეძენა მომხდარია მისი ოჯახის წევრების სახელით, ყველა ამ შეძენაზე აქვს შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია და ასევე, ყველა ამ შეძენაზე თანხა გადახდილია მისი საბანკო ანგარიშიდან, რაც ასევე მარტივად დასტურდება საბანკო ამონაწერებით. გამომდინარე აქედან, უნდა მოხდეს აღნიშნული წესით შეძენილი საქონლის გათვალისწინება შესაბამისი დოკუმენტალური მტკიცებულებების საფუძველზე და შემცირდეს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული სანქციის თანხა.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმებიდან ხშირად იწერს სხვადასხვა პროდუქციას არა ეკონომიკური საქმიანობისათვის (პირადი მოხმარების მიზნით). სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო ნაშთის გაანგარიშებისას ასეთი შეძენების ნაწილიც ჩათვლილია სამეწარმეო საქმიანობისათვის შეძენილ საქონლად, რაც ასევე ექვემდებარება გადაანგარიშებას. მომჩივანი აგრეთვე განმარტავს რომ დანაკლისთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს არგუმენტებს საჩივრის განხილვამდე.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის №16963 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №CB1628902 და №CB1628903 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, მოახდინოს ოქმებით დაკისრებული სანქციების გადაანგარიშება მის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.
ამავე წესის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ფაქტობრივი აღრიცხვა ერთი დღის განმავლობაში არ მთავრდება, ის სათავსი, სადაც სმფ-ები ინახება, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სამუშაო დღის დასრულებისას, ილუქება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რაზედაც დგება დალუქვის ოქმი საინვენტარიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით. ლუქი, ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ინახება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, მარაგების მართვის ქეისმენეჯმენტის პროგრამის 2023 წლის 3 ნოემბრის №125382 დავალების საფუძველზე (III პროცედურა), 2023 წლის 7 ნოემბერს გამოცემული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ №27364 ბრძანებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და ---------- სამმართველოს მთავარი ოფიცრების მიერ მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 2023 წლის 7 ნოემბერს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა.
რციელებს შემდეგ მისამართზე: ------------. მან განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული აქვს მხოლოდ ზემოაღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნია. ასევე განაცხადა, რომ მის ობიექტებში არ ინახება სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ნოემბრის №27364 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა წერილობითი ფორმით განსაზღვრა თავისი წარმომადგენლები საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში –----------- (პ/ნ------------) და ----------- (პ/ნ ---------------).
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა „სასაქონლომატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ“ ოქმში (დანართი №16). 2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 357152 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი №19– ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ასევე „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი №21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ, დადგინდა აღურიცხველი სმფ–ების რაოდენობა სასაქონლო დასახელებების მიხედვით. აგრეთვე, ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება (დანართი №21–ის მე–6 სვეტის ჯამი), რომელმაც შეადგინა 223 591.43 ლარი.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის I და II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2020 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (7 ნოემბერი 2023 წელი);
საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 0 ლარი;
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება – 703915.97 ლარი. მათ შორის: ელ. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ები - 362906.2 ლარი (გარდა პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი სამშენებლო მასალებისა); საფოსტო გზავნილებით განხორციელებული ონლაინ შესყიდვა/იმპორტი (გარდა პირადი ნივთებისა) – 107911.3 ლარი; მცირე ბიზნესის ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით შეძენილი სმფ-ები - 41126 ლარი; იმპორტირებული ავტომობილები - 191972.47 ლარი. ამასთან, ორი ერთეული ავტომობილი (--------------) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ირიცხებოდა მის სახელზე და განკუთვნილი იყო სარეალიზაციოდ, ხოლო 6 ერთეული (-------------) სსიპ „შსს მომსახურეობის სააგენტო“-დან გაცემული ცნობების მიხედვით, ჩამოწერილია სხვადასხვა დროს. აღნიშნული ავტომობილების პირვანდელი ღირებულების დასადგენად აღებულ იქნა საბანკო ქვითრებში დაფიქსირებული თანხები ეროვნულ ვალუტაში, რომელიც გადახდილია ავტომობილების შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი ავტომანქანის VIN კოდების მიხედვით;
2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა ბრუნვები შესაბამისი თვეების მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით - 200979 ლარი;
2023 წლის 1–7 ნოემბრის ჩათვლით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 2555 ლარი, საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდის მონაცემებისა (10 ლარი) და საბანკო ტერმინალის მონაცემების მიხედვით (2545 ლარი);
სულ მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა - 203534 ლარი (200979+2555);
ფასნამატად აღებულ იქნა 29.46% ((228527-176529,44)/176529,44*100%). მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების (სულ - 412 დასახელების) საბაზრო ღირებულება (228527 ლარი) და შეძენის ჯამური ღირებულება (176529.44 ლარი). ანგარიშიდან გამორიცხეს ის დასახელებები, რომელთა შეძენის ღირებულება იყო უცნობი.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 7 ნოემბერი), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19-ის I ცხრილის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა - 546698.3 ლარი (0+703915,97-(203534/1,2946)). საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22-ის I ცხრილი (პროექტი) – დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 65625 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული იქნა დანართი №22-ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი №19-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 323106.87 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (29.46% ფასნამატის გათვალისწინებით) – 418294.15 ლარი (323106.87*1,2946).
ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2024 წლის 7 მარტს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის I და II ცხრილები) პროექტით. გადასახადის გადამხდელმა შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა პოზიცია ოქმის პროექტის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ წარმოადგენდა ოქმის პროექტით აღურიცხავად მიჩნეული სმფების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და აღნიშნულის საფუძველზე მოითხოვა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება აღურიცხაობის ნაწილში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია დააკმაყოფილა ნაწილობრივ და 2024 წლის 27 მარტის №21 სხდომის ოქმით დაავალა გადასახადის გადამხდელს სმფ-ების საკუთრების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო ოფიცრებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობისას ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. ი/მ -----------
(ს/ნ -----------) ვერ შეძლო პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სმფ-ების შეძენის ფაქტი, ამიტომაც არ მომხდარა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება/შემცირება.
მომჩივანს მისი არგუმენტაციის დასადასტურებლად დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა გააჩნდა, როგორც მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის შედეგად ასევე შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე, თუმცა დოკუმენტაცია არ წარდგენილა არც მედიაციის და არც საჩივრის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი დოკუმენტაცია მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის. შესაბამისად, მომჩივნის განმარტება, რომ ერთ შემთხვევაში საქონელი მის მიერ შეძენილი იყო ახლობლებისთვის უბრალოდ მისი ანგარიშის გამოყენებით, ხოლო, მეორე შემთხვევაში ის პირადი საჭიროებისთვის იძენდა გარკევეულ საქონელს საბჭოს არ მიაჩნია სარწმუნოდ.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია დააკმაყოფილა ნაწილობრივ და 2024 წლის 27 მარტის №21 სხდომის ოქმით დაავალა გადასახადის გადამხდელს სმფ-ების საკუთრების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო ოფიცრებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობისას ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება.
მომჩივანმა ვერ შეძლო პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სმფ-ების შეძენის ფაქტი, ამიტომაც არ მომხდარა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება/შემცირება.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 70(1);8(11);286(4,9);