ბრძანება N 26124
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26124
24 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ---)
(მის.: ---) 2023 წლის 6 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №109) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №83955/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №CB1528906 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ განუმარტა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს იმის თაობაზე, რომ არ მუშაობდა, მაინც სთხოვეს სამუშაო ადგილის გახსნა, რის გამოც დატოვა პირადი საქმე. ამასთან, მისივე განცხადებით, ზოგადად ის თანხას იღებს სამუშაოს დასრულების შემდეგ. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 02.10.2023 წლის №24166 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის დროსაც შეთავაზებულ იქნა 100 ლარის ღირებულების ავტომანქანის კარის შეღებვა ("ავტომანქანის კარის შეღებვა" 1 სხვა x 100 ლარი). საკონტროლო შეთავაზების დროს დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა), რისთვისაც გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა 2023 წლის 4 ოქტომბრის №CB1528906 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევა წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი;
ობიექტის ფუნქციონირება სსა-ის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:
ა) პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა;
ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე;
გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
დ) სსა-ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადასახადის გადამხდელის (გარდა ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის დამქირავებელი ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ი/მ ---თან (ს/ნ ---) 2023 წლის 4 ოქტომბერს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. ადგილზე მონაცემების შესწავლისას დადასტურდა, რომ ი/მ --- (ს/ნ ---) საქმიანობას ახორციელებს ---ის მუნიციპალიტეტში - ---; საქმიანობის სფეროა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი; გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აქტიური სტატუსი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საკონტროლო შეთავაზების დროს დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა), რისთვისაც გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა 2023 წლის 4 ოქტომბრის №CB1528906 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 259; 269; 270; 281.