გადაწყვეტილება №22018/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.04.2025
№ დოკუმენტი 22018/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22018/2/2024

25 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22018/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა კურსთაშორის სხვაობით მიღებული თანხის ჩათვლით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №094-85 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33874 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 742 028,92 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 431 668

ჯარიმა - 143 065

საურავი - 167 295,92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი.

გადასახადის გადამხდელი ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება ------ ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 50%-ის გადახდა ხდება ლარში, 30%-ის - დოლარში, ხოლო 20%-ის ევროში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით. დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის, საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს (ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს - უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება ორ ვალუტაში განხორციელებულად). ამასთან, კომპანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგები ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ოპერაციის განხორციელების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით.

შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 161-ე, მე-8 და 73-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №094-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33874 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და მე-2 მუხლებზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, მე-8 და 43-ე მუხლებზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება ------- ბანკის მიერ. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 50%-ის გადახდა ხდება ლარში, 30%-ის - დოლარში, ხოლო 20%-ის ევროში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით. დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის, საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში და საწარმოს კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს - უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება ორ ვალუტაში განხორციელებულად. ამასთან, პირი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით. შედეგად, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, შპს ------ (ს/ნ -----) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №------ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩამოყალიბებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით წარმოჩენილია, რომ აღნიშნულ სამშენებლო კონტრაქტს ჰყავს მხოლოდ ორი მხარე: პირველი - კომპანია და მეორე, გზების დეპარტამენტი და სხვა არცერთ მხარეს არ მოუხდენია გავლენა ხელშეკრულებაში ჩადებულ პირობებსა და დათქმებზე. აგრეთვე, ძალიან ზედაპირულად არის შეფასებული პროექტების ანაზღაურების პრინციპი, რასთან დაკავშირებითაც მხოლოდ ნახსენებია, რომ მომსახურების 50%-ის გადახდა ხდება ლარში, 20%-ის ევროში და 30%-ის აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ შემოწმებისას არ არის გაანალიზებული და შესაბამისად, აქტში არსად არის მითითებული თუ საიდან მოვიდა აღნიშნული პროპორციები, ფიქსირებული კურსი და ის თუ რატომ შეთანხმდნენ აღნიშნულ და არა განსხვავებულ პირობებზე მხარეები. შემოწმების აქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით, ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულმა ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად შესწავლამ გამოიწვია შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორი შეფასების და დასკვნის გამოტანა და შესაბამისად, არამართლზომიერი დარიცხვა. თუ დავუშვებთ, რომ კონტრაქტი, მიღება-ჩაბარება და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება არის უცხოურ ვალუტაში, მაშინ, რა თქმა უნდა, კომპანია თვითონვე მოახდენდა მის დეკლარირებას როგორც შემოწმების აქტშია ასახული, თუმცა ფაქტობრივი გარემოებები არის აბსოლუტურად განსხვავებული და კონტრაქტი, მიღება-ჩაბარება და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება არის სრულად ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად, კომპანია წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას. აღნიშნულ პროექტზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სატენდერო მოწვევები, რომელშიც სხვა პირობებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ საერთაშორისო ტენდერები ჩატარდებოდა ------- ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად. სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა მრავალ პუნქტს, მათ შორის: მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, რომ პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა მოეხდინათ ლარში (დანართი 1 - „------“). ხარჯთაღრიცხვის წარდგენის დროს უნდა გაეთვალისწინებინათ ყველა ვალდებულება, გადასახადები და გადასახდელები, რომლებიც შესაძლოა წარმოშობილიყო გასაფორმებელი კონტრაქტიდან. დანართის სახით წარმოდგენილ ფაილში, ხარჯთაღრიცხვა (------), სამუშაოთა მოცულობები წარდგენილია მხოლოდ და მხოლოდ ლარში, აგრეთვე ამ დოკუმენტში ცალკე პუნქტად გამოყოფილია მთლიანი პროექტის ღირებულების დღგ, რაზეც მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს. უშუალოდ სამუშაო ეტაპების დასრულების შემდგომ ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, სადაც შესრულებული სამუშაოს მოცულობის ღირებულებები ასევე გაწერილია მხოლოდ ლარში. მხოლოდ მიღება-ჩაბარებაში (------) არსებული სამუშაოს მოცულობის და ღირებულების ხარჯთაღრიცხვასთან (------) შესაბამისობის დადგენის შემდგომ ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება გზების დეპარტამენტის მხრიდან. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიასა და დამკვეთს (გზების დეპარტამენტს) შორის შესრულებული სამუშაოს (მომსახურების) მოცულობა განისაზღვრება მხოლოდ ლარში კონტრაქტის, ხარჯთაღრიცხვის (------), მიღება-ჩაბარების (-------) და ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული დოკუმენტების სრული ურთიერთთანხვედრის შემთხვევაში ხდებოდა ანგარიშფაქტურის დადასტურება და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

შემოწმების არგუმენტების გაზიარების შემთხვევაში მივდივართ ლოგიკურ წინააღმდეგობამდე. კერძოდ, დასაბეგრი თანხის შეცვლის (ამ საკითხში - გაზრდის) შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება ასახული უნდა ყოფილიყო შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც დაადასტურებდა ზედამხედველი ინჟინერი (კონტრაქტის თანახმად). აღნიშნული ცვლილება კი კონტრაქტის თანახმად შეუძლებელია.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ გაფორმებულ კონტრაქტში 14.1 პუნქტის („კონტრაქტის ფასი“) თანახმად (დანართი 2 – „14.1“), თუ განსაკუთრებული პირობებით სხვაგვარად არ არის მოცემული: (ბ) კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ყველა გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, რომელთა გადახდაც მას ეკუთვნის კონტრაქტის შესაბამისად და კონტრაქტის ფასი არ უნდა კორექტირდეს რაიმე ასეთი ხარჯის გათვალისწინებისთვის, გარდა 13.7 პუნქტში (კორექტირებები კანონმდებლობის ცვლილებებისთვის) მოცემული შემთხვევებისა (დანართი 3 – „13.7“). კერძოდ, კონტრაქტის 13.7 პუნქტის მიხედვით, კონტრაქტის ფასი უნდა შესწორდეს ქვეყნის კანონმდებლობის (ახალი კანონების მიღების და არსებული კანონების გაუქმების ან მოდიფიცირების ჩათვლით) ან კანონების იურიდიული ან ოფიციალური სამთავრობო ინტერპრეტაციის ცვლილებით გამოწვეული ღირებულების გაზრდის ან შემცირების გასათვალისწინებლად, რომლებიც შეტანილია საბაზისო დღის შემდეგ და გავლენას ახდენენ კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით მისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე. თუ კონტრაქტორს უხდება (ან მოუხდება) დაყოვნება და/ან დამატებითი ხარჯების გაწევა კანონმდებლობის ან ინტერპრეტირებების ასეთი ცვლილებების შედეგად, რომლებსაც ადგილი აქვთ საბაზისო დღის შემდეგ, კონტრაქტორმა უნდა გაუგზავნოს ინჟინერს სათანადო შეტყობინება, რის შემდეგაც უფლება აქვს 20.1 ქვეპუნქტის (კონტრაქტორის პრეტენზიები) შესაბამისად მოითხოვოს: (დანართი 4 - „20.1“) (ბ) ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება, რაც უნდა დაემატოს კონტრაქტის ფასს.

ამ ნაწილში მსჯელობის შედეგად მტკიცდება, რომ: 1. სამშენებლო მომსახურების საკომპენსაციო თანხა განსაზღვრულია სრულად ლარში. ნებისმიერ ოფიციალურ ინფორმაციაში, რაც გამოქვეყნებულია სამთავრობო ვებ გვერდებზე, ფიქსირდება პროექტის ზუსტი ფასი მხოლოდ ლარში; 2. მხარეებისთვის თავიდანვე ცნობილია პროექტის (აგრეთვე მოსალოდნელი გადასახადების) ღირებულება (შესრულებული მომსახურებისთვის მოსათხოვი საკომპენსაციო თანხა), რომლის შეცვლა არ შეიძლება დამატებითი პროცედურების გარეშე; 3. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ფასი შეიცვალა კანონის ინტერპრეტაციის შედეგად ჩაითვლება კონტრაქტის ფასის ზრდად და კონტრაქტორს უჩნდება უფლება, მოითხოვოს დამკვეთისგან ამ ხარჯის ანაზღაურება.

შემმოწმებლის მიერ განხილული საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავალი (მომსახურების 50%- ის გადახდა ხდება ლარში, 20%-ის ევროში და 30%-ის აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით) წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას და არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

კონტრაქტი გაფორმებულია კომპანიასა და გზების დეპარტამენტს შორის. რაც შეეხება მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტს (მაგ. ADB), იგი სახელმწიფოს მოთხოვნით აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად გასცემს სესხს სახელმწიფოზე გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც გაწერილია სახელმწიფოსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში. ფინანსური ინსტიტუტი თავის წილ ანაზღაურებას პირდაპირ ურიცხავს კომპანიას შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიხედვით, კონტრაქტის პირობების შესაბამისად.

განვიხილოთ, რა შინაარსის მატარებელია კონტრაქტში თანხის ნაწილის ანაზღაურება ლარში და ნაწილის ანაზღაურება ვალუტაში გარკვეული ფიქსირებული კურსით. აღნიშნულის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს სავალუტო რისკების დაზღვევა ფინანსური ინსტრუმენტის მეშვეობით, რის საშუალებასაც იძლევა გარიგებაში ჩართული მესამე მხარე, ფინანსური ინტიტუტი. აღნიშნულის დასტურს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:

1. ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილ, ტენდერში მონაწილეობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა, რომ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმებულიყო ---------ის 2010 წლის ივნისში გამოცემული „--------“ მიხედვით (ხელშეკრულების შაბლონი ------);

ზემოაღნიშნულიდან შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ მაგ. ADB, როგორც ფინანსური ინსტიტუტი და ამავდროულად გარიგების ერთ-ერთი მხარე კონტრაქტის მონაწილეებს უდგენს და კარნახობს წესებსა და პირობებს, აგრეთვე ქმნის მექანიზმს და სთავაზობს პროდუქტს, ფინანსურ ინსტრუმენტს, სავალუტო რისკებისგან თავის დასაცავად.

აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები:

1. აღნიშნული კონტრაქტის განხილვა მოხდა ფასს 15-ის მოდელის შესაბამისად: იმისათვის, რათა მოხდეს იდენტიფიცირება არის თუ არა აღნიშნული ხელშეკრულება ფასს 15-ის რეგულაციის სფერო, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ 3 პირობას:

a. ხელშეკრულების იდენტიფიკაცია (ფასს 15, პარ. 9) - აღნიშნული ხელშეკრულება ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, იგი იდენტიფიცირებადია;

b. შესასრულებელი ვალდებულების იდენტიფიკაცია (ფასს 15, პარ. 22) - აღნიშნული ხელშეკრულება აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას;

c. გარიგების ფასის განსაზღვრა (ფასს 15, პარ. 47) - აღნიშნული კონტრაქტის და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღინიშნება ერთი შესასრულებელი ვალდებულება და მასთან დაკავშირებული ფასიც. გარიგების ვალუტა წარმოადგენს ლარს.

შემოსავლებიც გამოიმუშავება ლარში, ამ გამომუშავებულ შემოსავალზე, შესაბამისად ხდება მასთან დაკავშირებული გადასახადების დარიცხვა და გადახდა (დღგ). აქედან გამომდინარე, ფასს 15-ის მიხედვით, მომხმარებლის მიერ დაპირებული ანაზღაურების ოდენობა და გარიგებიდან მისაღები შემოსავალი, ხელშეკრულების პირობებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დენომინირებულია ლარში.

საბოლოოდ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კონტრაქტი შესაბამისობაშია ფასს 15-ის მოთხოვნასთან და კომპანიის გენერირებული შემოსავალი არის ლარში. კომპანიას წარმოეშობა სავაჭრო მოთხოვნა ფინანსური ინსტიტუტის მიმართ, რომელიც თავისი შინაარსით კლასიფიცირდება როგორც ფინანსური ინსტრუმენტი (ბასს 32, პუნქტები 11-14, მაგ. 4). მოთხოვნის გაანგარიშება აღნიშნული კონტრაქტის მიხედვით ხდება სამ ვალუტაში, როგორც ზევითაა ნახსენები.

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტები ექვემდებარება გადაფასებას (ბასს 21, პარ. 8). ამ სტანდარტის მიხედვით, ფინანასური ინსტრუმენტი არის ფულადი მუხლი, რომელიც გადაფასდება და გადაფასების შედეგად წარმოქმნილი მოგება-ზარალი აღიარდება მოგება-ზარალისა და სხვა შემოსავლების ანგარიშში, როგორც გადაფასების შედეგად მიღებული მოგება-ზარალი. საბოლოოდ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საკურსო სხვაობით მიღებული მოგება ან ზარალი არის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მოთხოვნის შედეგად გამოწვეული სხვაობა და შესაბამისად -------ის და --------ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოადგენს ფინანსურ შემოსავალს.

2. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანია არის პირველი კატეგორიის საწარმო და ევალება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (--------) შესაბამისად მომზადებული აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და მმართველობის ანგარიშგება. აღნიშნულის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენილია აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები.

ანგარიშგებაში, რომელიც დადასტურებულია აუდიტორების მიერ, სავალუტო რისკების შემცირების მიზნით, ხელშეკრულების ღირებულების ნაწილის უცხოურ ვალუტაში, ფიქსირებული კურსით გადახდის პირობა შეფასებულია როგორც ფინანსური შემოსავალი.

3. გაუგებარია შემოსავლების სამსახურის ინტერპრეტაცია, რადგანაც კომპანიაში ჩატარებულია სრული საგადასახადო შემოწმება და 2 კამერალური შემოწმება. აღსანიშნავია, რომ შემოწმებულ პერიოდებში იყო ზემოთ განხილული პრინციპით ანაზღაურებული პროექტები, თუმცა შემოსავლების სამსახურს არ განუხილავს აღნიშნული ოპერაციებით მიღებული ფინანსური შემოსავალი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად, არ მომხდარა დღგ-ის დარიცხვა ამ ოპერაციებზე. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.11.2016 წლის გადაწყვეტილება და 20.07.2017 წლის №------- გადაწყვეტილება საჩივარზე (დანართი 5 - „სამინისტროს გადაწყვტილება“). ორივე შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სადავო ოპერაცია დაკვალიფიცირდა როგორც ფინანსური ოპერაცია და არ დაიბეგრა დღგ-ით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით:

1. შემოწმებას ზედაპირულად აქვს შესწავლილი ფაქტობრივი გარემოება, რამაც გამოიწვია შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორი შეფასების და დასკვნის გამოტანა და შესაბამისად, არამართლზომიერი დარიცხვა;

2. კონტრაქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულია ლარში და ყველა დოკუმენტი, რაც ფორმდება მხარეებს შორის ფორმდება ასევე ლარში. სახელმწიფომ წინასწარვე იცის რა ღირებულების აქტივს მიიღებს პროექტის დასრულების შემდეგ, ამიტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია (კონკრეტული რიცხვებით გამოხატული) გამოქვეყნებული აქვს საჯარო საინფორმაციო თუ ოფიციალურ სამთავრობო ვებ-გვერდებზე;

3. ფორმალურად კონტრაქტი გაფორმებულია ორ მხარეს შორის, თუმცა შინაარსობრივად გარიგებას ჰყავს მესამე მხარეც, ფინანსური ინსტიტუტის სახით, რომელიც პროექტის დაფინანსებისთვის ადგენს წინაპირობებს და მოთხოვნებს, რომლებიც უპირობოდ არის შესასრულებელი;

4. ფაქტობრივი გარემოების ნაწილს წარმოადგენს, რომ დონორი ორგანიზაცია სთავაზობს მომსახურების გამწევ კონტრაქტორ მხარეს ფინანსურ მომსახურებას, როცა შემოაქვს ე.წ. დაფიქსირებული კურსის პირობა და შესაძლებლობას აძლევს მხარეს სავალუტო რისკების დასაზღვევად მიიღოს ეს შეთავაზება. ზემოაღნიშნული დასტურდება: აუდირებული ფინანსური ანგარიშგებებით, რომელიც ყოველწლიურად იტვირთება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიციური სპეციალისტების მსჯელობით.

ფინანსური ინსტიტუტი თავის წილ ანაზღაურებას პირდაპირ (და არა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავლით) ურიცხავს კომპანიას, შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიხედვით (-------, ბანკის საგადახდო დავალება, დანართი 6 - „------, ბანკის საგადახდო დავალება“). გადარიცხვა ხორციელდება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში ე.წ. დაბმული კურსის შესაბამისად და მითითებული ანაზღაურება, ზემოთ აღნიშნული მსჯელობისა და არგუმენტაციის შესაბამისად, ითვალისწინებს ფინანსური ინსტიტუტის მიერ პრეტენდენტებისთვის შეთავაზებულ ფინანსურ მომსახურებასაც. შედეგად ჩარიცხული თანხა მოიცავს ორ კომპონენტს:

შესრულებული მომსახურების საზღაურს;

ფინანსური მომსახურების კომპონენტს.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ზემოთ მოყვანილი არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიციის გათვალისწინება, ვინაიდან დარიცხვა გამოწვეულია კანონის ინტერპრეტაციით და გადამხდელისთვის არ შეიძლება წინასწარ ყოფილიყო ცნობილი ამ ინტერპრეტაციის შესახებ, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლდეს დაკისრებული საურავისგან, რომლის დარიცხვაც გრძელდება შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33874 ბრძანების გამოცემის თარიღიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხვა არამართლზომიერია და ექვემდებარება შემცირებას. ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №094-85 საგადასახადო მოთხოვნა შესაბამის შემოწმების აქტთან ერთად და შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33874 ბრძანება დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის №--------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს ------- ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება ------- ფონდის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 50%-ის გადახდა ხდება ლარში, 30%-ის - დოლარში, ხოლო 20%-ის ევროში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით. დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს (ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, აქედან გამომდინარე ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება ორ ვალუტაში განხორციელებულად). ამასთან, კომპანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით. შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 161-ე, მე-8 და 73-ე მუხლების შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება როგორც ლარში, ასევე უცხოური ვალუტაში. კერძოდ, მომსახურების ღირებულების 50%-ის გადახდა ხდება ლარში, 30%-ის - აშშ დოლარში, ხოლო 20%-ის ევროში, გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით. მომჩივანს დამკვეთის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს - უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ ოპერაცია განხილული უნდა იქნას ორ ვალუტაში განხორციელებულად და დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ-ის შემცირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33874 ბრძანებით მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №094-85 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხის ფარგლებში გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე წარმოშობილი საურავისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საკითხის ფარგლებში გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე წარმოშობილი საურავისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა კურსთაშორის სხვაობით მიღებული თანხის ჩათვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ახორციელებს პროექტს, რომელიც ფინანსდება ბანკის მიერ. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების 50%-ის ანაზღაურება ხდება ლარში, 30%-ის - აშშ დოლარში, ხოლო 20%-ის ევროში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით. ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, საწარმოს კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს - უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილება ორ ვალუტაში განხორციელებულად. ამასთან, პირი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას გამოიანგარიშებს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით. შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საკითხის ფარგლებში გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე წარმოშობილი საურავისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:160(ა);161(1ა,ა);159(1);163(2);73(10);