გადაწყვეტილება №23640/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23640/2/2024
30 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 5.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23640/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-299 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2024 წლის №16606 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 27 543,59 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 19 602
ჯარიმა - 5 445
საურავი - 2 496,59
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის ძირითადი საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი საქმიანობას ეწევა 2020 წლიდან, რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ მაღაზიების საშუალებით. საქონელს იძენს შესაბამის ბაზრობებზე ძირითადად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში, იდენტიფიცირებული არაა იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული შეძენილი საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამატებით გამოკვლეული იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსი. ამასთან, მოძიებული იქნა სტატისტიკური მონაცემები ხილ-ბოსტნის და რძის პროდუქტების შესახებ, რის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლინდა დღგის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (2022 წლის დეკემბერი) და შემდგომ პერიოდში რეალიზებული იმპორტირებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-299 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2280 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.05.2024 წლის №22325/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2280 ბრძანება. საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 23.05.2024 წლის №22325/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 12.07.2024 წლის №16606 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 92-ე, 165-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 91-ე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მეწარმის მიერ საქონლის შეძენა ხორციელდება შესაბამის ბაზრობებზე ძირითადად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელმა წარმოადგინა შესყიდვის აქტები, სადაც იდენტიფიცირებული არაა იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული შეძენების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულები. შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა მეწარმის საქმიანობის სპეციფიკა, გამოკვლეული იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსი. ამასთან, მოძიებული იქნა სტატისტიკური მონაცემები ხილ-ბოსტნის და რძის პროდუქტების შესახებ, რის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული იქნა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დარიცხული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ი/მ "-------" საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად არ აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, არ ჰქონდა ნაწარმოები მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსის მიხედვით დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ "-------"-ის საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან მეწარმეს არ ჰქონდა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნის დარღვევა. მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და არ ევალება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში გაკეთებულ აღნიშვნაზე, რომლის თანახმადაც, მეწარმეს ყველა შეძენილ საქონელზე გააჩნია შესყიდვის აქტები. რაც შეეხება, ფიზიკური პირისგან შეძენილი საქონელი იმპორტირებულია თუ ადგილობრივი, ამ საკითხის გარკვევას სჭირდება ექსპერტები და ვინაიდან სტატისტიკური მონაცემების ბაზა დაფუძნებულია შერჩევითობის პრინციპზე, აუდიტორის ანალიზი არამართლზომიერია.
გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ 2022 წელს მიღებული ჰქონდა სომხური ლორი, რომელიც არც წინა და არც მომდევნო წელს არ მიუღია, ვინაიდან არარენტაბელური აღმოჩნდა. სწორედ ამ ლორმა გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი საქონლის სიდიდე 24%-მდე. შემოწმებით აღნიშნული 24% მიყენებულ იქნა 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით მთლიან შემოსავალზე, რამაც გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგომა. ამასთან, არასწორი და გადასახედია აუდიტორის გაანგარიშებებიც.
შემოწმებამ ვერ უზრუნველყო საგადასახდო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა.
გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უშუალო გავლენას ახდენენ გადასახადის გადამხდელის კანონიერ ინტერესებზე. სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული. მართალია რიგ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად.
სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები. გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით. შესაძლებელი იყო მხარეს მიეღო გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციების შესწავლის შედეგად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სადავო ადმინისტრაციული აქტები, გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის (მტკიცებულებების გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში) პირველი ნაწილის მოთხოვნების იგნორირებით, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად ექვემდებარება გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, თუმცა მიუხედავად ზემოაღნიშნული სამართლებრივი არგუმენტებისა არ მიუთითებს გადამხდელის მთელ რიგ უფლებებზე, რაც მდგომარეობს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვაში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლსა და 298-ე მუხლზე. მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული შემოწმების ფარგლებში შემმოწმებელთა მხრიდან ჩამოთვლილ უფლებათაგან არც ერთი არ ყოფილა გამოყენებული კანონშესაბამისად, გაურკვეველია, რა სავარაუდო მოსაზრებებს ემყარება მიღებული შედეგები.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ის, რომ შემოწმებისას შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა გამოიყენეს არაპირდაპირი მეთოდით შემოწმების უფლებამოსილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული უფლებამოსილება წარმოადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას და გამოყენებულ უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესის დაცვის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა.
საგადასახადო ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების საფუძველზე უნდა გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები და შესაბამისად განახორციელოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სათანადო შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირობის არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის ასეთი მიდგომით მიღებული შედეგები არ არის ობიექტური და რელევანტური.
არაპირდაპირი მეთოდის შერჩევისას აუდიტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგ ფაქტორები: დარგი ან ბაზრის სეგმენტი, რომელშიც გადასახადის გადამხდელის საქმიანობს.
ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები - ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებები, საგადასახადო მოთხოვნა, შემოწმების აქტი კანონშეუსაბამოა, შესაბამისად ითხოვს საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
აგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით
ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მიხედვით:
ველი მუხლის მიხედვით:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.
2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.
3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.
4. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.
5. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შესაძლებელია გაიხსნას როგორც ერთ კალენდარულ წელზე, ასევე უვადოდ.
6. კალენდარულ წელზე გახსნილი ჟურნალი იხურება შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღეს.
7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ მაღაზიების საშუალებით. საქონელს იძენს ბაზრობებზე ძირითადად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში, იდენტიფიცირებული არ არის იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული შეძენილი საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამატებით გამოკვლეული იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის მქონე პირების მიერ რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის წილობრივი ბალანსი. ამასთან, მოძიებული იქნა სტატისტიკური მონაცემები ხილ-ბოსტნის და რძის პროდუქტების შესახებ, რის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლინდა დღგის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შემდგომ პერიოდში რეალიზებული იმპორტირებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),80,90,91,100,102.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება.