გადაწყვეტილება №21690/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21690/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21690/2/2023).
დავის საგანი:
დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალის დეკლარირებულთან შედარებით მიღებული სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №127-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31398 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 567 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 42 630
დღგ - 34 984
საშემოსავლო გადასახადი - 7 646
ჯარიმა - 17 029
საურავი - 10 908
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საკვები პროდუქტების იმპორტი ---------- და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ასევე მცირე რაოდენობით საქონელი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2021-2022 წლებში მომჩივანი სარგებლობდა მცირე ბიზნესის სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის წლიურმა შემოსავალმა თითოეულ წელს გადააჭარბა 500 000 ლარს, 2023 წლის 1 იანვრიდან გადამხდელს მოეხსნა მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება.
შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია - 2 017 269 ლარის, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილია - 158 562 ლარის საქონელი დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2023 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, მას სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი პროდუქცია. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი. პროგრამაში საქონელი სახეობების მიხედვით არ არის ჩამოწერილი, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი წარმოადგენს 14%-ს. გადამხდელს გამოწერილი აქვს შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომლითაც თავად ახდენს პროდუქციის ტრანსპორტირებას და სხვადასხვა ობიექტებზე საქონლის რეალიზებას. შემოწმებით განისაზღვრა შიდა გადაზიდვით და დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 90-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.10.2023 წლის №25600 ბრძანება და №127-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31398 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 90-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 93-ე მუხლის 11 ნაწილით, 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდისა და შემოწმების მიერ საქონლის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საქონელი სრულად არის შეძენილი ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებით და ასევე დიდი ნაწილი იმპორტირებულია, განბაჟებულია კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმების აქტშიც აღნიშნულია, რომ შემოწმების მიზნებისთვის გადამხდელის მიერ მოხდა სასაქონლო პროგრამის წარდგენა. ასევე გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ფასნამატს 14% შემოწმება დაეთანხმა. შემმოწმებლებმა რეალიზაციის დასადგენად მექანიკურად შეკრიბეს დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობა და შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის მოცულობა, რომელიც ჩათვალეს სრულად რეალიზებულად. არ მომხდარა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ შიდა გადაზიდვა ყოველთვის არ ნიშნავს საქონლის რეალიზაციას. ერთი და იგივე საქონელი რამდენჯერმე შეიძლება მოხვდეს შიდა გადაზიდვის ზედნადებში და შემდგომ მიწოდების ზედნადებში. ასევე შიდა გადაზიდვის ზედნადებებში საქონელი დაფიქსირებული იყო ღირებულების გარეშე, შემმოწმებლებმა თითონ თავისი შეხედულებით განსაზღვრეს საქონლის სარეალიზაციო ფასი (შეძენის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასი გაამრავლეს გადამხდელის მიერ დეკლარირებულ 14% ფასნამატზე). შიდა გადაზიდვით დამატებით საქონლის რეალიზაციად შეიძლება მიჩნეული იყოს მხოლოდ ის საქონელი, რომელიც დაფიქსირდა შიდა გადაზიდვის ზედნადებებში და არ იყო შეძენილი სათანადო დოკუმენტით. მსგავსი შემთხვევის შესახებ შემოწმების აქტში არაფერია ნათქვამი. ითხოვს გაუქმდეს შემოწმების აქტით უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი. პროგრამაში საქონელი სახეობების მიხედვით არ არის ჩამოწერილი, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი წარმოადგენს 14%-ს. გადამხდელს გამოწერილი აქვს შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომლითაც თავად ახდენს პროდუქციის ტრანსპორტირებას და სხვადასხვა ობიექტებზე საქონლის რეალიზებას. შემოწმების მიერ განისაზღვრა შიდა გადაზიდვით და დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გაზიარების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაციით მიღებულ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია აღნიშნული სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალის დეკლარირებულთან შედარებით მიღებული სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი. პროგრამაში საქონელი სახეობების მიხედვით არ არის ჩამოწერილი, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი წარმოადგენს 14%-ს. გადამხდელს გამოწერილი აქვს შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომლითაც თავად ახდენს პროდუქციის ტრანსპორტირებას და სხვადასხვა ობიექტებზე საქონლის რეალიზებას. შემოწმების მიერ განისაზღვრა შიდა გადაზიდვით და დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაციით მიღებულ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა, მართებულია აღნიშნული სხვაობის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 88; 159(1„ა,ბ“);
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)