გადაწყვეტილება №24286/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24286/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 14.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24286/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23321 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 859 598,57 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 548 810
დღგ - 123 103
მოგების გადასახადი - 223 952
საშემოსავლო გადასახადი - 201 755
ჯარიმა - 274 405
საურავი - 36 383,57
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ჩინეთიდან ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 10.07.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის განმარტებით, საქმიანობს ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელი, არ აწარმოებს აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. პირთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №16859 ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა საკონტროლო შესყიდვა, პროცედურის განხორციელების დროს სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე, ქ. ----, ვერ მოიძებნა შპს „---“. ბაზრობის ადმინისტრაციის შპს „----ის“ განმარტებით შპს „---“ მათ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და არასდროს არ ყოფილა სახელშეკრულებო (საიჯარო) ურთიერთობებში, შესაბამისად, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შეძენილი საქონელი დაიყო 10 კატეგორიად, საქონლის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა ნულის ტოლად. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გავრცელა აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 554 007 ლარით. ვინაიდან აღნიშნული შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა ასახული არც საბანკო ამონაწერებში და არც სალაროში, ასევე არ ფიქსირდება მოთხოვნა, გამოვლენილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ შემოწმების დაწყებისას წარდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კერძოდ, პროგრამა „ორისის“ ჩანაწერები, სადაც აღრიცხულია საწარმოს ყველა სამეურნეო ოპერაცია, ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია ყველა საქონლის შემოსვლა პერიოდების მიხედვით, ასევე ჩამოწერილია რეალიზებული საქონელი ყოველთვიურად, შემოსავლები აღრიცხულია მისი მიღების პერიოდის მიხედვით და ზუსტად არის აღრიცხული როგორც დებიტორები, ასევე კრედიტორები, შესაბამისად, შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში 17.07.2024 წლის ბრძანებით დაინიშნა მომდინარე კონტროლის პროცედურასაკონტროლო შესყიდვა, თუმცა გადასახადის გადამხდელი ვერ მოიძებნა საკონტროლო სალარო აპარატის რეგისტრაციის მონაცემების მიხედვით, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, აღნიშნულის საფუძველზე საქონლის ნაშთი შემმოწმებლის მიერ ჩაითვალა ნულის ტოლად, ანუ რეალიზებულად. არ ეთანხმება საკონტროლო შესყიდვის ღონისძიებების ჩატარება/ვერ ჩატარების საფუძველზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების განულებას, რადგან ფინანსთა სამინისტრო 31.12.2010 წლის 994 ბრძანების მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე მიხედვით: „საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ:
ა) საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა;
ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის კონტროლის მიზნით საქონლის რეალური სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის აუცილებლობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა (მათ შორის: მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა: საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარევის გამოვლენა;
საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის დადგენა და სხვა)“.
ზემოაღნიშნული დებულების გათვალისწინებით საკონტროლო შესყიდვა ადგენს სარეალიზაციო ფასებს და არა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს, ხოლო ამ უკანასკნელს ადგენს ინვენტარიზაცია, რომელიც საწარმოში არ ჩატარებულა. ამიტომ შეუსაბამოდ მიგვაჩნია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის გარეშე მათი რეალიზებულად აღიარება.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგი 210 230 ლარის, შესაბამისად, მათი რეალიზებულად განხილვა შეუსაბამოა, ვინაიდან, საწარმოში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და დასაბეგრი ბრუნვა გაეზარდა 554 007 ლარით. აღნიშნავს, რომ აქვს საბუღალტრო პროგრამა, სადაც ნაჩვენებია სამეურნეო ოპერაციის როგორც დაწყება, ასევე დასრულება პერიოდების მიხედვით. აღნიშნული დამატებით დარიცხული შემოსავალი გადასახადი გადამხდელს არ ჰქონდა ასახული არც საბანკო ამონაწერში არც სალაროში და არც მოთხოვნა არ იყო დაფიქსირებული, ამიტომ აღნიშნული დამატებით დარიცხული თანხა ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. რა თქმა უნდა დამატებით დარიცხული თანხები არ იქნებოდა ბუღალტრულად აღრიცხული, არც ბანკის ამონაწერებში არ მოხდებოდა და არც სალაროს ჩანაწერებში არ მიიღებდა მონაწილეობას, მით უმეტეს არ იქნებოდა დაფიქსირებული მოთხოვნა შესაბამის თანხაზე, რადგან არ მომხდარა რეალიზაცია აღნიშნული თანხის ოდენობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დარიცხვა მოკლებულია ყველანაირ კანონიერ საფუძველს, თვითონ აქტშიც დაფიქსირებულია უზუსტობა. კერძოდ, როგორც საკითხი 1-ში არის მოცემული გადასახადის გადამხდელს 554 007 ლარი, მაგრამ ქვემოთვე საკითხი 1-ის თანხობრივი შედეგი გადასახადის მიხევდით გადასახადები-დღგ და საშემოსავლო გადასახადი დარიცხულია 683 916 ლარზე, შესაბამისად 123 105 ლარი და 205 755 ლარი. აქტში მოყვანილი დარიცხვა უსაფუძვლოა, მაგრამ თუ დასაბეგრი ბრუნვა იზრდება 554 007 ლარით, მაშინ შესაბამისად დღგ-დარიცხული უნდა იყოს 99 721 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 163 432 ლარი.
ამასთან გაურკვეველია რომელ აუდირებულ ფასნამატზეა საუბარი, რადგან საქმეში არ არის ნაჩვენები თუ თვითღირებულების რამდენი პროცენტს განიხილავს შემოწმება ფასნამატად, არც ის არის განმარტებული, რომ აუდირებული ფასნამატი შეეხება საცალო თუ საბითუმო ვაჭრობას, რადგან ფასნამატი განსხვავებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობაში. გადასახადი გადამხდელი ეწევა საბითუმო ვაჭრობას, რასაც ადასტურებს სალარო აპარატის ჩეკები, სადაც ყველაზე მცირე თანხა რის 2 700 ლარის რეალიზაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. დადგენილია, რომ საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №16859 ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა საკონტროლო შესყიდვა, თუმცა გადამხდელის ადგილმდებარეობა ვერ მოიძებნა, რის გამოც ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქონლის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა ნულის ტოლად. შემოწმების შედეგად, შეძენილი საქონელი დაიყო 10 კატეგორიად, ამასთან, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, დარჩენილ ნაწილზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2. არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე, ----- -ზე 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვლის თვეში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოცემული კომპანიებიდან იმპორტი აღარ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა, რის გამოც დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე. აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კომპანიებზე გადარიცხული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2023 წლის დეკემბრის და 2024 წლის თებერვლის თვეში პირს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოცემული კომპანიებიდან იმპორტი არ განხორციელებულა. აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, გადარიცხული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვას. მომჩივანი აცხადებს, რომ მართლაც აქვს გადარიცხული მომწოდებლებზე 1 269 067 ლარი. მისი მომწოდებლები არიან ჩინეთის რეზიდენტი კომპანიები და თანხები ნაწილდება შემდეგნაირად:
---- 106 216,32 ლარი;
---– 552 862,45 ლარი;
---– 585 988,04 ლარი.
აცხადებს, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს მომწოდებლებზე გადახდილ ავანსებს, რასაც ადასტურებს მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, რომლებიც ასევე თანდართულია საჩივარზე. გამომდინარე აქედან დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი არის გასაუქმებელი, რადგან საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გადახდა უკავშირდება შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებს, ჩინეთი კი ასეთ ქვეყნებს არ მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია,რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ 2023 წლის დეკემბრის და 2024 წლის თებერვლის თვეში პირს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოცემული კომპანიებიდან იმპორტი არ განხორციელებულა. აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, გადარიცხული თანხები შემოწმების შედეგად განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გავრცელა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
პირს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე, ხოლო თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებზე გადარიცხული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 982.