გადაწყვეტილება №18508/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 18508/2/2022
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 22.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18508/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2022 წლის №083-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30110 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 901 232 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 475 704
დღგ - 68 462
მოგების გადასახადი - 30 660
საშემოსავლო გადასახადი - 376 578
ქონების გადასახადი - 4
ჯარიმა - 233 783
საურავი - 191 745
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილის და ბოსტნეულის შეძენა/რეალიზაცია, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონელი ექსპორტის რეჟიმით გადის უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 15.11.2018 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.10.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელს, 2019 წლის დეკემბრის თვეში, შპს „----------“ (ს/ნ ----------) უფიქსირდება 20 400 კილოგრამი მანდარინის შეძენა. ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების ანალიზით არ ფიქსირდება აღნიშნული საქონლის უცხოეთში გატანა. წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ უფიქსირდება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ასევე არ ფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტიც.
საგადასახადო ორგანომ, ზემოაღნიშნული მიიჩნია უსასყიდლო მიწოდებად, შეძენილი მანდარინის თვითღირებულებაზე გაავრცელა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი და მიღებული თანხა დაბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 21%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად შემოწმებით შეუძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალში დოკუმენტის გარეშე გაყიდული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის სიზუსტის განსაზღვრა და დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი დაიყო კატეგორიებად (კარტოფილი, ვაშლი, ხახვი, ჭარხალი, საზამთრო, ნესვი) და აღნიშნულ კატეგორიებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი (დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საშუალო ფასნამატი წარმოადგენდა 53%-ს). აღნიშნულმა გამოიწვია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნია სალაროს, საწესდებო კაპიტალის, კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ხოლო დებიტორული დავალიანება უფიქსირდება 112 112 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპანიის მიერ მიღებული და გასული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს (დებიტორის გათვალისწინებით) გამოაკლდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები (საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯი, ბანკის საკომისიო, გადახდილი გადასახადები და სხვა), ხოლო დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2020 წლის №32837 ბრძანება და №083-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5818 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
- მე-2, მე-6 და მე-9 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის მიხედვით მოგების გადასახადის დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის 2020 წლის 4 ნოემბრის №083-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისგან;
- მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შედეგად დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის, 2020 წლის 4 ნოემბრის №083-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისგან;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5818 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 124 844 ლარით, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №083-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30110 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე და აღნიშნავს რომ:
- პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტები, შესაბამისად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას;
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირვანდელი საჩივრით არ იყო გასაჩივრებული და შესაბამისად, გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის;
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებისთვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შედარების აქტები). გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაწილობრივ დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები;
- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი გათავისუფლდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის მიხედვით მოგების გადასახადის დეკლარაციაში და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შედეგად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დარიცხული ჯარიმებისგან, ხოლო სხვა ნაწილში დარიცხულ ჯარიმებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვის კორექტირება არ მოხდა, რას არასწორია. მოცემულ შემთხვევაში ექსპორტის სრული ანალიზი არ არის გაკეთებული, ისე არ ხდება, რომ საქონელი ქვეყნის შიდა ბაზარზე ექსპორტის მიზნით იქნა შეძენილი და შემდეგ არ მოხდა მისი გატანა ქვეყნის გარეთ. ცუდი განზრახვის შემთხვევაში, არ მოხდებოდა საქონლის დოკუმენტურად შეძენა და მისი ექსპორტზე გატანა ან სხვაგვარად მისი დოკუმენტურად რეალიზაცია არ მოხდებოდა. საჭირო იყო ექსპორტის ანალიზი საქონლის სახეობის/რაოდენობის/ღირებულების გათვალისწინებით გაკეთებულიყო, რა დროსაც გაირკვეოდა/დადგინდებოდა სადავო საკითხიც. მოცემულ შემთხვევაში, როგორც 20 400 კგ. მანდარინის, ასევე სხვა საქონლის რეალიზაციის გაორება ხდება (შემოწმება თვლის, რომ ექსპორტზე გატანის ნაცვლად მოხდა ამ საქონლის ქვეყნის შიდა ბაზარზე რეალიზაცია), ადგილი აქვს ერთი და იგივე საქონლის რეალიზაციაში ორჯერ ასახვას შემოწმების მიერ, რაც სრულიად უსაფუძვლოდ/დამატებით დაბეგვრის ობიექტებს და კანონშეუსაბამო დარიცხვებს იწვევს. შეიძლება დაბრუნებების გამო, ხელახლა ექსპორტის დროს ხდება დოკუმენტების მეორედ მომზადება და ეს ტექნიკური საკითხები ქმნის გაუგებრობას, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს არც კრედიტორებზე არ მიუთითებია და ისე არ ყოფილა, რომ საქონელი უსასყიდლოდ ან ქველმოქმედებით მიიღო გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში. ამ ნაწილში სადავო საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია, არ გამოუკვლევია შემოწმებას. სხვა შემთხვევაში მოხდებოდა სადავო თანხების შემცირება. შესაბამისად თვლის, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;
მე-7 საკითხზე არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია მესამე პირებისგან. ამასთან, უნდა შეიცვალოს ფასნამატის დადგენის მეთოდი, კერძოდ: დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს მთლიან რეალიზაციაზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანომ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელების აუდირებული ფასნამატის შესახებ და დაადგინა, რომ საქონელზე იმავე პერიოდში ფასნამატი აღემატება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს, შესაბამისად არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულს არ ეთანხმება, მოცემულ შემთხვევაში შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, თუმცა აღნიშნულის გაზიარება შემოწმების მიერ არ მოხდა. მოცემულ შემთხვევაში, შემოწმებას არ ქონდა დავალებული მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელების აუდირებული ფასნამატის დადგენა და მისი შედარება განსახილველ შემთხვევაზე, სხვა არგუმენტი შემოწმებას მოცემულ შემთხვევაში არ დაუფიქსირებია. შემოწმებას არ აქვს პრეტენზია მასზედ, რომ წარდგენილი ფასნამატის ცხრილი/გაანგარიშება და მის შესაბამისად დათვლილი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შეიცავს უზუსტობას და ამიტომ არ მოხდა მისი გაზიარება.
გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშდა შესამოწმებლ პერიოდში დამატებით დასარიცხი დღგ-ის თანხები (ფასნამატის ცხრილი/გაანგარიშება თან ერთვის), რომლის თანახმად საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია დარჩა უცვლელი (დოკუმენტური რეალიზაცია არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს), ხოლო საქონლის საცალო (დოკუმენტების გარეშე) რეალიზაციის დროს დაზუსტდა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 701 514.71 ლარს, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 1 053 278 ლარისა. აღნიშნული გაანგარიშებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დამატებით დღგ-ის სახით უნდა დაერიცხოს სულ 29 691.46 ლარი და არა 68 462 ლარი, როგორც ეს გასაჩივრებული აქტებით არის დადგენილი.
გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ როგორც საქონლის იმპორტზე, ასევე ექსპორტზე ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებზე (სულ 89 960 ლარზე) დღგ-ის ჩათვლა არ არის მიღებული, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს სულ 13 722.72 ლარს, აღნიშნული თანხით, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებას დღგ-ის ჩათვლა უნდა გაეზარდა და შესაბამისად, ხსენებული დღგ-ის ჩათვლებით უნდა შემცირდეს გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხული გადასახადის თანხები, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოცემულ შემთხვევაში. გასაჩივრებული აქტებით ვერ დგინდება, თუ რატომ არ მოხდა დღგ-ის ჩათვლების გაზრდა მოცემულ შემთხვევაში
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტები არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მე-9 საკითხზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სატრანსპორტო გადაზიდვის მოსახურებისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შედარების აქტები). გარკვეულ შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72- ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაწილობრივ დაკორექტირდა (გაიზარდა) გაწეული ხარჯები. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები, შესაბამის მომსახურებაზე გაწეული ხარჯებით.
აღნიშნულს არ ეთანხმება, რადგან შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებლის მიერ დადგენილი სალაროს ფულის ნაშთი უნდა შემცირდეს რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაზუსტებიდან გამომდინარე, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის შემცირების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების მიერ სალაროში არსებული ფულის ნაშთი შემცირებული იქნა როგორც საქონლის იმპორტზე, ასევე ექსპორტზე ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხებით, ასევე, ერთეულ შემთხვევებში საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებით, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში სატრანსპორტო ხარჯები არ იქნა გაზიარებული იმ მოსაზრებით, რომ ამ ნაწილში დოკუმენტები სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი შემოწმებისათვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დაახლოებით 1 300-ზე მეტი სატრანსპორტო გადაზიდვა არის განხორციელებული, რა დროსაც კომპანიას მომსახურება გაუწია სხვადასხვა პირებმა. ეს საკითხი შემოწმების მიერ საერთოდ არ შესწავლილა და არ გამოკვლეულა, მაშინ როცა ტრანსპორტის და ასევე მძღოლების შესახებ ინფორმაციები მითითებულია შესაბამის საბაჟო დოკუმენტებში. განსახილველ შემთხვევაში, სულ 880 რეისი საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვა განხორციელებულია არარეზიდენტი პირების მიერ, რაზეც გადახდილი იქნა სულ 793 668.27 ლარი, რაც არარეზიდენტების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, 10%-იანი განაკვეთით უნდა დაიბეგროს და არ უნდა მოხდეს ხსენებული თანხების 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
ამასთან, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ნაწილი შესრულებულია ქართული კომპანიების მიერ - სულ შესრულებულია 514 რეისი საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვა, რაშიც გადახდილია მომსახურების სახით 718 003.84 ლარი. ეს თანხები არ შეიძლება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად იქნეს განხილული იმდენად, რამდენადაც ხსენებული თანხები გადახდილი იქნა ქართულ კომპანიაზე-მეწარმე სუბიექტებზე და არსებული რეგულაციების თანახმად, ასეთი თანხების დაბეგვრის ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს არ ეკისრება.
აღნიშნული თანხებით, ასევე უნდა შემცირდეს შემმოწმებლის მიერ დადგენილი ფულის ნაშთი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებიდან გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლების სახით საკმაოდ დიდი ოდენობით თანხები დაკარგა და ამ პირობებში, ამ თანხების ხარჯებად აუღიარებლობა და უფრო მეტიც, საშემოსავლო გადასახადით მისი მთლიანად (100%) დაბეგვრის ობიექტად განხილვა არასწორია და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს კომპანიას.
მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის 4.03.2021 წლის №5818 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სხვა მასალებთან ერთად შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტები:
1. ინფორმაცია ქართული კომპანიების (რეზიდენტი პირების) მიერ 1.11.2018 წლიდან1.05.2020 წლამდე პერიოდში კომპანიაზე გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების შესახებ;
2. ინფორმაცია უცხოური კომპანიების (არარეზიდენტი პირების) მიერ 1.11.2018 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდში კომპანიაზე გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების შესახებ;
3. შედარების აქტები.
ამ ნაწილში როგორც აღინიშნა, მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი იქნა გაზიარებული, რაც შემოწმებამ სრულყოფილად ჩათვალა, დოკუმენტების (შედარების აქტების) სხვა დანარჩენი უდიდესი ნაწილის გაზიარება არ მოხდა იმ მოსაზრებით, რომ ისინი სრულად არ არის შესრულებული.
მოცემულ შემთხვევაში შემოწმება არარეზიდენტების ნაწილში საერთოდ არ განიხილავს საკითხს და სადავო აქტებით ვერ დგინდება, რატომ არ მოხდა ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გაზიარება, რატომ ეთქვა უარი არარეზიდენტის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილი „ე“ ქვეპუნქტის თანახმად 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრაზე. ამ ნაწილში ინფორმაცია (არარეზიდენტების მონაცემები) საბაჟო დოკუმენტებში არის მითითებული და დამატებით შეეძლო გამოეთხოვა შემოწმებას ინფორმაცია (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) საბაჟო სამსახურიდან კითხვების არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებით აღნიშნული თანხით უნდა შემცირებულიყო სადავო თანხების დარიცხვა.
რაც შეეხება რეზიდენტი პირების მომსახურებას საერთაშორისო გადაზიდვებში და ამ ნაწილში რეზიდენტი პირებისათვის გადახდილი თანხებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის შემცირებას, განმარტავს, რომ ქართული კომპანიები ახდენდა მომსახურებას, რაზედაც როგორც აღნიშნა შესაბამისი დოკუმენტაცია იქნა მიწოდებული შემოწმებისათვის, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება შემოწმებას არ მოუხდენია. თვლის, რომ სადავოობის შემთხვევაში, მომსახურების გამწევი ქართული კომპანიებიდან ინფორმაცია უნდა გამოეთხოვა შემოწმებას (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) და მიეღო მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. რომელ რეზიდენტ პირთან, შემჭიდროვებულ ვადებში, მოხერხდა დაკავშირება და ინფორმაციის მოძიება/გამოთხოვა, ამ ნაწილში დოკუმენტები მიწოდებული იქნა კიდეც, ვისგანაც ვერ მოხერხდა ინფორმაციების მიღება, ეს ნაწილი დაექვემდებარა დაბეგვრას, რაც არასწორია. შემოწმებას მიეწოდა მომსახურე რეზიდენტი კომპანიების მონაცემები და გაწეული ხარჯების სადავოობის შემთხვევაში, მისი გადამოწმება შემოწმების მიერ უნდა მომხდარიყო. ამ ნაწილში, შემოწმებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების/დოკუმენტების გამოთხოვა/გამოკვლევა/შესწავლა უნდა მოეხდინა (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლები), რაც არ იქნა დაცული მოცემულ შემთხვევაში.
შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებით სადავო დარიცხვები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია.
შემოსავლების სამსახურის 0256 მენუალის თანახმად, თუ დოკუმენტურად არ/ვერ დასტურდება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასეთ შემთხვევაში, ხარჯის 3/4 ნაწილი მიეკუთვნება გამოქვითვებს (აღიარდება ხარჯებად) და მხოლოდ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 1/4 ნაწილი განიხილება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტად. თვლის, რომ სხვა თუ არაფერი, ამ წესით მაინც უნდა ესარგებლა შემოწმებას სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ნაწილში და ამ სახის ხარჯები დაბეგვრის ობიექტად არ უნდა განეხილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.03.2021 წლის №5818 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტები არასწორია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
გადასახადის გადამხდელს გადასახადებთან ერთად დაერიცხა ჯარიმა 233 783 ლარი, საურავი 191 745.34 ლარი. მოცემულ შემთხვევაში სანქცია ძირითადში დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ სადავო დარიცხვები საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სატრანსპორტო ხარჯების გაუთვალისწინებლობით არის გამოწვეული. მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კომპანია უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა საურავებისგან)
შემოსავლების სამსახურის სადავო 1.12.2022 წლის №30110 ბრძანებაში სადავო საკითხების არსებითად განხილვა/შესწავლა არ ხდება, ვერ დგინდება თუ რატომ არ იქნა გაზიარებული გადასახადის გადამხდელის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე იქნა განხილული, რის გამოც დაირღვა მათი კანონიერი ინტერესები და უფლებები. შემოსავლების სამსახურის სადავო 1.12.2022 წლის №30110 ბრძანება ვერ აქარწყლებს საჩივარში მოყვანილ გადასახადის გადამხდელის არგუმენტებს. საჩივარში მოყვანილი თითოეული საკითხი საჭიროებდა დეტალურად შესწავლას/გამოკვლევას, მაშინ როცა სადავო საკითხები არგუმენტირებულად იყო წარდგენილი და საჭირო იყო მისი კანონშესაბამისი ანალიზი/შეფასება.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სოფლის მოსახლეობისგან შეძენილი საქონელი გატანილი იქნა ექსპორტზე და საქონლის/მომსახურების მომწოდებლებზე თანხები სრულად იქნა გადახდილი, არ მიმდინარეობს დავა მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელმა რომელიმე მომწოდებელს საქონლის/მომსახურების ღირებულება არ გადაუხადა, არ ხდება ისე, რომ საქონლის გაფუჭების შემთხვევის დოკუმენტები იყო წარდგენილი და მოგება იყო შემცირებული, სიტუაციის ბოროტად სარგებლობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა ბუღალტერიის ჩათვლით მაქსიმალურად იყო მოწესრიგებული, შემოწმება ფაქტიურად გადასახადის გადამხდელის საქმიანობას ხარჯების გარეშე განიხილავს ისე, რომ არ ხდება ინფორმაციის გამოთხოვა (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი), ასევე არარეზიდენტებთან მიმართებაში 10%-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენება არ ხდება, დღგ-ის ჩათვლების აღდგენაზე გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა უმიზეზოდ და საჩივარში მოყვანილ სხვა ზემოთ ხსენებული საკითხები ღიად, პასუხგაუცემლად იქნა დატოვებული, დაბეგვრის ობიექტები ხელოვნურად არის შექმნილი შემოწმების მიერ. ამ პირობებში გასაჩივრებულ აქტებს არ შეიძლება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება ეწოდოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5818 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მანდარინის ექსპორტზე გატანის ფაქტს, შესაბამისად დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი შესყიდვის აქტი), რომელიც სრულად აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის კრიტერიუმებს. შესაბამისად, შემოწმების მიერ შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა;
- არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია. შემოწმებამ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელების აუდირებული ფასნამატის შესახებ და დადგინდა, რომ საქონელზე იმავე პერიოდში ფასნამატი აღემატება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებისთვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შედარების აქტები). გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაწილობრივ დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები;
- გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯის მიხედვით მოგების გადასახადის დეკლარაციაში და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შედეგად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის 2020 წლის 4 ნოემბრის №083-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს ნაწილობრივ, სადავოდ ხდის საკითხებს რომელ ნაწილშიც შემოწმებით არ მოხდა გადაანგარიშება და არ ეთანხმება წარდგენილი სატრანსპორტო გადაზიდვის მოსახურებისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილობრივ გათვალისწინებას, აღნიშნავს, რომ ექსპორტის სრული ანალიზი არ არის გაკეთებული, ცუდი განზრახვის შემთხვევაში არ მოხდებოდა საქონლის დოკუმენტურად შეძენა და მისი ექსპორტზე გატანა ან სხვაგვარად მისი დოკუმენტურად რეალიზაცია. საჭირო იყო ექსპორტის ანალიზი საქონლის სახეობის/რაოდენობის/ღირებულების გათვალისწინებით გაკეთებულიყო, რა დროსაც გაირკვეოდა/დადგინდებოდა სადავო საკითხიც. როგორც 20 400 კგ. მანდარინის, ასევე სხვა საქონლის რეალიზაციის გაორება ხდება, ადგილი აქვს ერთი და იგივე საქონლის რეალიზაციაში ორჯერ ასახვას შემოწმების მიერ, რაც უსაფუძვლოდ/დამატებით დარიცხვებს იწვევს, მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია, არ გამოუკვლევია შემოწმებას.
შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, თუმცა აღნიშნულის გაზიარება არ მოხდა. შემოწმებას არ ქონდა დავალებული მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელების აუდირებული ფასნამატის დადგენა და მისი შედარება განსახილველ შემთხვევაზე. საქონლის იმპორტზე, ასევე ექსპორტზე ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებზე (სულ 89 960 ლარზე) დღგ-ის ჩათვლა არ არის მიღებული, რაც შეადგენს სულ 13 722.72 ლარს, აღნიშნული თანხით, შემოწმებას დღგის ჩათვლა უნდა გაეზარდა და შესაბამისად, ხსენებული დღგ-ის ჩათვლებით უნდა შემცირდეს დამატებით დარიცხული გადასახადის თანხები, რაც არ იქნა გათვალისწინებული და რომ გასაჩივრებული აქტებით ვერ დგინდება. ხარჯებთან დაკავშირებით განხორციელებულ კორექტირებას არ ეთანხმება, უმრავლეს შემთხვევაში სატრანსპორტო ხარჯები არ იქნა გაზიარებული იმ მოსაზრებით, რომ ამ ნაწილში დოკუმენტები სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი შემოწმებისათვის. შემოწმება არარეზიდენტების ნაწილში საერთოდ არ განიხილავს საკითხს და სადავო აქტებით ვერ დგინდება, რატომ არ მოხდა ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გაზიარება, ეთქვა უარი არარეზიდენტის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილი „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრაზე, ამ ნაწილში ინფორმაცია (არარეზიდენტების მონაცემები) საბაჟო დოკუმენტებში არის მითითებული და დამატებით შეეძლო გამოეთხოვა შემოწმებას ინფორმაცია საბაჟო სამსახურიდან. ქართული კომპანიები ახდენდა მომსახურებას, რაზედაც შესაბამისი დოკუმენტაცია იქნა მიწოდებული შემოწმებისათვის, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება არ მოუხდენია, სადავოობის შემთხვევაში, მომსახურების გამწევი ქართული კომპანიებიდან ინფორმაცია უნდა გამოეთხოვა შემოწმებას. ამდენად, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებით სადავო დარიცხვები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო.
აუდიტის დეპარტამენტი 3.02.2023 წლის №--------21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მანდარინის ექსპორტზე გატანის ფაქტს, შესაბამისად დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია, შესაბამისად დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებისთვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შედარების აქტები). ვინაიდან, გარკვეულ შემთხვევებში წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ნაწილობრივ დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები, შესაბამის მომსახურებაზე გაწეული ხარჯებით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირველი სადავო საკითხი ეხება შეძენილი მანდარინის ექსპორტზე გატანის შემთხვევას, რაზეც შემმოწმებელი ამბობს, რომ ვერ დგინდება, რომ მანდარინია ექსპორტირებული, შიდა მიწოდებად განიხილა და დაბეგრა. მიუთითებდნენ, რომ საქონელი ექსპორტზეა გატანილი, მთლიანი ღირებულება ჯამურად უნდა აღებულიყო და გამორიცხვის მეთოდით დაედგინა შემმოწმებელს რა ოდენობის მანდარინია გატანილი. ამ შემთხვევაში საქონელი შეძენილი იყო საექსპორტოდ და ქვეყნის შიგნით მისი დატოვება არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინტერესი, როგორც სხვა საქონლის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში არსებული მასალებია შესაფასებელი, თორემ დასადგენი არც არაფერია, საქონელი საბაჟო დოკუმენტების შესაბამისად ექსპორტზეა გატანილი, ეს ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციაა. როცა ექსპორტის სასაქონლო დეკლარაცია ივსება, თანდართულია შესაბამისი დოკუმენტაცია, უნდა შემოწმებულიყო ექსპორტის დეკლარაციების ჩანაწერების თანხმლებ დოკუმენტებთან შესაბამისობა, რაც შემოწმების მიერ არ არის გაკეთებული, შესაძლებელია აქ არის გაპარული უზუსტობა, თორემ მილიონიან ბრუნვაში მხოლოდ ეს ერთი შემთხვევაა, სულ 20 400 კგ მანდარინის ექსპორტზეა საუბარი. ამგვარად აშკარაა, რომ ტექნიკურ უზუსტობას აქვს ადგილი. იმის გამო, რომ საბაჟო დოკუმენტის ანალიზი არ განხორციელდა სწორად, მოხდა დარიცხვა.
მეორე თემაა - ფასნამატი, რაც შიდა რეალიზებულ საქონელზე (კარტოფილი, ვაშლი, ხახვი, ჭარხალი, საზამთრო, ნესვი) გავრცელდა. გადასახადის გადამხდელს დაევალა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მტკიცებულებები ცხრილის სახით, წარადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული, ამასთან შემოწმებამ განმარტა, რომ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელების აუდირებული ფასნამატის შესახებ და რადგან საქონელზე იმავე პერიოდში ფასნამატი აღემატებოდა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს, არ განხორციელდა მათ მიერ წარდგენილი ფასნამატების გათვალისწინება. იმპორტირებული საქონლის შიდა რეალიზაციაზე და სადავო შემთხვევაში დარიცხული დღგ-ის ოდენობაზეა საუბარი. მათი გაანგარიშებით, გადასახადის გადამხდელს დამატებით, დღგ-ის სახით უნდა დარიცხოდა დაახლოებით 30 000 ლარი და არა 68 462 ლარი, როგორც შემოწმებით მოხდა. ასევე საყურადღებოა, რომ ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი, დაახლოებით 90 000 ლარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა გაწეულად და გათვალისწინებული იქნა ხარჯებში, ხოლო ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხები (სულ 89 960 ლარზე) დღგ-ის ჩათვლაში, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს სულ 13 722.72 ლარს, არ იქნა გათვალისწინებული. შემოწმებით აღნიშნული ხარჯის გათვალისწინებასთან ერთად, ჩათვლაც უნდა განხორციელებულიყო, ვინაიდან ხარჯის დოკუმენტი იგივე ჩათვლის მიღების დოკუმენტიცაა და ხსენებული დღგ-ის ჩათვლით უნდა შემცირებულიყო დამატებით დარიცხული დღგ. ამასთან, სადავო საკითხის ნაწილში არ მომხდარა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით იყო დავალებული. მესამე თემაა სატრანსპორტო ხარჯების ნაწილი. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დაახლოებით 1 300-ზე მეტი სატრანსპორტო გადაზიდვა არის განხორციელებული და მათგან 558 რეისი ქართული კომპანიების მიერაა გაწეული, თანხები გადახდილია, შესაბამისი დოკუმენტაცია იქნა მიწოდებული შემოწმებისათვის, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება შემოწმებას არ მოუხდენია. მომსახურების გამწევი ქართული კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვა შემოწმების მიერ არ მომხდარა. აღნიშნულ ნაწილში დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარზეა საუბარი და აღნიშნული საშემოსავლო გადასახადით დაექვემდებარა დაბეგვრას შემოწმების მიერ, რაც არასწორად მიაჩნია. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული მომსახურების ნაწილში 800 000 ლარია გადახდილი, რომელიც 10%-იანი განაკვეთით კი არა, 20%-იანი განაკვეთით არის დაბეგრილი. თანხების გადახდა მოხდა ხელზე, ყველაფერი შეიძლება დოკუმენტზე მიებას, მაგრამ საბაჟო დოკუმენტში არის ინფორმაცია ვინ გაუწია მომსახურება, საქონელი გადის ექსპორტზე, სატრანსპორტო საშუალება კვეთს საქართველოს საზღვარს და შესაბამისად ყველა დოკუმენტი იდენტიფიცირებადია. თუ არ არის დოკუმენტი, ან არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მაშინ შემოწმების მიერ უნდა გამოყენებული №0256 მენუალი, ამ წესით მაინც უნდა ესარგებლა შემოწმებას სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ნაწილში და ამ სახის ხარჯები დაბეგვრის ობიექტად არ უნდა განეხილა. გადასახადის გადამხდელის მიერ სოფლის მოსახლეობისგან იქნა შეძენილი საქონელი, საქონლის/მომსახურების მომწოდებლებზე თანხები სრულად იქნა გადახდილი, არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელმა რომელიმე მომწოდებელს საქონლის/მომსახურების ღირებულება არ გადაუხადა, რომ საქონლის გაფუჭების შემთხვევის დოკუმენტები იყო წარდგენილი და მოგება იყო შემცირებული, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად მუშაობს და დარიცხვის დიდი ნაწილი სწორედ ხარჯების არ გათვალისწინების გამოა დარიცხული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირველი სადაო საკითხის ნაწილში, სადაც საუბარია შეძენილი მანდარინის მიწოდებად ჩათვლაზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით ექსპორტის შესახებ დეკლარაციაში დაშვებული იყო უზუსტობა და შესაძლებელია მანდარინის ნაცვლად სხვა საქონელი იყოს ჩაწერილიო, ამდენად შემოწმებით განხორციელდა საქონლის მოძრაობის შესწავლა, რა იქნა შეძენილი, რა გატანილი ექსპორტზე და შედეგად, რისი ექსპორტზე გატანაც არ ფიქსირდებოდა ჩაითვალა რეალიზებულად, დოკუმენტური მტკიცებულება რაც აღნიშნულ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის კორექტირებას გამოიწვევდა არ იქნა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ. რაც შეეხება ფასნამატის თემას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა გაანგარიშება ცხრილის სახით, სადაც დაფიქსირებულია ციფრები, შეძენის, რეალიზაციის ღირებულებები და მის მიერ გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობები, რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება დამატებით წარმოდგენილი არ ყოფილა. როცა შემოწმებით გამოყენებულია დოკუმენტური ფასნამატი, მის მიერ წარმოდგენილი ცხრილით დაფიქსირებული ფასნამატების გამოყენება შეუძლებელი იყო. შემოწმების მიერ საქონლის დაჯგუფება და ჩაშლა მოხდა ჯგუფებად შეძლებისდაგვარად. რაც შეეხება ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადახდილ თანხების დღგ-ის ჩათვლაში გაუთვალისწინებლობას, აღნიშნულის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო, თუმცა ზუსტად ვერ იტყვის და სანახავია. მომსახურების გაწევის ხარჯებთან დაკავშირებით, მარტო გადახდის მომენტი არ არის აქ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი (არ ჩანდა მეორე მხარე, არ იყო ხელმოწერილი და ა.შ), რომელი დოკუმენტიც არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს, არ მოხდა მათი გათვალისწინება. ვინაიდან ხარჯის დოკუმენტი არ ჩანდა და არც ოპერაცია, შესაბამისად სალაროს ნაშთში მიიღო მონაწილეობა და დაექვემდებარა 20%-ით დაბეგვრას. პირველ რიგში სატრანსპორტო ხარჯის დოკუმენტის გამოთხოვა მოხდა გადასახადის გადამხდელისგან, არ იყო იდენტიფიცირებადი წარდგენილი დოკუმენტები, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს ევალებოდა მათი წარდგენა და დოკუმენტი, რომელიც არ იყო სრულყოფილი და არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს არ იქნა გათვალისწინებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5818 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), რაც როგორც მომჩივნის მიერ საბჭოზე წარმოდგენილი არგუმენტებით ირკვევა არ განხორციელებულა, ამასთან მომჩივანი მიუთითებს ფიტოსანიტარულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხების დღგ-ის ჩათვლაში გაუთვალისწინებლობაზე.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5818 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების (მათ შორის ფიტოსანიტარული მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინების) ნაწილში, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხილვა/შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას 2022 წლის 22 ივლისის №083-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 4.03.2021 წლის №5818 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30110 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების (მათ შორის ფიტოსანიტარული მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინების) ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხილვა/შესწავლა;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); ,5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.