გადაწყვეტილება №22098/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2024
№ დოკუმენტი 22098/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22098/2/2024

13 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 29.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22098/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №ID------- წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30924 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 3.09.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადის - 27,030.34 ლარი, ჯარიმა - 29,064.00 ლარი, საურავი - 15,837.85 ლარი.

4.09.2023 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა №ID------- განცხადებით და მოითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომჩივანს ეცნობა შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №ID------- წერილით.

აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.12.2023 წლის №30924 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 293-ე მუხლის პირველი ნაწილით „ა“ და „ბ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს წინამდებარე საჩივრის წარმოდგენის მომენტში პირადი აღრიცხვის ბარათზე, ერიცხება საგადასახდო დავალიანება, გადასახადი 27 030 ლარი, ასევე მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავი.

გადასახადის გადამხდელმა არაერთგზის მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს განცხადებით, საგადასახდო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რაზეც ასევე არაერთგზის მიიღო სტანდარტული უარი, რომლის თანახმად განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

ბოლო ასეთი უარი ვალის მართვის დეპარტამენტმა 2.10.2023 წელს ID------- წერილი (გასაჩივრებული აქტი) განაცხადა, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30924 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანება დასაბუთებულია იმით, რომ საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში კი, ეს უფლება, გადასახადის გადამხდელის მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, არ იქნა გამოყენებული.

აღიარებული ძირითადი საგადასახადო ვალდებულება 27 030 ლარს შეადგენს. აღნიშნული ვალდებულების გამო დაყადაღებულია საჩივრის ავტორის საბანკო ანგარიშები. ამასთან მითითებული დავალიანების ამოსაღებად შემოსავლების სამსახური აწარმოებს დავას საჩივრის ავტორის მიმართ რომლის ფარგლებშიც, საჩივრის ავტორის სახელზე რიცხული, -------, ------- ში მდებარე 31.60 კვ/მ ბინის (ს/კ: -------) იძულებით რეალიზაციას ითხოვს. ბინა შეფასებულია 15 000 აშშ დოლარად. ამ დროისათვის აღნიშნული საქმე განიხილება ------- რაიონული სასამართლოს მიერ, მას შემდეგ რაც ამავე სასამართლოს 27.05.2022 წლის ბრძანება ხსენებული ბინის რეალიზაციის შესახებ, გააუქმდა სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად.

მითითებული ბინა წარმოადენს მომჩივნის ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთ საცხოვრისს. ამასთან ერთ სულზე 6.32 კვ/მ (31.60/5=6.32) საერთო ფართი მოდის (სანიტარული კვების და სხვა არასაცხოვრებელი ფართის ჩათვლით). ფართის ეს ოდენობა შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტით ერთი პატიმრისთვის განსაზღვრული ფართის სავალდებულო (6 კვ/მ), თუმცა ჩამორჩება იმავე სტანდარტით განსაზღვრულ სარეკომენდაციო ოდენობას (8 კვ/მ).

ზემოხსენებული ბინა, მართალია ფორმალურად აღრიცხულია ------- სახელზე, თუმცა შეძენილია რეგისტრირებული ქორწილების პერიოდში და ამდენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა (------- და -------) საერთო თანასაკუთრებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დავის პარალელურად ------- რაიონული სასამართლო განიხილავს გადასახადის გადამხდელის მეუღლის სარჩელს, ზემოაღნიშნულ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და საერთო საკუთრებაში მისი წილის ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ. (საქმე №-------) .

მითითებული ბინის გარდა, განმცხადებელს ერიცხება თანასაკუთრების წილი 7 ერთეულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები -------, -------, -------, -------, -------, ------- და -------), თუმცა მათი რეალიზაციის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურს არ აქვთ, რადგან ექსპერტმა ვერ დაადგინა თანასაკუთრების ღირებულება, თანამესაკუთრეთა წილების განუსაზღვრელობის გამო.

საგადასახადო შეთანხმების დადების შესახებ განცხადებასთან ერთად საჩივრის ავტორმა წარადგინა მითითებული უძრავი ნივთების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრის (საჩივრის ავტორის შვილი - -------) ოფიციალური განცხადება, რომლითაც ის თანხმობას გამოთქვამს საგადასახადო შეთანხმების უზრუნველყოფილ იქნეს, მათ შორის, თანასაკუთრებაში მისი წილითაც.

განმცხადებლის მიერ საგადასახადო შეთანხმების მიზნით, წარდგენილი წინადადება შემდეგი შინაარსისაა:

1. განმცხადებლის ვალდებულება განისაზღვროს 31 000 ლარით, (რაც დაახლოებით 4 000 ლარით აღემატება ძირითად დავალიანებას);

2. განმცხადებელს მიეცეს 15 თვის ვადა ზემოაღნიშნული თანხის გადასახდელად;

3. გადახდა განხორციელდეს ყოველთვიურად, პირველ თვეს 3 000 ლარის, ხოლო დანარჩენ თვეებში 2000 ლარის ოდენობით;

4. საგადასახადო შეთანხმების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით ე.ი გარდა ------- სახელზე რიცხული ბინისა, იპოთეკით დაიტვირთოს განმცხადებლისა და ------- საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (სულ 7 ნაკვეთი) საკადასტრო კოდები -------, -------, -------, -------, -------, ------- და -------.

გასაჩივრებულ აქტში შემოსავლების სამსახური მართებულად მიუთითებს, რომ საგადასახადო შეთანხმების დადება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, მოცემული საქმის ფარგლებში, გადასაწყვეტია ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, რამდენად მართლზომიერად გამოიყენეს ქვემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს ერთი და იმავე საკითხზე, რამდენიმე თავისთავად კანონიერი გადაწყვტილებიდან შეარჩიოს ერთ-ერთი (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი).

აღიარებული განმარტებით დისკრეციული უფლებამოსილება სამართლიანი მმართველობის პრინციპის გამოხატულებაა. იგი უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კანონსა და სამართალს შორის, გამორიცხავს ფორმალურად კანონიერი, მაგრამ არსებითად უსამართლო მმართველობითი ღონისძიების გატარებას. ამასთან დისკრეციული უფლებამოსილება კერძო და საჯარო ინტერესების პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სზაკ-ის მე-7 მუხლი).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ აქტს დასაბუთების ჩვეულებრივზე მაღალი სტანდარტი მოეთხოვება.

მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ბრძანების დასაბუთება არსებითად შემდეგ ერთი წინადადებით შემოიფარგლება შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში არც ის სამართლებრივი საკითხია სადავო, რომ საგადასახდო შეთანხმების დადების უფლებამოსილება დისკრეცია უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება (ამის შესახებ საჩივრის ავტორი პირდაპირ მიუთითებდა თავის როგორც, ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ განცხადებაში, ისე შემოსავლების სამსხურში წარდგენილ საჩივარში და არც ის ფაქტი, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა სწორედ განცხადებით შეთავაზებულ პირობებზე მითითებით მიიჩნია მიზანშეუწონლად საგადასახდო შეთანხმების დადება.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმება გულისხმობს იმ ფაქტობრივი მიზეზების იდენტიფიკაციას, რომლის გამოც ვალის მართვის დეპარტამენტმა უარყო განცხადება საგადასახდო შეთანხმების დადების შესახებ, ასევე იმ კერძო და საჯარო ინტერესების იდენტიფიკაციას, რომელთა გათვალისწინებითაც, უარი საგადასახდო შეთანხმების დადებაზე მართლზომიერია.

ამდენად აშკარაა რომ შემოსავლების სამსხურის გასაჩივრებული ბრძანების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს მხოლოდ უდავო ფაქტების კონსტანტაციას და არა - გასაჩივრებული აქტის მართლზომიერების დასაბუთებას. აღნიშნულიდან გამომდინარე იგი გამოცემულია სზაკ-ის 53-ე მუხლის დარღვევით, რაც სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

გარდა ამისა როგორც აღინიშნა ვალის მართვის დეპარტამენტთან ურთიერთობაში საჩივრის ავტორმა არაერთგზის გააუმჯობესა თავისი წინადადება, როგორც გადასახდელი თანხის ისე გადახდის ვადებისა და უზრუნველყოფის ნაწილში. საბოლოოდ ვალის მართვის დეპარტამენტს შეეთავაზა წინადადება, რომლის თანახმად გადასახდელი თანხის მოცულობა მთლიანად ფარავს ძირითად გადასახადს, ხოლო ნაწილობრივ - ფინანსურ სანქციას. ამასთან მას შეეთავაზა დამატებითი უზრუნველყოფა, მესამე პირის თანასაკუთრებაში არსებული ქონების სახით.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების შინაარსიდან გამომდინარე, ობიექტური მესამე პირის პერსპექტივიდან, სრულად გაუგებარია საგადასახდო შეთანხმების რომელი კონკრეტული პირობაა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუღებელი და რა ნიშნით. გაუგებარია ისიც, თუ რა შინაარსის (არსებითი პირობის მქონე) საგადასახადო შეთანხმებაა მისთვის მისაღები (იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახდო შეთანხმებაზე მას პრინციპული უარი არ განუცხადებია და მხოლოდ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით მიიჩნია შეთანხმების დადება მიზანშეუწონლად).

საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა იმ ფაქტზე, წლების მანძილზე არაერთ კომერციულ იურიდიულ პირთან გაფორმდა საგადასახდო შეთანხმება, რომლის ფარგლებში ისინი სრულად გათავისუფლდნენ დარიცხული ფინანსური სანქციისგან, რომელთა ოდენობაც, რბილად რომ ვთქვათ ბევრად აღემატებოდა წინამდებარე საჩივრის ავტორზე დარიცხულ ფინანსურ სანქციას.

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს მითითებას, რატომ არ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა მაშინ როცა აღნიშნულ საკითხს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გასაჩივრებული აქტის მართლზომიერების შემოწმებისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

მითითებული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო შეემოწმებინა საგადასახდო შეთანხმების დადების პრაქტიკა და ამის გათვალისწინებით გადაეწყვიტა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების საკითხი.

მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №ID------- წერილი, შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30924 ბრძანება და საქმე საგადასახადო შეთანხმების საკითხის ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს უარი საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომჩივანს ეცნობა შემოსავლების სამსახურის წერილით.

აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.12.2023 წლის №30924 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293