ბრძანება N 26144
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26144
12 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 19 და 25 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №128) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 19 და 25 ნოემბრის №92942/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №006-454 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არცერთი ქვეპუნქტის მოთხოვნა, შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. განმარტავს, რომ სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, პროდუქციის ღირებულება, ყოველდღიურად, მოდის ცვლილებასთან ერთად იცვლება, რაც იწვევს საქონლის ფასის პერიოდულად შემცირებას. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოტანილი აქვს დაბალი ხარისხის, დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობაზე. აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზით აიხსნება შემოწმების აქტში ნახსენები უარყოფითი ფასნამატი და კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა. ამასთან, მიუთითებს, რომ საბაჟო დეკლარაციაში, რეალური ინვოისის ფასისგან განსხვავებით, საქონლის ღირებულება წარმოდგენილია აფასებით, ხოლო შემოწმების დროს კიდევ ხდება სარეალიზაციო ფასის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა და ყველაფერზე ერთი და იგივე ფასნამატის გავრცელება. განმარტავს, რომ კომპანია საქონელს კონტეინერებიდან ყიდის საბითუმოდ და არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი, შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ მიუღია სარგებელი, არამედ კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 ოქტომბრის №22403 ბრძანება და ამავე თარიღის №006-454 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 490 544 ლარი, მათ შორის, გადასახადი 303 219 ლარი, ჯარიმა 151 619 ლარი, საურავი 35 706 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგებს ტანსაცმლით ვაჭრობა. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმო საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით, ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდება, ასევე არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი დაექვემდებარა სრულად რეალიზაციას (გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმოს სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გააჩნია). შეძენის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი (50- 60%). შესაბამისად, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით ჩაითვალა, რომ საწარმოს დებიტორ-კრედიტორების მიმართ მოთხოვნები და ვალდებულებები არ გააჩნია. აღნიშნულისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
კომპანია საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით ჩინეთიდან, ხოლო ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდება, ასევე არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილი გადასახადის გადამხდელს ანაზღაურებული აქვს საბანკო გადარიცხვის გზით. შემოწმებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ უცხოურ მომწოდებელზე გადარიცხული თანხის ოდენობა მეტია ამ მომწოდებლიდან შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე. აღნიშნული ფაქტი იკვეთება მხოლოდ ერთი ოპერაციის ფარგლებში, იდენტიფიცირებულ კონკრეტულ მომწოდებელთან, ხოლო შემდგომში საქონლის შესყიდვას აღნიშნული მომწოდებლიდან ადგილი არ აქვს. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებით გადახდილი თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ასევე, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმო საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით, ხოლო ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდება, ასევე არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია.
შემოწმებით, საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი დაექვემდებარა სრულად რეალიზაციას, ხოლო შეძენის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი.
ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოწმების მიერ ფასნამატის საბაჟო დეკლარაციაში ასახული საქონლის ღირებულებიდან გაანგარიშებასთან, დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესყიდული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშების მიზნებისთვის შემოწმება დაეყრდნო სრულად საინვოისო ღირებულებებს და თვითღირებულება არ არის განსაზღვრული ექსპერტიზის აქტებში დაფიქსირებული ღირებულებით, რაც აღემატება რეალურ საინვოისო ღირებულებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ ინვოისებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას საინვოისო ღირებულება ხარჯებში სრულად არის გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საქონლის შეძენის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილი გადასახადის გადამხდელს ანაზღაურებული აქვს საბანკო გადარიცხვის გზით.
შემოწმებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ უცხოურ მომწოდებელზე გადარიცხული თანხის ოდენობა მეტია ამ მომწოდებლიდან შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე. აღნიშნული ფაქტი იკვეთება მხოლოდ ერთი ოპერაციის ფარგლებში, იდენტიფიცირებულ კონკრეტულ მომწოდებელთან, ხოლო შემდგომში საქონლის შესყიდვას აღნიშნული მომწოდებლიდან ადგილი არ აქვს. შედეგად, დამატებით გადახდილი თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფიქსირდება ერთ-ერთ უცხოურ მომწოდებელზე თანხის გადარიცხვა, რომელიც მეტია შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე, ხოლო შემდგომში საქონლის შესყიდვას აღნიშნული მომწოდებლიდან ადგილი არ აქვს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დამატებით გადახდილი თანხის არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა განორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი დაექვემდებარა სრულად რეალიზაციას. შეძენის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი (50- 60%). შესაბამისად, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ასევე დამატებით გადახდილი თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 982.