გადაწყვეტილება №24513/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24513/2/2024
26 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 24.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24513/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №CB1687962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №25912 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 27 789.08 ლარი.
ფაქტების აღწერა
8.11.2024 წელს, მომჩივანმა ელექტრონული განაცხადით №ID:--- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას 1-დან - 12-მდე და 14-დან - 33-მდე პოზიციებზე გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნულ პოზიციებზე მითითებული საქონელი გადამხდელმა ვერ წარუდგინა საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №CB1687962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 27 789.08 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.12.2024 წლის №25912 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით და განმარტავს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი აღინიშნავს, რომ ფარმაცევტული პროდუქციის ჩამოწერა კომპანიაში საკმაოდ დიდი ინტერვალებით ხდება და მსგავსი პროდუქციის წინა ჩამოწერა მოხდა 23.12.2019 წელს. აღმოჩენილი შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზი იყო ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, განაცხადში შეცდომით აიტვირთა ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის წინა ჩამოწერის აქტის პროდუქციის ნაწილი. ჩამონათვალის სიმრავლის გამო ატვირთვა ხდება, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, ექსელის დანართის საშუალებით და თანამშრომლის მიერ მოხდა წინა ჩამოწერის განაცხადის ექსელის ნიმუშად გამოყენება, სადაც შეცდომით დარჩა წინა აქტით ჩამოწერილი პროდუქციის ნაწილის რაოდენობები. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული პროდუქციის ჩამოწერა ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან აქტში მოცემული პირველი 33 პროდუქტი არც ფიზიკურად და არც ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება. აღნიშნული პროდუქცია წინა ჩამოწერით (23.12.2019წ.) გაინაშთა/განულდა. კომპანიის მიზანი არ ყოფილა რაიმე სახის გადასახადისაგან თავის არიდება. კომპანია წლებია კეთილსინდისიერად იხდის კუთვნილ გადასახადებს ბიუჯეტში და არასდროს აურიდებია თავი საგადასახადო ვალდებულებებისთვის. ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №CB1687962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №25912 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს 3 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.01.2025 წლის №2773-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ განაცხადში, დანართ 24-ში 1-დან-12-მდე და 14-დან-33-მდე პოზიციებზე მითითებული საქონელი გადამხდელმა ვერ წარადგინა, გადასახადის გადამხდელს ჰქონდა შესაძლებლობა განცხადების წარმოდგენისას უკვე მის მიერ წინასწარ დადგენილი, ჩამოსაწერად გამზადებული სმფ-ის ღირებულების მეშვეობით განესაზღვრა რამდენად სწორედ ქონდა „EXEL”-ის ფორმატში შეყვანილი მონაცემები, რაც არ საჭიროებდა დამატებით შემოწმებებს. გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განცხადების შევსებისას “EXEL”-ის ფაილის ატვირთვის შემდგომ განცხადების ვებ გვერდი შესაბამის ველში აჩვენებს ჩამოსაწერი სმფ-ის ღირებულებას რასაც განცხადების შემვსები პირი თვალნათლივ ხედავს და აძლევს შესაძლებლობას ცდომილების შემთხვევაში გადაემოწმებინა ატვირთული “EXEL”-ის ფაილი რაც გადამხდელის მიერ ამ შემთხვევაში არ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღმოჩენილი შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზი იყო ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, განაცხადში შეცდომით აიტვირთა ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის წინა ჩამოწერის აქტის პროდუქციის ნაწილი. ჩამონათვალის სიმრავლის გამო ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ხდება ექსელის დანართის საშუალებით და თანამშრომელმა მიერ მოხდა წინა ჩამოწერის განაცხადის ექსელის ნიმუშად გამოყენება, სადაც შეცდომით დარჩა წინა აქტით ჩამოწერილი პროდუქციის ნაწილის რაოდენობები.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №CB1687962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა ელექტრონული განაცხადით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას 1-დან - 12-მდე და 14-დან - 33-მდე პოზიციებზე გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნულ პოზიციებზე მითითებული საქონელი გადამხდელმა ვერ წარუდგინა საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 27 789.08 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279 (3).