გადაწყვეტილება №24309/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 24309/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24309/2/2024

24 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 20.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24309/2/2024).

 

დავის საგანი:

დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 248.78 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 24 783.74

საურავი - 465.04

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა 24 783.74 ლარი და რაზეც გამოიცა 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ უნდა მომხდარიყო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხის გადახდის გადავადებას 90 დღით, ანგარიშფაქტურების კორექტირებამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ უნდა მომხდარიყო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხის გადახდის გადავადებას 90 დღით, ანგარიშფაქტურების კორექტირებამდე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 3.12.2024 წლის №112493-21-12 წერილიდან ირკვევა, საგადასახადო ოფიცრის მიერ შესწავლილი იქნა 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ის თანხა შეადგენს 0 ლარს. შედეგად გამოვლინდა სხვაობა 24 783.74 ლარი. 2024 წლის სექტემბრის თვეში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, თუმცა გადასახადის გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა. დასაბეგრ სხვაობაზე საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 25.09.2024 წლის №002442 ბრძანების მიხედვით მოხდა დღგ-ის თანხის 24 783,74 ლარის დარიცხვა.

ზემოთხსენებულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან მიუხედავად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მოთხოვნისა, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დაზუსტებული დეკლარაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა 24 783.74 ლარი და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69; 159.