ბრძანება N 14331

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.06.2023
№ დოკუმენტი 14331
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14331

21.06.2023

შპს „-----------” (ს/ნ ------------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 5 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „--------------” (ს/ნ --------------) №77795/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №005-190 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს 2016-2019 წლებზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თავისუფალი ფულადი სახსრების ოდენობის ხელახლა გადაანგარიშებას, ამასთან მისი კვალიფიკაციის შეცვლას და დივიდენდად განხილვას. გადამხდელი ითხოვს 2016 წლის ჩათვლით გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლას.

2.გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31041 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------------” (ს/ნ --------------) 2020 წლის 3 თებერვლის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს ,,--------------’’ (ს/ნ --------------) 2020 წლის 3 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31041 ბრძანების აღსრულების მიზნით 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 145 273 ლარი, მათ შორის, გადასახადი 99 245 ლარი და ჯარიმა 46 028 ლარი( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა შეუმცირდა 1 300 ლარით და ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება). აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 21 დეკემბრის №005-190 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საწარმოს მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა წერილი დანართთან ერთად 179 ფურცლად, მ.შ. 2016 წლის 1 ივნისიდან 2019 წლამდე პერიოდზე დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის ცხრილი (სმფ-ების დასახელების, რაოდენობების, სარეალიზაციო ფასის, თვითღირებულების და შესყიდვის დოკუმენტის მითითებით). წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ზემოაღნიშნულ მონაცემებს, თუმცა რეალურად არ წარმოადგენს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილს, არ მოიცავს შემოსავლის, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და მისი ნაშთების ოდენობის გაანგარიშებას. ამასთან, რიგ შემთხვევაში არასწორად არის მითითებული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება ან/და რაოდენობები (მაგ. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით შემოტანილი საქონელი თვითღირებულებაზე მეტი ღირებულებით იყო აღნიშნულ ცხრილში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდამდე შეძენილი საქონელი იმაზე მეტი ოდენობით ფიქსირდება რეალიზაციაში, ვიდრე 2016 წლის 16 ივნისის ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებშია დაფიქსირებული). აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად, რის შემდგომაც შემოწმებისათვის დამატებით იქნა წარმოდგენილი ფასნამატები, რომელიც მიღებულია საწარმოში 2016 წლის 16 ივნისსა და 2019 წლის 5 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით. გადაანგარიშებისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ამ უკანასკნელი მონაცემებით, კერძოდ კი 2016 წლის 16 ივნისის ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით დაფიქსირებული ფასნამატი (29.79%) გამოყენებულ იქნა 2017 წლის, ხოლო 2019 წლის 5 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციების მასალებით დაფიქსირებული ფასნამატი (დაახ. 16%) 01.01.2018 - 01.06.2019 პერიოდის შემოსავლის განსაზღვისათვის. შედეგად, 2017 წელს გაიზარდა და 2018 და 2019 წელს შემცირდა (არანაკლებ დეკლარირებული მონაცემისა) შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

რაც შეეხება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს, შემოწმების აქტის მიხედვით 2016 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ცვლილება (შემცირება) გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ 2016 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი ფიქსირდება 827 123 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ შემოწმებისათვის მოწოდებულ საბუღალტრო პროგრამაში არ არის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. გადამხდელი ჩამოწერას ახორციელებს წლის ბოლოს ერთიანი თანხით. კერძოდ, საწარმოს დირექტორმა განმარტებისას აღნიშნა, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩამოწერა განხორციელებული აქვს ერთობლივი შემოსავლიდან 20%-იანი ფასნამატის ამოღებით და აღნიშნულის შესაბამისად აქვს განსაზღვრული 2016 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება როგორც ბუღალტრულად ორისში, ასევე მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. მისივე განმარტებით, ნაშთის ღირებულება არასწორია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი მის მიერ გაანგარიშებულ და დადეკლარირებულ იქნა შეცდომით შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ჯამური ღირებულებიდან დღგ-ის ამოღებით, რაც გახდა მიზეზი დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლის შემცირების 385 904 ლარით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს პარფიუმერული ნაწარმის იმპორტი-რეალიზაცია. 2015 წლის საბოლოო (2016 წლის საწყისი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დადგინდა 404 051 ლარი, 2016 წლის 16 ივნისის N17000 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციით ფაქტიურმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 504 863 ლარი, 01.01.2016-16.06.2016 პერიოდში შეძენილი სმფ - 1 000 996 ლარი, შესაბამისად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ ამავე პერიოდში შეადგინა 900 185 ლარი.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 16.06.2016-31.12.2016 პერიოდზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგები დაყოფილ იქნა 116 ჯგუფად, გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში საშუალოდ შეადგინა 30.09% (აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციით განსაზღვრულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა მაღაზიაში არსებულ სასაქონლო ნაშთზე შეადგინა 20,8%, საწყობში არსებულზე - 49,5%, ხოლო ჯამურად მთლიან ნაშთად არსებულ საქონელზე საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29,79%). ამავდროულად, შემოწმებით ჩაითვალა, რომ 2016 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულებაში თითოეული ჯგუფის საქონელი მონაწილეობს იმავე პროპორციით, როგორი პროპორციითაც მონაწილეობს ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტიურ ნაშთსა და წლის ბოლომდე შეძენილი საქონლის ღირებულებაში ჯამურად. აღნიშნული ფასნამატის საშუალებით შემოწმებით 16.06.2016-31.12.2016 პერიოდში დადგენილი ერთობლივი შემოსავლიდან (1 471 031 ლარი) გაანგარიშდა იმავე პერიოდში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება 1 130 779 ლარი. ჯამურად 2016 წელს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება შემოწმებით განისაზღვრა 2 030 963 (900 185 +1 130 779) ლარის ოდენობით. შედეგად, შესაბამისმა საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთმა შეადგინა 639 356 ლარი. დეკლარირებული მონაცემის შემცირებამ 187 767 (827 123-639 356) ლარით თავის მხრივ გამოიწვია დასაბეგრი მოგების შემცირება. ამასთან, 2016 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლების თანხა - 187 767 ლარის ოდენობით 01.01.2017-31.05.2019 პერიოდებში ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულების პროპორციულად გადანაწილდა 01.01.2018წ, 01.01.2019 წ და 01.06.2019წ თარიღებისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე. აღსანიშნავია, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებული 01.01.2018წ, 01.01.2019წ სასაქონლო ნაშთები არ განსხვავდება შესაბამისი წლების მარტის მოგების გადასახადის დეკლარაციებისა და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემებისაგან. აღნიშნული საკითხიც დამატებით იქნა შესწავლილი საწარმოს წარმომადგენლების მონაწილეობით და დარჩა უცვლელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოსათვის შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დღგ-ში დაკისრებული თანხები დაკორექტირებდა (შემცირდა) სულ 6 874 ლარით, მ.შ. გადასახადი შემცირდა 9 219 ლარით, ხოლო ჯარიმა გაიზარდა 2 345 ლარით.

სადავო საკითხები შესწავლილ იქნა საწარმოს წარმომადგენლების მონაწილეობით. გადაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ფასნამატებით, რომელიც მიღებულია საწარმოში 2016 წლის 16 ივნისსა და 2019 წლის 5 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, დამატებით იქნა შესწავლილი ფულადი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები როგორც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, ასევე ყოველი წლის ბოლოს. ასევე, შესწავლილი იქნა საწარმოს მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია მივლინების, აუდიტორული მომსახურებისა და იჯარაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის N31041 ბრძანების შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მონაწილეობით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე 2019 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადში დამატებით დაკისრებული თანხები ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას) 135 603 ლარით, მ.შ. გადასახადი - 90 304 ლარით, ჯარიმა - 45 297 ლარით.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად და საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა შემცირდა 3100 ლარით და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გადაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ფასნამატებით, რომელიც მიღებულია საწარმოში 2016 წლის 16 ივნისსა და 2019 წლის 5 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, დამატებით იქნა შესწავლილი ფულადი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები როგორც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, ასევე ყოველი წლის ბოლოს. ამასთან, შესწავლილი იქნა საწარმოს მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია მივლინების, აუდიტორული მომსახურებისა და იჯარაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31041 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მონაწილეობით შესწავლილ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადში დამატებით დაკისრებული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ მოთხოვნაზე, შემოწმების მიერ ხელფასის სახით განაცემად განხილული თავისუფალი ფულადი სახსრების ნაშთის დივიდენდად განხილვასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირების მიზნით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო მითითებული სადავო გარემოებად, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „ --------------” (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირების მიზნით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს პარფიუმერული ნაწარმის იმპორტი-რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31041 ბრძანების აღსრულების მიზნით 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელი ვალდებულება. ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 21 დეკემბრის №005-190 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირების მიზნით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(3);61(3);73(5,9);101(1);96(ა);97(1ა);981;309(92);130(1);154(1ზ);96;304(21)