ბრძანება N 7153

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7153
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7153

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 23 იანვრის და 1 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 23 იანვრის №87053/1/2024 და 01 თებერვლის №87378/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-735 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს არცერთ საკითხთან მიმართებით, თუმცა პოზიცია და კონკრეტული არგუმენტები წარმოდგენილი არ არის. 2024 წლის 01 თებერვალს წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულია დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19613 და 26 დეკემბრის №32817 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33398 ბრძანება და ამავე თარიღის №006-735 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 296 895 ლარი, მათ შორის, გადასახადი 166 334 ლარი, ჯარიმა 77 376 ლარი და საურავი 53 185 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილ-ბოსტნეულით, მათი გადამუშავება და კონსერვირება, ასევე, მზა საკვების წარმოება. შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირი ------- აღებული აქვს სესხი და უფიქსირდება პროცენტის გადახდა. აღნიშნული პროცენტი არ არის დაბეგრილი გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან. შემოწმებით, გადახდილი პროცენტები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით „1430“ (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) ანგარიშზე ფიქსირდება თანხების მოძრაობა რამდენიმე ფიზიკურ პირზე, ძირითადად -------, რომელიც იკავებდა კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2019 წლის 7 მაისიდან 2020 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში. ამ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სრულად გადარიცხულია 821 808 ლარი, მათ შორის, ------- კომპანიიდან გატანილი აქვს 781 448 ლარი. საბოლოოდ, აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ აღიარებულია მოთხოვნად და გადატანილია „1420“ ანგარიშზე (მოთხოვნები მეკავშირე საწარმოების მიმართ). შემოწმებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკვალიფიცრდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით, გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

● საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას ფიზიკური პირი ------- აღებული აქვს სესხი და უფიქსირდება პროცენტის გადახდა, რაც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმებით, გადახდილი პროცენტები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დაზუსტებულ საჩივარზე თანდართულია ფ/პ ------- და ფ/პ ------- (კომპანიის დირექტორი) ქორწინების მოწმობა, თუმცა წარმოდგენილ საჩივრებში არ არის მითითებული გადასახადის გადამხდელის პოზიცია ან არგუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

● მოგების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით „1430“ (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) ანგარიშზე ფიქსირდება თანხების მოძრაობა რამდენიმე ფიზიკურ პირზე. კერძოდ, ფ/პ -------, რომელიც იკავებდა კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2019 წლის 7 მაისიდან 2020 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში, კომპანიიდან გატანილი აქვს 781 448 ლარი. აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ აღიარებულია მოთხოვნად. შემოწმებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკვალიფიცრდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დაზუსტებულ საჩივარზე თანდართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2021 წლის 21 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი და 2022 წლის 11 მარტის განჩინება. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „-------“ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმართა სასამართლოს კომპანიის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ და მოითხოვა ------- და სხვა პირების მიერ წაღებული თანხების უკან დაბრუნება. აღნიშნულზე გამოიცა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე და სააღსრულებო ფურცელი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესშიც, თუმცა ვინაიდან დღეის მდგომარეობითაც თანხები დაბრუნებული არ არის, აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ გახდება დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

● ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას არასწორად ჰქონდა განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი გადამხდელის არგუმენტაცია, პოზიცია ან/და რაიმე მტკიცებულება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში არ არის მითითებული კონკრეტული სადავო საკითხები. მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილ-ბოსტნეულით, მათი გადამუშავება და კონსერვირება, ასევე, მზა საკვების წარმოება. შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკური პირისგან აღებული აქვს სესხი და უფიქსირდება პროცენტის გადახდა. აღნიშნული პროცენტი არ არის დაბეგრილი გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით ფიქსირდება თანხების მოძრაობა რამდენიმე ფიზიკურ პირზე,რომელიც დაკვალიფიცრდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 131; 154; 982(3-ზ); 201; 202