ბრძანება N 23789

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.09.2023
№ დოკუმენტი 23789
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23789

28 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---ს (პ/ნ ---)

(მის.: ---)

2023 წლის 29 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ---ს (პ/ნ ---) №145908/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №EL218480 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ საქართველოში ---ის მხრიდან შემოვიდა მისაბმელიანი ავტომობილით, რომელზეც განთავსებული იყო ტვირთი (სპილენძის კონცენტრატი). ტვირთის აწონვის შედეგად დაფიქსირდა არადეკლარირებული სპილენძის კონცენტრატი 1650 კილოგრამის ოდენობით. მომჩივანს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცდომილება, არადეკლარირებულ ტვირთთან დაკავშირებით, გამოიწვია ავტომობილის და მისაბმელის სარეგისტრაციო მოწმობაში არასწორად მითითებულმა წონებმა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 31 ივლისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ---ს რესპუბლიკიდან ---ის მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული, საქართველოს მოქალაქე ---ს (პ/ნ ---) მართვის ქვეშ მყოფი, DAFის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (საქართველოს სახელმწიფო ნომრით ----), რომელიც დატვირთული იყო სპილენძის კონცენტრატით. აღნიშნული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომი გადაადგილებისა და აღრიცხვის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №D-21910/69003 (31.07.2023), რომლისთვისაც, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ში ინტეგრირებულ რისკის პროფილთან თანხვედრის გამო, განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საქონელი და სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა აწონვას. შედეგად კი გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი – 1 650 კგ სპილენძის კონცენტრატი.

გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL218480 (31.07.2023) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---ს (პ/ნ ---) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალების აწონვის შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი – 1 650 კგ სპილენძის კონცენტრატი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკსირებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივანის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ავტომობილისა და მისი მისაბმელის დოკუმენტებში წონა არასწორად არის მითითებული, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №475 დადგენილებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის მოწმობაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა. ამასთან, ასეთი მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში. იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) განიმარტება როგორც ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას სავალდებულოდ წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი.

ამდენად, სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად მიეთითება მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი. მისაბმელის, ისევე როგორც ნახევარმისაბმელის დაუტვირთავი მასის რეგისტრირებული მონაცემი ითვლება იმ მონაცემად, რომელიც მხედველობაში მიიღება საბაჟო პროცედურების, მათ შორის, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას.

შესაბამისად, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ტვირთის წონა გამოიანგარიშება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ---ს (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL218480 (31.07.2023) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6).

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 6; 13; 27; 70, 163; 164.