ბრძანება N 3707

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 27.03.2023
№ დოკუმენტი 3707
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3707

27.02.2023

ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" )

(მის.: "-------" )

2023 წლის 1 თებერვლის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ) №17960/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აგვისტოს N024-6769 (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი) და 2021 წლის 8 ნოემბრის N011-52533 (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) საგადასახადო მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N15).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ არის კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებული. ამბობს, რომ აღნიშნული მიწით არ უსარგებლია, არ ფლობდა ინფორმაციას დარიცხული გადასახადის შესახებ და ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად 12.08.2021 წელს ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია 2020 წლის ქონების გადასახადი 215 (16885-დან 215) კვ.მ. არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (საკადასტრო კოდი: "-------" ) მდებარე ქ. "-------" . 2020 წლის გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიურად 59 ლარის ოდენობით, ხოლო 2021-2022წ. გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად ასევე წლიურად 59 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით 2020წ. დარიცხვაზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა ფოსტით 06.09.2021 წელს, ხოლო 2021წ. მოთხოვნა გადამხდელთან არ გაგზავნილა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამის მონაცემებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდებოდა (საკადასტრო კოდი "-------" ) ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ) თანასაკუთრებაში (კუთვნილი წილი 215კვ.მ) ფლობდა 31.10.2019 წლიდან 27.12.2021 წლამდე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაცემულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 27.12.2021 წელს ხელშეკრულებით ქ. "-------" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში "-------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2010 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდით: " -------- ") შესაბამისი წილი საკუთრებაში გადაეცა გადამხდელს, რომელზეც ამავე ხელშეკრულებით როგორც კოოპერატივის წევრმა საკუთრების უფლება გადასცა კომპანიას (შპს „------“ ს/ნ "-------" ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პირობით).

ფ/პ"-------" (პ/ნ "-------" ) 01.02.2023 წლის №"-------" განცხადების საფუძველზე შეუმცირდა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2022 წლის არასასოფლო მიწის გადასახადი. ასევე განხორციელდა 2020წ. გადასახადში საურავის გადაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 58.65 ლარი, საურავი 13.46 ლარის ოდენობით

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა N011-52533 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 8 ნოემბრის N011-52533 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დარიცხული საურავის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი N024-6769 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-6 ნაწილის თანახმად, კი წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს N024-6769 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა ფოსტით 2021 წლის 6 სექტემბერს, საჩივარი კი წარმოდგენილია 2023 წლის 1 თებერვალს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ) საჩივარი საურავის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან;

3. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ფ/პ"-------" (პ/ნ "-------" ) საჩივარი 2021 წლის 12 აგვისტოს N024-6769 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.