გადაწყვეტილება №20251/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20251/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 12.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20251/2/2023).
დავის საგანი:
1. დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-314 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 311 556,94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 181 395,81
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 3,36
მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 8 628,45
ქონების გადასახადი - 172 764
ჯარიმა - 69 103
საურავი - 61 058,13
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის (მათ შორის მიწა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-314 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ორგანიზაციის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა ------- მშენებლობა ------- რაიონში. ბუღალტრული პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საზოგადოება ფლობს დაახლოებით 174 საკადასტრო კოდზე არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შეძენილი აქვს უმეტესად 2012-2013 წლებში ფიზიკური პირებისგან. ამასთან, ბალანსზე უფიქსირდება დაუმთავრებელი წარმოების ნაშთი ღირებულებით 4 319 123 ლარი (------- 2 442 267 ლარი, ------- 1 876 856 ლარი). შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ადეკლარირებს ქონების გადასახადს, გარდა 2021 წლის ქონების გადასახადისა, რომლის დეკლარაცია წარმოდგენილი აქვს 31.03.2022 წელს და გადასახადი შეადგენს 1 080 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 202-ე მუხლის პირველი ნაწილის, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 204-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, გაანგარიშდა ქონების გადასახადი დაუმთავრებელ მშენებლობაზე და მიწაზე ქონების გადასახადი შესაბამისი განაკვეთების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 204-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე. კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი აქტივი, ძირითადი საშუალება ან რაიმე ტიპის დაუმთავრებელი მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადი განსაზღვრულია მხოლოდ ბუღალტრულად ასახულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე ისე, რომ არ განხორციელებულა აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობის ფაქტის შესწავლა და დადასტურება. საკუთარი არგუმენტაციის დადასტურების მიზნით ითხოვს მიეცეს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ან/და ექსპერტის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსზე დაფიქსირებული დაუმთავრებელი წარმოების ნაშთის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, მათ მიერ საგადასახადო ვალდებულების, კერძოდ კი ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერებში დაუმთავრებელ წარმოებად აღრიცხულ ქონებაზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ძირითადი საშუალებები განმარტებულია საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე ნაწილით, რომლის მიხედვით, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულია ძირითად საშუალებად აღიარების კრიტერიუმები, მათ შორის დანახარჯები, რომლებიც აღიარდება ძირითადი საშუალების ღირებულებაში. კომპანიის მიერ კი არ განხორციელებულა ისეთი დანახარჯების გაწევა, რაც დაექვემდებარებოდა ძირითად საშუალებად ან დაუმთავრებელ მშენებლობად აღიარებას და შესაბამისად აღრიცხვას.
კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი აქტივი, ძირითადი საშუალება და არც რაიმე ტიპის დაუმთავრებელი მშენებლობა. ხოლო, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საწარმოს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება ბალანსზე არსებულ ძირითად საშუალებაზე ან დაუმთავრებელ მშენებლობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს და შესაბამისად, არამართებულია კომპანიისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და ქონების გადასახადის დაკისრება. შემმოწმებელი ქონების გადასახადს საზღვრავს მხოლოდ ბუღალტრულად ასახულ დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთზე ისე, რომ არ განხორციელებულა აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობის/რეალურობის ფაქტის შესწავლა და დადასტურება.
გარდა გადასახადის გადამხდელის მიმართ გადასახადების გამოანგარიშების სისწორის ვალდებულების დაწესებისა, მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებსაც ეკისრებათ ვალდებულება მხოლოდ გადამოწმებული და დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განსაზღვრონ საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტის ოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97- ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
იმ ფაქტის დადასტურების მიზნით, რომ კომპანიას არ გააჩნია დაუმთავრებელი მშენებლობა და არც ძირითადი საშუალებები მიზანშეწონილია გადასახადის გადამხდელს მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების დასკვნა ან/და ექსპერტის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ კომპანიის საკუთრებაში (მათ შორის საკუთრებაში არსებულ მიწებზე) არ არსებობს რაიმე ტიპის აქტივი/დაუმთავრებელი მშენებლობა.
მომჩივანი 20.07.2023 წელს წარმოდგენილ (№124099/01) საჩივარში აღნიშნავს, რომ 19.02.2011 წელს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებულია ურთიერთშედარების მემორანდუმი ------- დაკავშირებული ვალდებულების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 3.10.2012 წლის №---- განკარგულება, რომლის საფუძველზე სს ------- 59 წლის ვადით გადაეცა სასყიდლიანი აღნაგობის უფლება ------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 96 222 კვ. მ მიწის ნაკვეთებზე. ხოლო, საქართველოს მთავრობის 4.10.2012 წლის №--- განკარგულების თანახმად, სს ------- პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ------- ტერიტორიაზე. ასევე, პირდაპირი მიყიდვის გზით განხორციელდა მიწის ნაკვეთების შესყიდვა 25.07.2013 წლის №------- და 13.02.2014 წლის №------- საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე.
ამასთან, კომპანიის მიერ ------- აშენების მიზნით განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიებზე ფიზიკური პირებისგან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების შესყიდვა და აღნიშნული დღეის მდგომარეობითაც ირიცხება კომპანიის საკუთრებაში.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 24.08.2012 წლის №--- ბრძანებით დამტკიცებულია სს ------- მდ. ------- მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 13.08.2021 წლის №------- ბრძანებით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ------- ვერ უზრუნველყო სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმების შესრულება, კერძოდ 19.02.2011 წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ------- და ------- მშენებლობის დასრულებისა ექსპლუატაციაში მიღების ვადების დარღვევის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 21.10.2016 წლის №------- განკარგულებით კომპანიას დაეკისრა საურავი. კერძოდ „-------“-სა და სს ------- სოლიდარულად დაეკისრათ საურავი, ჯამში 3 108 000 აშშ დოლარი.
საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №------- განკარგულებით შეწყვეტილი იქნა 19.02.2011 წლის მემორანდუმი და აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში სს ------- საკუთრებაში, მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ. აღნიშნულის დასტურად ასევე წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი.
სს ------- 23.08.2012 წელს გაცემული №--- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს შემოწმების 2020 წლის 15-27 ივლისის ანგარიშით დასტურდება, რომ ------- არც ერთი შემადგენელი ელემენტის და არც დამხმარე სამშენებლო ბანაკის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა (დასკვნის მე-4 გვ). ამავე დასკვნის მე-5 გვერდზე აღნიშნულია, რომ ------- დაკავშირებით სს ------- მიერ ს/კ ------- მიწის ნაკვეთებზე ჩატარებულია მიწის გადახსნითი სამუშაოები, მოხსნილია მიწის ნაყოფიერი ფენა და მოსწორებულია 15 მეტრიანი ვაკისი. აქედან აღნიშნულია, რომ ამ მოხსნილ მიწის ნაყოფიერ ფენაზე უნდა მოწყობილიყო სამანქანე გადასასვლელები, რაც არ არის შესრულებული. ამ სამუშაოების გარდა ------- მშენებლობისთვის განკუთვნილი სხვა რაიმე სახის სამუშაოები არ არის ჩატარებული. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მიწები, რომლებზეც კომპანიას სამუშაოები აქვს განხორციელებული, გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ.
მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს შემოწმების 2020 წლის 15-27 ივლისის ანგარიშით გაკეთებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით კომპანიის მიერ არ განხორციელებულა ------- მშენებლობა.
ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს 19.10.2020 წლის აქტით კომპანია დაჯარიმდა 23.08.2012 წლის №--- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშით გათვალისწინებული პირობებისა და უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. ამასთან, აღნიშნული აქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კომპანიის მიერ რაიმე სახის სამუშაოები არ არის განხორციელებული.
წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კომპანიას საკუთრებაში არსებულ მიწებზე არ აქვს არანაირი მიმდინარე მშენებლობა განხორციელებული. შესაბამისად, კომპანიის ბალანსზე ასახული დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთი წარმოადგენს გაურკვეველ გარემოებას და მათ შორის სავარაუდოდ მოიცავს მიწის მოსწორების სამუშაოებისთვის გაწეულ ხარჯებს, თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ, რომ აღნიშნული მიწები კომპანიას აღარ ეკუთვნის 2016 წლიდან და მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ. შესაბამისად, წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები იმის დადასტურებისთვის, რომ კომპანიას საკუთრებაში არსებულ მიწებზე არ აქვს განხორციელებული რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისად არ არსებობს დაუმთავრებელი მშენებლობის საბალანსო ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დაკორექტირდეს დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას ბალანსზე უფიქსირდება დამთავრებელი წარმოების ნაშთი ღირებულებით 4 319 123 ლარი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი, გარდა 2021 წლის ქონების გადასახადისა, რომლითაც დეკლარირებული გადასახადი შეადგენს 1 080 ლარს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ არსებობს გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა და არ არის შეფასებული. საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №--- განკარგულებით შეწყვეტილი იქნა 19.02.2011 წლის მემორანდუმი და აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში სს ------- საკუთრებაში, მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ. აღნიშნულის დასტურად ასევე წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს შემოწმების 2020 წლის 15-27 ივლისის ანგარიშით გაკეთებული დასკვნის მიხედვით კომპანიის მიერ არ განხორციელებულა ------- მშენებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს 19.10.2020 წლის აქტით კომპანია დაჯარიმდა 23.08.2012 წლის №34 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშით გათვალისწინებული პირობებისა და უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული აქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კომპანიის მიერ რაიმე სახის სამუშაოები არ არის განხორციელებული.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია მიწის შესყიდვის ღირებულებაზე კოეფიციენტის მიყენებით. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება განხორციელებულია არსებითი ხასიათის შეცდომებით და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ზემოაღნიშნულთან ერთად საყურადღებოა შემოწმების შედეგად მიწაზე ქონების გადასახადი გაანგარიშების ნაწილი. როგორც შემმოწმებელიც მიუთითებს, კომპანია ფლობს დაახლოებით 174 საკადასტრო კოდზე არსებულ მიწის ნაკვეთებს. გაანალიზებული იქნა კომპანიის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში და დადგინდა, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები არსებითად განსხვავდება შემოწმების შედეგად დადგენილ საგადასახადო ვალდებულებებისგან. შემმოწმებლის გაანგარიშებით მიწაზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია მიწის ღირებულების მიხედვით. გაანგარიშების ფაილით ნათლად ჩანს, რომ შემმოწმებელს მიწაზე ქონების გადასახადი გაანგარიშებული აქვს აღნიშნული მისის შესყიდვის ღირებულებაზე კოეფიციენტის მიყენებით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შემმოწმებლის გაანგარიშების ფაილიდან რამდენიმე მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების მეთოდოლოგია. კერძოდ:
- ------- საკადასტრო კოდით, კომპანიის საკუთრებაშია 469 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თუმცა შემმოწმებლის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება განხორციელებულია 1 135,79 კვადრატულ მეტრზე, რაც რეალურად წარმოადგენს აღნიშნული მიწის შესყიდვის ღირებულებას;
- ------- საკადასტრო კოდით, კომპანიის საკუთრებაშია 2 103 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თუმცა შემმოწმებლის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება განხორციელებულია 5 092,87 კვადრატულ მეტრზე, რაც რეალურად წარმოადგენს აღნიშნული მიწის შესყიდვის ღირებულებას;
- ------- საკადასტრო კოდით, კომპანიის საკუთრებაშია 754 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თუმცა შემმოწმებლის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება განხორციელებულია 1 825,98 კვადრატულ მეტრზე, რაც რეალურად წარმოადგენს აღნიშნული მიწის შესყიდვის ღირებულებას.
მითითებული მაგალითების მსგავსად განახორციელა შემმოწმებელმა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ყველა მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას დაშვებულ არსებითი ხასიათის შეცდომას და საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული გადასახადი ექვემდებარება კორექტირებას. ასევე, კომპანიის მიერ წარდგენილია 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, სადაც ასახულია კომპანიის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები საკუთრებაში არსებულ მიწებზე ქონების გადასახადის ნაწილში, რომლის მიხედვით ვალდებულება განისაზღვრა 1 080 ლარის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების მიერ განსაზღვრული 2 877 ლარისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემმოწმებლის მიერ არამართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ბუღალტრულად არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ნაშთის საფუძველზე, ისე, რომ არ განხორციელებულა აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის ფაქტის არსებობის დადასტურება. ასევე, არასწორად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებზე ქონების გადასახადის ნაწილში. ამდენად, უნდა მოხდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანებისა და დარიცხული თანხების სრულად გაუქმება და საჩივრის განხილვა კომპანიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილოებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
7. საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი, გარდა 2021 წლის ქონების გადასახადისა, რომლითაც დეკლარირებული გადასახადი შეადგენს 1 080 ლარს. ბუღალტრული პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საზოგადოება ფლობს 174 საკადასტრო კოდზე არსებულ მიწის ნაკვეთებს.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველი დავის საგნის (დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის დარიცხვის) ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანება და საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დაევალოს საბჭოს აპარატს 12.07.2023 წელს წარმოდგენილი (№119347/01) საჩივარი და 20.07.2023 წელს წარმოდგენილი (№124099/01) დაზუსტებული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება
1. დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის დარიცხვას
2.მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშებას
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის (მათ შორის მიწა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-314 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15080 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1-ა.ა); 202(1); 203(ა); 204(1-2); 205(2, 7)