გადაწყვეტილება №25953/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25953/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 2.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25953/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და სალაროს ფულის ნაშთის ოდენობის მართლზომიერება;
2. არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №081-138 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19752 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 165 011,42 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 739 378,97
დღგ - 237 309,97
საშემოსავლო გადასახადი - 502 069
ჯარიმა - 367 790,20
საურავი - 57 842,25
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა თურქეთის რესპუბლიკიდან თევზის იმპორტი და რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.01.2024 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 30.01.2024 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 24.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე 27.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13802 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-138 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.09.2025 წლის №19752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და სალაროს ფულის ნაშთის ოდენობის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 504 142 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ფინა“, ასევე, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. ასევე შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები (ელ. ზედნადებები, საგ. ანგარიშ-ფაქტურები, საბაჟო დეკლარაციები თანდართული ინვოისებით). ბუღალტრული პროგრამაში საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილი იყო ერთიანად და არა თითოეული ოპერაციის მიხედვით, რეალიზებული საქონლის 22% დოკუმენტურია. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად ნაკლებია დოკუმენტურ ფასნამატზე (დოკუმენტური - 68,9%, საცალო - 6 %).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში ბუღალტრულად საცალოდ ჩამოწერილი საქონლის რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამისი თვის დოკუმენტურად დადასტურებული (სახეობების მიხედვით) საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი, აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი, შემოსავალში ასევე გათვალისწინებულია ქვეიჯარით მიღებული ბუღალტრულად აღრიცხული შემოსავალი 16 704 ლარი, შემოწმების შედეგად დადგენილმა სხვაობამ შეადგინა 1 318 394 ლარი (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1 900 000 ლარის ოდენობით (დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. შედეგად, საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამების მიხედვით საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, საწარმოს საქონლის 22% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ხოლო დანარჩენი საქონელი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ნაწილში საწარმოს დაფიქსირებული ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) დოკუმენტურად დადასტურებულ ფასნამატზე, კონკრეტულად, საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში საშუალოდ შეადგენს 68,9%-ს. ხოლო საცალო რეალიზაციის ნაწილში - 6 %-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში ბუღალტრულად საცალოდ ჩამოწერილი საქონლის (სახეობების მიხედვით) რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამისი თვის დოკუმენტურად დადასტურებული (სახეობების მიხედვით) საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი, აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი (დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), რომელიც ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე საცალოდ. თევზის სახეობები განეკუთვნება მალფუჭებადი საქონლის სიას და ასევე არის დაბალ ვადიანი. შესაბამისად საქონლის მალფუჭებადი სტატუსიდან და მაღალი კონკურენციდან გამომდინარე საქონელი იყიდებოდა სხვადასხვა ფასებში მაღალი ფასნამატითაც და შესაბამისად დაბალი ფასნამატითაც იმისათვის რომ საქონელი არ გაფუჭებულიყო და ფირმას არ ეზარალა. ფირმას ბუღალტრულად ფულის ნაშთი არ გააჩნდა მისი რეალიზაციიდან გამომდინარე. შემოწმების შემდეგ სალაროში ფულის ნაშთი დაფიქსირდა იმის გამო, რომ შემმოწმებელმა დღგ-ის კუთხით თავისი გამოთვლებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზარდა, რამაც შესაბამისად გამოიწვია სალაროში ფულის ნაშთის გაზრდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის 4 საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ბუღალტრულად ფულის ნაშთი არ გააჩნდა მისი რეალიზაციიდან გამომდინარე.
შემოწმების შემდეგ სალაროში ფულის ნაშთი დაფიქსირდა იმის გამო, რომ შემმოწმებელმა თავისი გამოთვლებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზარდა, რამაც შესაბამისად გამოიწვია სალაროში ფულის ნაშთის გაზრდა. საქონელი მისი მალფუჭებადობიდან გამომიდნარე იყიდებოდა განსხვავებული ფასნამატებით. აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2025 წლის №89975-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, მომჩივანი ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერებს არ ახორციელებდა ყოველი ოპერაციის მიხედვით, საზოგადოებას საქონლის მხოლოდ 22 პროცენტი ჰქონდა რეალიზებული.
დოკუმენტურ და მის გარეშე რალიზებულ შემთხვევებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში საშუალოდ შეადგენდა 68,9%-ს. ხოლო საცალო რეალიზაციის ნაწილში - 6 %-ს. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განსაზღვრის შესახებ. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება არარეზიდენტი პირებისგან, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხა შეადგენდა 228 178 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ხოლო შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის და 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. ასევე, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხა შეადგენს 68 153,50 ლარს და არა 228 178 ლარს. აცხადებს, რომ კომპანიას აქვს არარეზიდენტი პირებისგან ცნობები, რომ ისინი არიან გადასახადის გადამხდელები და შესაბამისად არ ექვემდებარებიან 10 %-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების ოდენობა და მათი დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, რეზიდენტობის ცნობები და შესაბამისი მტკიცებულებები არარეზიდენტი პირებზე გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არარეზიდენტი პირებისგან მიღებული აქვს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება, ხოლო არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხა შეადგენს 68 153,50 ლარს და არა 228 178 ლარს, როგორც შემოწმების შედეგად გამოავლინეს, ასევე ფირმას აქვს არარეზიდენტი პირებისგან ცნობა მის შესახებ, რომ ისინი არიან გადასახადის გადამხდელები და შესაბამისად არ ექვემდებარებიან 10% -იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე – 10 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.
ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივნის განმარტებით, არარეზიდენტი პირებისგან საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 68 153,50 ლარი და არა 228 178 ლარი, ასევე საზოგადოებას აქვს არარეზიდენტი პირებისგან ცნობა იმის თაობაზე, რომ ისინი არიან გადასახადის გადამხდელები და შესაბამისად არ ექვემდებარებიან 10 % -იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
დავის საგნის ამ ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების ოდენობა და მათი დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, რეზიდენტობის ცნობები და შესაბამისი მტკიცებულებები არარეზიდენტი პირებზე გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და სალაროს ფულის ნაშთის ოდენობის მართლზომიერება;
2. არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის თევზის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამების მიხედვით საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, საწარმოს საქონლის 22% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ხოლო დანარჩენი საქონელი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ნაწილში საწარმოს დაფიქსირებული ფასნამატი მნიშვნელოვად განსხვავდება (ნაკლებია) დოკუმენტურად დადასტურებულ ფასნამატზე, კონკრეტულად, საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში საშუალოდ შეადგენს 68,9%-ს. ხოლო საცალო რეალიზაციის ნაწილში - 6 %-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში ბუღალტრულად საცალოდ ჩამოწერილი საქონლის (სახეობების მიხედვით) რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამისი თვის დოკუმენტურად დადასტურებული (სახეობების მიხედვით) საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი, აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი.
შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი (დებიტორული და კრედიტორული დავალიენების, საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისიწინებით), რომელიც ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება არარეზიდენტი პირებისგან, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხა შეადგენს 228 178 ლარს (საშემოსავლო გადასახადის (გარეშე), ხოლო შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. შემოწმების შედეგად, არარეზიდენ პირზე გადახდილი თანხა 228 178 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 134 (1); 125.