ბრძანება N 22226
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22226
15 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------;
იურ. მის.: ----------------------------)
2024 წლის 11 ივლისის და 5 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის და 19 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №78 და №101) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 11 ივლისის №90671/1/2024 და 5 სექტემბრის №91811/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის №006-285 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით შპს „------ის“ მიერ არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად (აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად) განხილვას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ შპს -----ს გაფორმებული აქვს მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც იგი მომსახურებას უწევს სხვადასხვა არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორს. სხვა საკითხების გადაჭრასთან ერთად, მომხმარებელთა განცხადებების ერთ-ერთი ფორმაა სათამაშო ბიზნესის ოპერატორისაგან ბონუსის მოთხოვნა. ასეთი მოთხოვნის დამუშავების პროცესში შპს ------ის თანამშრომელი მთლიანად ხელმძღვანელობს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ დადგენილი გზამკვლევით/პროგრამით და არ იღებს ინდივიდუალურ ან/და დისკრეციულ გადაწყვეტილებებს. შპს------ის თანამშრომელი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ადგენს შეიძლება თუ არა კონკრეტულ მომხმარებელზე ბონუსის გაცემა. თუ დადგინდა, რომ ბონუსის გაცემა დასაშვებია, შპს -----ის თანამშრომელი გადადის მეორე ეტაპზე და სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორის მიერ წინასწარ მომზადებულ პროგრამაში (ე.წ. კალკულატორში) შეჰყავს კონკრეტული მომხმარებლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. პროგრამა (კალკულატორი) ავტომატურად აგენერირებს გასაცემი ბონუსის თანხას. თუ ბონუსის თანხა დადებითია, შპს------ის თანამშრომელს ხელით შეჰყავს ეს თანხას პროგრამაში და ღილაკზე თითის დაჭერით ადასტურებს სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მიერ მოთამაშისათვის ბონუსის დარიცხვას. არც ე.წ. კალკულატორი და არც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა, რომელშიც ტექნიკურად ხდება ბონუსის დადასტურება არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საკუთრებას. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „-----ი“ თავად არ ურიცხავს ბონუსს მოთამაშეებს და ეს ბონუსი ირიცხება სათამაშო ბიზნესის უშუალოდ იმ არარეზიდენტი ოპერატორის მიერ, რომლის მომხმარებლის განცხადებაც განიხილა შპს „-------ის“ თანამშრომელმა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საჭიროების შესაფასებლად, კანონი ითვალისწინებს ორწვერიან ტესტს, რომელიც კუმულატიურად უნდა დაკმაყოფილდეს: წარმოადგენს თუ არა განსახილველი მომსახურება კანონით ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ მომსახურებას და ახდენს თუ არა აღნიშნული მომსახურება გავლენას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ, მეორე მხრივ კი მოიცავს იმ პროდუქციას/მომსახურებას, რომელიც პირდაპირაა მითითებული/ჩამოთვლილი ამ კანონში.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცხადია, რომ შპს „------ის“ მიერ თავისი არარეზიდენტი კლიენტებისათვის გაწეული მომსახურება (მომხმარებელთა მომსახურების აუთსორსინგი) არ შეესაბამება კანონში ამომწურავად ჩამოთვლილ არც ერთ მომსახურებას/პროდუქციას. კერძოდ, შპს ------ი კლიენტებს არ აწვდის თამაშობებს, RNG-ს, ჯეკპოტის ან სათამაშო პლატფორმას, სერვერს, მონაცემთა ბაზას თუ მენეჯმენტის სისტემას. როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „-----ის“ ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მომხმარებელთა ტექნიკური მომსახურებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უშუალოდ თამაშობებთან. შპს „------ის“ როლის მხოლოდ რუტინული, ტექნიკური შინაარსი ცხადყოფს, რომ იგი სათამაშო ბიზნესის არარეზიდენტ ორგანიზატორებს არ აწვდის არსებითი ხასიათის მომსახურებას და შესაბამისად, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს ,,არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არსებითი მომსახურების თანმდევ, დამხმარე მომსახურებას.
აღნიშნული მომსახურების სწორი განმარტებისათვის და კანონმდებლის მიზნის დასადგენად, გადასახადის გადამხდელი ეყრდნობა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებებს და სადავო მომსახურებიდან GGR-ის დათვლის შეუძლებლობას. აცხადებს, რომ კანონშემოქმედებით ეტაპზე გაკეთებული განმარტებების მიხედვით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არის პირი, რომელიც არსებითად ჩართულია სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაში და ორგანიზატორს აწვდის სისტემურად მნიშვნელოვან პროგრამასა თუ მომსახურებას.
ხოლო, საწარმოს მიერ გენერირებული GGR-ის ნაწილში, აცხადებს, რომ აზარტული/მომგებიანი თამაშობის მიმწოდებელი არის ისეთი პირი, რომლის მიმართაც აღნიშნული GGR-ის დათვლა შესაძლებელია. კერძოდ, თამაშების მიმწოდებლის საქმიანობა ისეთ კავშირში უნდა იყოს უშუალოდ თამაშების ორგანიზატორის საქმიანობასთან, რომ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება შემოსავლის გენერირების (GGR-ის) შესაძლებლობას აძლევდეს თავად ორგანიზატორს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ამ GGR-ის მიკუთვნება უშუალოდ თამაშების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. შპს „------ის“ მიერ გაწეული მომსახურება არანაირ მონაწილეობას არ იღებს ორგანიზატორის მიერ შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში. გარდა ამისა, თუკი შპს „-----ის“ თანამშრომლების მიერ ტექნიკურად დადასტურებული ბონუსებით მომხმარებელი ითამაშებს ოპერატორის პლატფორმაზე, ამ თამაშის შედეგად ეს ორგანიზატორი ვერ მიიღებს ვერანაირ მოგებას, რადგან მოთამაშეები თამაშობენ არა თავიანთი ნამდვილი ფულით, არამედ თავად ორგანიზატორის მიერ შექმნილი ვირტუალური სათამაშო ქულებით, რომელთა წაგების (ანუ ორგანიზატორისათვის გადაცემის) შემთხვევაში ორგანიზატორის ქონება არ იზრდება, არ გენერირდება შემოსავალი (GGR). მეტიც, ბონუსებით თამაშის შედეგი ორგანიზატორისათვის ვერასოდეს იქნება მოგების (GGR-ის) მიღება, თუმცა შესაძლებელია იყოს წაგება, რადგან გარკვეულ შემთხვევებში მოთამაშემ ხანგრძლივი თამაშის შემდეგ შესაძლოა დარიცხული ბონუსით მიიღოს მოგება, რაც კომპანიისათვის ზარალს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ------ის მომსახურება არ წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორთათვის გაწეულ ისეთ მომსახურებას, რომელიც მას ხელს უწყობს შემოსავლის (GGR-ის) გენერირებაში და შედეგად, ის ვერ იქნება ის არსებითი ხასიათის მომსახურება, რომლის რეგულირებაც კანონმდებლის მიზანია.
გადასახადის გადამხდელი, გაწეული მომსახურების მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე გავლენის მოხდენის ნაწილში, მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ შპს „-------ის“ მიერ გაწეული მომსახურების კონკრეტული ნაწილი - ბონუსების გაცემა - გავლენას ახდენს თამაშების შედეგებზე, რომელი მსჯელობაც გადამხდელის პოზიციით ფაქტობრივად მცდარია და საგადასახადო ორგანო არასწორად განმარტავს თამაშობის შედეგებზე გავლენას. აცხადებს, რომ შპს ------ის თანამშრომლების მიერ მექანიკურად (დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე) დადასტურებული ბონუსი არ წარმოადგენს მოთამაშეთა მიერ პირდაპირ განაღდებად ჯილდოს და მოთამაშეს შეუძლია ეს ბონუსი გამოიყენოს მხოლოდ სათამაშო ბიზნესის შესაბამისი ორგანიზატორის პლატფორმაზე სათამაშოდ. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოთამაშე მიღებულ ბონუს იყენებს სათამაშოდ არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ ეს გავლენას ახდენს თამაშის შედეგზე. კერძოდ, ბონუსის ჩარიცხვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოთამაშის საშუალებაზე - შეძლებს თუ არა ის ითამაშოს რომელიმე თამაში. თუმცა, რეალურად ითამაშებს თუ არა, ან რომელ თამაშს ითამაშებს და მითუმეტეს ამ თამაშს რა შედეგით დაასრულებს (მოიგებს თუ წააგებს), აღნიშნულზე შპს ------ს არანაირი გავლენა არ აქვს. არც შპს „------ს“ და არც მის რომელიმე თანამშრომელს არ აქვს წვდომა/კავშირი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის არც ერთ კონკრეტულ თამაშობასთან და მას არ აქვს ინფორმაცია/კონტროლი იმაზე, საერთოდ გამოიყენებს თუ არა ამ ბონუსს მოთამაშე, თუ კი - რა ფორმით, რომელ თამაშზე მოხდება დარიცხული ბონუსის გამოყენება, ან რა შედეგით დასრულდება ეს თამაში. რა შედეგით დასრულდება მიღებული ბონუსით თამაში - ამაზე გავლენა აქვს მხოლოდ თამაშის ორგანიზატორს ან/და ამ თამაშის მიმწოდებელს (ანუ იმ პირს, რომლის რეგულირებასაც ისახავს მიზნად კანონი). თავად ბონუსის ტექნიკურად დამადასტურებელს კი თამაშის შედეგებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. შპს „------ის“ თანამშრომლის ქმედება - ბონუსის ტექნიკური დადასტურება არანაირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არის თამაშის შედეგებთან და მას არ შეუძლია ამ შედეგების არათუ კონტროლი/მანიპულაცია არამედ დანახვაც კი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი განმარტავს, რომ ბონუსის გამოყენება/არგამოყენების საკითხი, კონკრეტული თამაშის შერჩევა, ფსონის დადება/არ დადება და დადებული ფსონის ოდენობა მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე, ხოლო კონკრეტული თამაშის შედეგი კი თამაშის ორგანიზატორზე ან/და თამაშის მიმწოდებელზე და აცხადებს, რომ საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება არანაირ გავლენას არ ახდენს თამაშის შედეგებზე, იგი არ წარმოადგენს იმ არსებით მომსახურებას, რომელიც საჭიროებს ნებართვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმა/საურავებს და ითხოვს მათ გაუქმებას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახური შპს „-----ს“ ედავება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის გადაუხდელობას. თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებელი არ არის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და არ არის გათვალისწინებული ასეთი მოსაკრებლის არცერთ ობიექტში. თამაშების მიმწოდებელზე არ გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშანი. შესაბამისად, საწარმოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელიც პირს ჯარიმას აკისრებს მოსაკრებლის ნიშნის გარეშე საქმიანობისათვის, ვინაიდან თამაშების მიმწოდებლისათვის ასეთი ვალდებულება კანონით გათვალისწინებული არ არის. აცხადებს, რომ ამავე საკითხს ხაზი გაესვა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროსაც, სადაც ნათლად ითქვა, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს და ის იხდის მხოლოდ ამ კონკრეტული საქმიანობის სანებართვო მოსაკრებელს.
ამასთან, აცხადებს, რომ საურავი არის საგადასახადო სანქცია, გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ტერმინი გადასახადი არ მოიცავს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს. ამასთან, არც საგადასახადო კოდექსით და არც სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის პირისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი საურავის დაკისრება თამაშების მიწოდების სანებართვო მოსაკრებლის ვადაში გადაუხდელობისათვის. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, აცხადებს, რომ საურავის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა და დარიცხული საურავი უნდა გაუქმდეს.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს არასწორად/ზედმეტად დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში არარეზიდენტი პირებისაგან მიღებული აქვს იურიდიული, სატელეკომუნიკაციო, სარეკლამო და ინტერნეტ მომსახურებები, რომლებიც არ გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე და გაიწევა დისტანციურად, უცხოეთიდან. ამასთან, აღნიშნული მომსახურებები არ უკავშირდება საქართველოში არსებულ უძრავ/მოძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს და მათთვის გადახდილი მომსახურების საფასური (ჯამური ღირებულებით 369 407.18 ლარი) არასწორად/ზედმეტად აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 104-ე და 134- ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
4. გადასახადის გადამხდელი, საჩივრებში მითითებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 იანვრის №277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 11 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის №13806 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 461 950 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოსაკრებელი 200 000 ლარი, ჯარიმა 200 000 ლარი და საურავი 61 950 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „------ის“ წარმომადგენლებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. 2021 წლის 14 დეკემბერს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, პირებს რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა განესაზღვრათ ვალდებულება უზრუნველეყოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „-----ის“ საქმიანობა/გაწეული მომსახურება წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდებს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას. კერძოდ: აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას. შედეგად, შემოწმებით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის 100%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2021 წლის 14 დეკემბრის საქართველოს კანონზე ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა უნდა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირება.
ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, არსებით პროდუქციას/მომსახურებას ასევე წარმოადგენს ამ ნუსხის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პროდუქციის/მომსახურების აღწერილი იდენტური შინაარსისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე მოწყობილობა/დანადგარი/მომსახურება, მიუხედავად მწარმოებლის ან/და ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ მითითებული დასახელებისა/ინფორმაციისა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტის მიხედვით, ნებართვის სახეა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა.
სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემას, მათში ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას და შესაბამისი მონაცემების უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „------ის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----ის“ წარმომადგენლებს, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას.
შემოწმებით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „------ის“ საქმიანობა/გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდებს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას. კერძოდ, აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება (ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვა) გავლენას ახდენს თამაშის საბოლოო შედეგებზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,------ის“ მიერ გაწეული მომსახურება არის არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება და შესაბამისად, წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოწმებით, შპს „-----ის“ მიერ არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების, კერძოდ, გაწეული საქმიანობის ფარგლებში არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მომხმარებელთათვის ბონუსის გაცემის მომსახურების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შესაბამისად თანხების დარიცხვა, სანქციის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხების დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილებში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში მიღებული აქვს მომსახურებები არარეზიდენტი პირებისაგან იურიდიული, სატელეკომუნიკაციო, სარეკლამო და ინტერნეტ მომსახურებები, რომლებიც არ გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე და გაიწევა დისტანციურად, უცხოეთიდან. ამასთან, აღნიშნული მომსახურებები არ უკავშირდება საქართველოში არსებულ უძრავ/მოძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს და მათთვის გადახდილი მომსახურების საფასური (ჯამური ღირებულებით 369’407.18 ლარი) არასწორად/ზედმეტად აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შპს „------ის“ მიერ არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის გადახდის წყაროსთან არასწორად/ზედმეტად დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით მომჩივანის მიერ არარეზიდენტ სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ თანხებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმა/საურავებს და ითხოვს მათ გაუქმებას.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 104-ე და 134- ე მუხლებზე მითითებით ითხოვს არასწორად/ზედმეტად დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას..
4. გადასახადის გადამხდელი, საჩივრებში მითითებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 8 ივლისიდან 2024 წლის 11 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13806 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 461 950 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატელეფონო ცენტრის (Call center) ოპერირება. სატელეფონო ცენტრის ძირითადი დანიშნულებაა ჩათის, სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ლიცენზირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორთა მომხმარებლებისათვის მომსახურების უზრუნველყოფა. მომხმარებელთა მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საკითხებს, მათ შორის, მომხმარებლების ტექნიკური პრობლემის გადაჭრას და კლიენტთა ვებგვერდების გამოყენების შესახებ რჩევების გაცემას. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანის წარმომადგენლებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, როგორც ოპერატორს/აგენტს, უფლება აქვს გასცეს ბონუსი, თუ კლიენტი აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქმის მასალებიდანვე დგინდება აგენტის/ოპერატორის მიერ ბონუსების გაცემის ფაქტი. 2021 წლის 14 დეკემბერს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, პირებს რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა განესაზღვრათ ვალდებულება უზრუნველეყოთ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან დგინდება, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს უშუალოდ ფულადი თანხების/ბონუსების გაცემის მოთამაშისათვის დარიცხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი თანხის დარიცხვას/განაღდებას აქვს საკუთარი დადგენილი წესი, საბოლოო ჯამში დარიცხული ბონუსები წარმოადგენს მოთამაშისათვის აზარტულ მომგებიან თამაშობაში ჩართვის/მონაწილეობის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნული ქმედების საბოლოო წერტილი წარმოადგენს დარიცხული ბონუსის მეშვეობით მოგების ან წაგების საშუალებას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ც“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის“ პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა/გაწეული მომსახურება წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რადგან ბონუსის გაცემა გავლენას ახდებს თამაშის საბოლოო შედეგზე და ასევე აღნიშნული წარმოადგენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების თანმდევ დამხმარე მომსახურებას. კერძოდ: აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 372 პუნქტით განსაზღვრულ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას. შედეგად, შემოწმებით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1011 ნაწილისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა წლიური სანებართვო მოსაკრებელი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისათვის 100%-ის ოდენობით.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოწმებით, მომჩივანის მიერ არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის გაწეული მომსახურების, კერძოდ, გაწეული საქმიანობის ფარგლებში არარეზიდენტი სათამაშო ბიზნესის ოპერატორის მომხმარებელთათვის ბონუსის გაცემის მომსახურების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მიწოდების ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის შესაბამისად თანხების დარიცხვა, სანქციის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხების დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილებში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272(1); 276;