ბრძანება N 31080-5
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31080
15/10/2020
შპს --------------
(მის.: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს ------ ს 2020 წლის 31 იანვრის №20604/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
ფულად გზავნილებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გზავნილების მომსახურებისას თავად არარეზიდენტი კომპანია განსაზღვრავდა ტარიფებს, თავად აკავებდა მომსახურების თანხებს და ურიცხავდა „-----“-ს პერიოდული ანგარიშსწორებისას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის №34059 და 2019 წლის 22 ნოემბრის №40695 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47337 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 139 251 ლარი, მათ შორის, გადასახადი 671 246 ლარი, ჯარიმა 333 507 ლარი და საურავი 134 498 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ----- სა და არარეზიდენტ კომპანიებს შორის დადებულია ხელშეკრულება ფიზიკური პირების მიერ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გადარიცხვის, განაღდების ან/და ანგარიშსწორების პროცესის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს არარეზიდენტი კომპანიების მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც ხდება ფულადი გზავნილების ტრანზაქციების აღრიცხვა-ანგარიშგება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განსაზღვრულია საკომისიო ტარიფები ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდებისთვის, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს არარეზიდენტი კომპანია. გადარიცხვის ტრანზაქციისათვის კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიო გადარიცხვის მონაწილე მხარეებს შორის ნაწილდება შემდეგი პრინციპით: გამგზავნის საკომისიო; არარეზიდენტი კომპანიის საკომისიო; ფულადი გზავნილის განაღდების საკომისიო.
საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ----- ეწევა ფიზიკური პირებისათვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევას და ფიზიკური პირების მიერ გადახდილი საკომისიოს თანხა სრულად წარმოადგენს მის შემოსავალს, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის, „-----“-ს მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხა, წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისათვის გაწეულ ხარჯს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.”
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურება არის ფულადი გზავნილების განხორციელება.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფულადი გზავნილი განმარტებულია, როგორც საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია გადამხდელის სახელსა და მიმღების სახელზე ანგარიშების გახსნის გარეშე ხორციელდება და ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა პროვაიდერს მიმღებისათვის გადასაცემად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ წარმოებულ ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი აგრეთვე მოიცავს ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკვშირებული მომსახურება, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის მომსახურება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება, არეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, კერძოდ, გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად იბეგრება განაკვეთით - 10 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის აკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
საქმეში არსებული მასალებითა და ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ შპს ----- სა და არარეზიდენტ კომპანიებს შორის დადებულია ხელშეკრულება ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გადარიცხვის, განაღდების ან/და ანგარიშსწორების პროცესის შესახებ. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, განსაზღვრულია საკომისიო ტარიფები ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდებისთვის, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს არარეზიდენტი კომპანია. გადარიცხვის ტრანზაქციისთვის კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიო თანხა, გადარიცხვის მონაწილე მხარეებს შორის ნაწილდება შემდეგი პრინციპით:
1. გამგზავნის საკომისიო;
2. არარეზიდენტი კომპანიის საკომისიო;
3. ფულადი გზავნილის განაღდების საკომისიო.
ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ----- მხრიდან არარეზიდენტი კომპანიების მიმართ თანხის ჩარიცხვა არ ფიქსირდება. ფულადი გზავნილების მომსახურებისას არარეზიდენტი კომპანია განსაზღვრავს ტარიფებს, აკავებდა მომსახურების თანხებს და ურიცხავდა შპს ----- ს.
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ----- ს ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს არარეზიდენტი კომპანიების მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით, რაც არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას, რამდენადაც ხელშეკრულებით „------“ არ არის პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების მიმღები და მას მომსახურებას არ უწევს საერთაშორისო ფულადი გზავნილების არცერთი სისტემა, პირიქით, კომპანია თავად უწევს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემას ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ მომსახურებას, რისთვისაც იღებს კომპენსაციას სისტემიდან.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ფიზიკური პირის მიერ გადახდილი თანხა სრულად წარმოადგენს შპს ----- ს შემოსავალს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებსა და შპს ----- სა და საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებს. გზავნილის გაგზავნის/განაღდების ოპერაციისას კლიენტი საკომისიოს უხდის ფულადი გზავნილების სისტემას, რადგან ყოველი ინდივიდუალური ფულადი გზავნილის ოპერაციის ინიცირებისას გარიგება ხდება საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემასა და მომხმარებელს შორის. ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საკომისიო სრულად წარმოადგენს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემის შემოსავალს, ხოლო ამ საკომისიოდან ნაწილს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა უხდის შპს ----- ს გზავნილის ოპერაციის საბანკო სისტემაში გატარებისა და დამუშავებისათვის.
ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული პოზიცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოდან განხორციელებულ ფულად გზავნილებზე. იმ პირობებში, როცა კომპანია შემოსავალს საერთაშორისო ფულადი გზავნილის სისტემიდან იღებს როგორც საქართველოდან გაგზავნილ, ასევე საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილების დავალების დამუშავებიდან. შესაბამისად, გაურკვეველია, რა ლოგიკით მოხდა დიფერენციაცია, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში, გზავნილის აღრიცხვა ხდება საერთაშორისო ფულადი გზავნილის სისტემების პროგრამული უზრუნვეყოფით და ორივე შემთხვევაში, შპს ----- იღებს გარკვეულ საკომისიო თანხას. არარეზიდენტი კომპანია შემოსავალს არ იღებს შპს ----- დან, რომელიც არ არის გადახდის წყარო და აღნიშნული შემოსავალი არ ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ამდენად, შპს ----- ს საგადასახადო აგენტად მიჩნევა და მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულების დაკისრება არამართლზომიერია.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება შპს ----- ს მიერ ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევის ფაქტი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია საგადასახადო შემოწმების პოზიცია, რომ კლიენტი (ფიზიკური პირი) ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევისთვის სრულ საკომისიო თანხას უხდის შპს ----- ს და აღნიშნული საკომისიო თანხა სრულად წარმოადგენს „-----“ შემოსავალს, ხოლო აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის კომპანიის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისთვის გაწეულ ხარჯს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2020 წლის 31 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი სრული საკომისიო თანხის შპს ----- ს შემოსავლად განხილვის, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების შედეგად დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ფულად გზავნილებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს,.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიებს შორის დადებულია ხელშეკრულება ფიზიკური პირების მიერ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გადარიცხვის, განაღდების ან/და ანგარიშსწორების პროცესის შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად საკომისიო ტარიფებს განსაზღვრავს არარეზიდენტი კომპანია. შემოწმებამ მიიჩნია, რომ გადამხდელი ეწევა ფიზიკური პირებისათვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევას და გადახდილი საკომისიოს თანხა სრულად წარმოადგენს მის შემოსავალს, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის, არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხა, წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისათვის გაწეულ ხარჯს. არარეზიდენტი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ დასტურდება გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევის ფაქტი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია საგადასახადო შემოწმების პოზიცია, რომ საკომისიო თანხა სრულად წარმოადგენს გადამხდელს შემოსავალს, ხოლო აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის კომპანიის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისთვის გაწეულ ხარჯს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 15; 73(9,,ბ“); 100; 104(1,,ო“); 134(1,,ე“); 154(1,,გ“); 275
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი