გადაწყვეტილება №24806/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24806/2/2025
16 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 22.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24806/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №064-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №815 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 625 021, 93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 410 290
დღგ - 53 377
მოგების გადასახადი - 356 688
საშემოსავლო გადასახადი - 225
ჯარიმა - 206 977
საურავი - 7 754,93
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული თეთრეულის კომპლექტით და ტანსაცმლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №064-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.10.20024 წლის №21528 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.11.2024 წლის 24199/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 29.01.2025 წლის №815 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას უფიქსირდება საქონლის შეძენა როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს ბალანსზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 413 067 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №13781 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 14.06.2024 წლის მდგომარეობით, გამოვლინდა საქონლის ნაშთი 52 410 ლარის ოდენობით. კომპანიის შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე (თეთრეული, ტანსაცმელი, სხვა). უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის (თეთრეული/ტანსაცმელი) საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) საშუალო შეწონილი ფასნამატი (38.8%). სხვა კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 43,7%-ის ოდენობით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელმა გამოუცდელობის გამო სათანადოდ ვერ ითანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან, ვერ მიიღო სრულყოფილი მონაწილეობა უპირველესად ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანაში, რომლის შედეგიცაა ფაქტიური ნაშთის არასწორი მონაცემების დადგენა, რამაც გავლენა იქონია ფასნამატის ფორმირებაზე. ასევე გაურკვეველია რა შესადარისი ინფორმაცია გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტმა „მსგავსი ობიექტის“ მოძიებისას და მისი ფასნამატის გავრცელებისას. შესაძლებელია თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთოს განსხვავებული გარემოებები, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს დარიცხვაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია, როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამ ორივე ფაქტორის გათვალისწინებით კი მოხდა ფულადი სახსრების არასწორი ზრდა, რომელმაც გამოიწვია ასევე არაპირდაპირი გაანგარიშების მეთოდით გაცემულ სესხად განსაზღვრა, შესაბამისად, მოგების გადასახადითა და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა და საბანკო ამონაწერები, ხოლო შემდგომ, როცა შესამოწმებელი პერიოდი შეიცვალა გადასახადის გადამხდელმა შეწყვიტა თანამშრომლობა. შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე. უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი 38.8%-ის ოდენობით. სხვა კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 43,7%-ის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშრებით მომჩივანი აპელირების ფასნამატის გაანგარიშების პრინციპზე. კერძოდ, აღნიშნავს, რომ პერიოდების მიხედვით უნდა მოხდეს თვითღირებულებების შეპირისპირება და დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, ვინაიდან ერთი და იგივე საქონელი არის სხვადასხვა თვითღირებულებით. გადასახადის გადამხდელის აღნიშნულ არგუმენტზე მოპასუხემ განმარტა, რომ დოკუმენტური ფასნამატის დადგენის მიზნით მაქსიმალურად მოხდა პერიოდების მიხედვით საქონლის შეძენარეალიზაციის დაკავშირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ჩინეთიდან შეძენილი აქვს საქონელი 403 851 ლარის საინვოისო ღირებულებით (ტრანსპორტირების ჩათვლით), ხოლო მოწოდებული სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული აქვს თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 2 021 232 ლარის ეკვივალენტით მეტი. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ბოლო გადარიცხვა ფიქსირდება 28.03.2024 წელს (მოწოდებულია 1.04.2024 წლამდე პერიოდის საბანკო ამონაწერები). გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ განმარტა, ასევე არ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც „ზედმეტად“ გადარიცხული თანხის მიზნობრიობას დაადასტურებდა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-8 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას მოგების გადასახადთან მიმართებით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ ითანამშრომლა სათანადოდ, რამაც გამოიწვია აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით კვალიფიკაციის მინიჭება საკუთარი შეხედულებისამებრ. ჩინეთში გადარიცხულია თანხა იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია საქონელი. აღნიშნული თანხა განხილულ უნდა იქნეს კაპიტალის შემცირების ხარჯზე კომპანიიდან ფინანსური სახსრების ამოღებად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ, შორის მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.11.2024 წლის 24199/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №815 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანებით უცვლელი დარჩა შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21528 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №064-5 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 625 021 ლარი. მათ შორის, ჯარიმა - 206 977 ლარი და საურავი - 7 754 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განსაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე (თეთრეული, ტანსაცმელი, სხვა). უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის (თეთრეული/ტანსაცმელი) საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) საშუალო შეწონილი ფასნამატი 38.8%- ის ოდენობით. სხვა დაუიდენტიფიცირებელი კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 43,7%-ის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
შემოწმების მასალების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ჩინეთიდან შეძენილი აქვს საქონელი 403 851 ლარის საინვოისო ღირებულებით (ტრანსპორტირების ჩათვლით), ხოლო მოწოდებული სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული აქვს თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 2 021 232 ლარის ეკვივალენტით მეტი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ განმარტა, ასევე არ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც „ზედმეტად“ გადარიცხული თანხის მიზნობრიობას დაადასტურებდა. შემოწმებით „ზედმეტად“ გადარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73; 98 2; 269 (7).