გადაწყვეტილება №19150/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19150/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19150/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 20.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19150/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №007-356 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3408 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 269,84 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 19 530,45

დღგ - 18 834,56

იმპორტის გადასახადი - 695,89

ჯარიმა - 19 530,45

საურავი - 8 208,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 7.03.2022 წლის №5727 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის №1----------- (21.08.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2022 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა233-21-10 აქტში საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივნის სახელზე -------- 3 ავტომანქანით (სახ. №-----------; №----------- და №-----------) საქართველოში შემოტანილ იქნა სხვადასხვა საქონელი. საქონლის დეკლარირებისას წარდგენილ იქნა №-----------; №----------- და №----------- ინვოისები, რომელთა მიხედვით საქონლის საერთო საინვოისო ღირებულებამ შეადგინა 25 240 აშშ დოლარი, თუმცა ინვოისებში მითითებული არ ყოფილა მიწოდების პირობა. ასევე, დეკლარირების

დროს გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ----------- საბაჟოს მიერ შედგენილი სატრანსპორტო დოკუმენტი (-----------), რომელთა მიხედვით საქონლის საერთო წონა ემთხვევა დეკლარირებულს, თუმცა საქონლის აღწერილობა არ არის თანხვედრაში ინვოისებში მითითებულ საქონელთან.

ვინაიდან, აღნიშნულ ინვოისებში არ იყო განსაზღვრული მიწოდების პირობა, ამავდროულად ინვოისში მოცემული საქონელი არ იყო ----------- საბაჟოს სატრანსპორტო დოკუმენტში მითითებულ საქონელთან თანხვედრაში, შპს „-----------. “ განახორციელა „საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის“ და „ფაქტურაში მოცემული ინფორმაციის განმარტებითი ბარათის“ გამოყენებით საქონლის აღწერილობისა და საქონლის მიწოდების პირობების დაზუსტება, ამავდროულად ზემოაღნიშნული 3 სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული ტრანსპორტირების ღირებულების განსაზღვრა, რამაც ჯამში შეადგინა 3 000 აშშ დოლარი.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 86 747.63 ლარი ((25240$+3000$)*3.0718), ხოლო №-----------საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულმა გადასახადმა შეადგინა 15 959.12 ლარი (იმპორტის გადასახადი 292 ლარი, დღგ 15 667,12 ლარი).

საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის და წარმოდგენილი დოკუმენტების რეალობის დასადგენად, №1-----------საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტაცია გადამოწმდა ექსპორტიორი ქვეყნის (-----------) საბაჟო სამსახურში და გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ექსპორტის დეკლარაცია და მათ ხელთ არსებული თანმხლები დოკუმენტაციის ასლები.

ექსპორტიორი ქვეყნის (-----------) საბაჟო სამსახურიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილით ----------- საბაჟო სამსახურმა მიაწოდა ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი საექსპორტო დოკუმენტაცია, კერძოდ სატრანსპორტო დოკუმენტი (-----------) და №-----------; №-----------და №----------- ინვოისები (-----------). მოწოდებული ინფორმაციის და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის შედარების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობა საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის. მოწოდებული ინვოისების მიხედვით საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენს 59 077 აშშ დოლარს. ვინაიდან, ----------- საბაჟოს მიერ მოწოდებულ ინვოისებში არ არის განსაზღვრული მიწოდების პირობა, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების შემადგენელ ელემენტს, ზემოაღნიშნულ ღირებულებას დაემატა ტრანსპორტირების ხარჯი კომპანიის მიერ იმპორტის დროს დაფიქსირებული ოდენობის შესაბამისად, კერძოდ, 3 სატრანსპორტო საშუალებაზე ჯამში 3 000 აშშ დოლარი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ----------- საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 190 688.13 ლარი ((59077$+3000$)*3.0718), რომლის მიხედვით №----------- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული გადასახადი უნდა ყოფილიყო 35 489.57 ლარი, კერძოდ, იმპორტის გადასახადი 987.89 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი 34 501.68 ლარი.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს №-----------საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახადი 695.89 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი 18 834.56 ლარი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 19 530.45 ლარი, რაზეც გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32340 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 22.12.2022 წლის №007-356 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.02.2023 წლის №3408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ინვოისებში არ იყო განსაზღვრული მიწოდების პირობა, ამავდროულად ინვოისში მოცემული საქონელი არ იყო ----------- საბაჟოს სატრანსპორტო დოკუმენტში მითითებულ საქონელთან თანხვედრაში.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივანმა განახორციელა „საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის“ და „ფაქტურაში მოცემული ინფორმაციის განმარტებითი ბარათის“ გამოყენებით საქონლის აღწერილობისა და საქონლის მიწოდების პირობების დაზუსტება, ამავდროულად ზემოაღნიშნული 3 სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული ტრანსპორტირების ღირებულების განსაზღვრა, რამაც ჯამში შეადგინა 3 000 აშშ დოლარი. საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის და წარმოდგენილი დოკუმენტების რეალობის დასადგენად, ინფორმაცია გადამოწმდა ექსპორტიორი ქვეყნის (-----------) საბაჟო სამსახურში. მოწოდებული ინფორმაციის და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაციის შედარებისას გამოვლინდა შეუსაბამობა საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის და ვინაიდან, ----------- საბაჟოს მიერ მოწოდებულ ინვოისებში არ არის განსაზღვრული მიწოდების პირობა, საბაჟო ღირებულებას დაემატა ტრანსპორტირების ხარჯი კომპანიის მიერ იმპორტის დროს დაფიქსირებული ოდენობის შესაბამისად (3 სატრანსპორტო საშუალებაზე ჯამში 3000 აშშ დოლარი).

შესაბამისად, დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანომ საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრა არასწორი მეთოდით. არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები, რითაც დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესი.

დავების განხილვის საბჭომ უნდა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა. შესაბამისად დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, ითხოვს გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.

საწარმოს სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით/შეცდომით ვინაიდან არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

მომჩივან მოითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით მოხდეს დამატებით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

ფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ნობით. საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:

6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

დადგენილია, რომ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილ ინვოისებში არ იყო განსაზღვრული მიწოდების პირობა, ამავდროულად ინვოისში მოცემული საქონელი არ იყო ----------- საბაჟოს სატრანსპორტო დოკუმენტში მითითებულ საქონელთან თანხვედრაში.

მომჩივანმა განახორციელა „საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის“ და „ფაქტურაში მოცემული ინფორმაციის განმარტებითი ბარათის“ გამოყენებით საქონლის აღწერილობისა და საქონლის მიწოდების პირობების დაზუსტება, ამავდროულად ზემოაღნიშნული 3 სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული ტრანსპორტირების ღირებულების განსაზღვრა, რამაც ჯამში შეადგინა 3 000 აშშ დოლარი.

საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის და წარმოდგენილი დოკუმენტების რეალობის დასადგენად, საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტაცია გადამოწმდა ექსპორტიორი ქვეყნის (-----------) საბაჟო სამსახურში და გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ექსპორტის დეკლარაცია და მათ ხელთ არსებული თანმხლები დოკუმენტაციის ასლები.

ექსპორტიორი ქვეყნის (-----------) საბაჟო სამსახურიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილით. ----------- საბაჟო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი საექსპორტო დოკუმენტაცია. წარმოდგენილი ინფორმაციის და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის შედარების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობა საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის. ვინაიდან, ----------- საბაჟოს მიერ მოწოდებულ ინვოისებში არ არის განსაზღვრული მიწოდების პირობა, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების შემადგენელ ელემენტს, ზემოაღნიშნულ ღირებულებას დაემატა ტრანსპორტირების ხარჯი კომპანიის მიერ იმპორტის დროს დაფიქსირებული ოდენობის შესაბამისად. (3 სატრანსპორტო საშუალებაზე ჯამში 3 000 აშშ დოლარი).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელები და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია.

მომჩივანი მოითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან, ვინაიდან არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

30(2,9,10);64(2დ);167(1);13(2);44(6,7);163(11);