ბრძანება N 9644

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9644
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9644

03.05.2023

უსფ(წ)-------------- (ს/ნ ------------)

მის.:-------------------

2022 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 სექტემბრის №17203/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული უსფ(წ) ,,------------’’ (ს/ნ ----------) №67484/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №057-36 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. მიუთითებს, რომ ყველა შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილია საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურები, რომლებიც მიბმულია შესაბამის დეკლარაციებზე. მიუთითებს, რომ ყველა სამუშაოს შესრულების მიმღები იყო სახელმწიფო სტრუქტურა და თანხის განაღდება მათი მხრიდან ხდებოდა საგადასახადო ანგარიშფატქურის წარდგენის საფუძველზე, შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები აღნიშნულ ნაწილში არ შემცირებულა. ასევე, მასალებისა და ნედლეულის რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღებული შემოსავლები დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად. ითხოვს საკითხის შემოწმებასთან ერთად შესწავლას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 მარტის №6443 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ(წ) ,,-------------’’ (ს/ნ ------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 30 დეკემბრის N42328 ბრძანება და 31 დეკემბრის №057-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 624 080 ლარი, მათ შორის: გადასახადი 315 256 ლარი, ჯარიმა 225 346 ლარი, საურავი 83 478 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 30 ივნისის №16905 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №16905 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 16 სექტემბრის №17203/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 სექტემბრის №17203/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №16905 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (მომჩივნის მონაწილეობით) უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. აღნიშნულ მომსახურებებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა N2-ები, ამასთან დამკვეთის მიერ წარმოებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზა, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში დამუშავებული და გაანალიზებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ,,ორისის’’, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გაზრდილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების პროცესში დამუშავებული და გაანალიზებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ,,ორისი’’, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გაზრდილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 სექტემბრის №17203/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

,,მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ 3 პროექტი შესამოწმებელი პერიოდის მერე გაუქმდა დამკვეთების მიერ და ნაწილობრივი შესრულებები დაბეგრილია. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული იყო ავანსების განაშთვის პროპორციული წესი და შემოწმების პერიოდში არ იყო გაუქმებული ხელშეკრულებები. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეცვლილია გარემოება. კერძოდ, საჩივარს ერთვის წერილი, რომლის მიხედვით კონტრაქტი შეწყდა, რაზეც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და დამატებით შესაფასებელია. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაცია ერთი კონტაქტის ფარგლებშია შესაფასებელი თუ პერიოდის ცვლილებაა’’.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებული გაანგარიშების ცხრილები გადამხდელთან გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე 2021 წლის 8 ნოემბერს, გასავლელად და საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად. გადამხდელის მიერ სატელეფონო კომუნიკაციისას გამოთქმულია ცხრილების ერთად გავლის სურვილი, თუმცა მისი მხრიდან არც ელექტრონულ ფოსტაზე და არც პირადად აუდიტის დეპარტამენტში ვიზიტის სახით არ მომხდარა შენიშვნების წარმოდგენა და გადაგზავნილი ცხრილების გავლა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შეწყვეტილი ხელშეკრულებები გათვალისწინებულია საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას. რაც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ შეწყვეტილ ხელშეკრულებებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.

4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. უსფ(წ) ,,---------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.ითხოვს საკითხის შემოწმებასთან ერთად შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. აღნიშნულ მომსახურებებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა N2-ები, ამასთან დამკვეთის მიერ წარმოებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზა, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში დამუშავებული და გაანალიზებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ,,ორისის’’, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა გადასახდელი ვალდებულება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი;

160;161;171;179;