ბრძანება N 24559
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24559
05 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2022 წლის 27 დეკემბრის, 2023 წლის 5 იანვრის და 20 მარტის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №77648/1/2022, №77796/1/2023 და №79794/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის
№001-249 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხის სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, შემმოწმებლის მიერ არ იქნა სრულად გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პოზიცია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის იმპორტი და შემდგომი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ხშირ შემთხვევაში მომწოდებელზე ფულის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორების გზით. აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხის გადახდა მოხდა ----------, რათა ის წასულიყო ---------- და გამოეგზავნა საჭირო ავეჯი. განმარტავს, რომ აღნიშნული განაცემის მიზნობრიობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამავე პერიოდში განხორციელებულია იმპორტი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ვინაიდან რეალიზაციის თითქმის 50% ხდება საბანკო განვადების საშუალებით, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს დადასტურებულ ფასს, რაზეც დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება არასწორია. არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის განსაზღვრის პრინციპს. განმარტავს, რომ დოკუმენტური რეალიზაცია ძლიან მცირეა და შეუძლებელია ისეთი სახეობების საქონელზე, რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ არსებობს, გავრცელდეს სხვა კატეგორიის საქონლის ფასნამატი.
3. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3224 და 22 სექტემბრის №24328 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ყოფ. ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 21 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32622 ბრძანება და ამავე თარიღის №001-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 368 065 ლარი, მათ შორის, გადასახადი 190 338 ლარი, ჯარიმა 95 096 ლარი, საურავი 82 631 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს 2020 წლის 30 იანვარს 150 000 ლარის სესხი აღებული აქვს ---------- ბანკისგან და 1 თებერვალს 141 864 ლარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს ფ/პ ------------, დანიშნულებაში მითითებულია „ავეჯის შესაძენად“. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში -------------- ავეჯის შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ფ/პ --------------სესხის გაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შემოწმების მიერ მოთხოვნილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, არ გააჩნია საქონლის მოძრაობის აღრიცხვა. წარმოადგინა 2019-2021 წლების ბრუნვითი უწყისები, სადაც ფიქსირდება საწყისი და საბოლოო სმფ-ების მზარდი ნაშთები. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის N15688 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტიური ნაშთი, რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 220 020 ლარი, მაშინ როცა გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ ჩანაწერებში 2022 წლის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყის ნაშთად 550 578 ლარს აფიქსირებდა, ინვენტარიზაციის ჩატარებამდე გადამხდელს შეძენილი ჰქონდა
73 271 ლარის სმფ-ები და დღგ-ის დეკლარაციებში აფიქსირებდა 125 391 ლარის შემოსავალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგენილ იქნა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების თანახმად, შემოწმებით დადგენილი შემოსავლები დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ის ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირებულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს 2020 წლის 30 იანვარს 150 000 ლარის სესხი აღებული აქვს -------- ბანკისგან და 1 თებერვალს 141 864 ლარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს ფ/პ ------------, დანიშნულებაში მითითებულია „ავეჯის შესაძენად“. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ---------- ავეჯის შეძენა არ ფიქსირდება. აღნიშნული ფაქტის შესახებ გადამხდელმა განაცხადა, რომ ------------- მისცა თანხა, რათა ის წასულიყო ---------- და მოეხდინა მეორადი ავეჯის შეძენა. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების
საინფორმაციო სისტემაში მოხდა ფ/პ ----------- მიერ საქართველოს საზღვრის კვეთების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ------------ საქართველო თურქეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს, მას არც ავეჯის შეძენა უფიქსირდება. შემოწმების მიერ მოხდა სატელეფონო გასაუბრება----------. ---------- განმარტებით, იგი ეწეოდა ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს და აღნიშნული თანხა გადამხდელისგან მიიღო მხოლოდ ვალუტის შესაძენად. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და შემოწმების მიერ ვერ დასტურდება თანხის დაბრუნების ფაქტი. ამასთან, შემოწმების მიერ მოგება/ზარალის და განკარგავდი თანხების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები, როგორიცაა საბაჟო დეკლარაციებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონელი, მათ შორის, გადამხდელის საჩივარზე თანდართული საბაჟო დეკლარაციებით გაწეული ხარჯები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შემოწმების მიერ მოთხოვნილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, არ გააჩნია საქონლის მოძრაობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული შემოსავლის 88% მიღებული აქვს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე. გადამხდელის საბანკო ამონაწერების მიხედვით, ბანკით მიღებული შემოსავალი საბანკო განვადებებიდან შეადგენს 32 521 ლარს, რაც 0,05%-ია და არა 50%, როგორც ამას გადამხდელი აცხადებს საჩივარში. შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა 71 025 ლარს, რაც მთლიანი დეკლარირებული შემოსავლის 12%-ია. რეალიზაციის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირების მიზნით. შესამოწმებელ პერიოდში წლების მიხედვით შემოწმების მიერ მოხდა ერთი ერთეული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების მეშვეობით. კერძოდ, ძირითადი პროდუქტის - რბილი ავეჯის ერთი ერთეულის თვითღირებულება დაანაგრიშებულ იქნა საშუალო შეწონილი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი წლების ჭრილში 58%-დან 74%-მდე მერყეობს, რაც შესაბამისია გადასახადის გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებულ საშუალო ფასნამატთან, რაც 72%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა შემოწმების მოთხოვნისამებრ დააიდენტიფიცირა სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 72%-ს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხის სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს .
3. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. დადგინდა, რომ გადამხდელს სესხი აღებული აქვს ბანკისგან და გადარიცხული აქვს ფ/პ-ის სასარგებლოდ.დანიშნულებაში მითითებულია „ავეჯის შესაძენად“.თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ-ის მიერ ავეჯის შეძენა არ ფიქსირდება.აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ფ/პ-ზე სესხის გაცემად.
2.ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტიური ნაშთი, რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 220 020 ლარი, მაშინ როცა გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ ჩანაწერებში 2022 წლის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყის ნაშთად 550 578 ლარს აფიქსირებდა, ინვენტარიზაციის ჩატარებამდე გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 73 271 ლარის სმფ-ები და დღგ-ის დეკლარაციებში აფიქსირებდა 125 391 ლარის შემოსავალს.შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირებულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
3.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);73(5,9);97(1ბ,982(3ზ);61(3);161(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1ა);270(1,2);275;272(1);269(7);