გადაწყვეტილება №22663/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22663/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 25.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22663/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №006-678 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 მარტის №4715 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 622 963 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 285 155
დღგ - 571 484
საშემოსავლო გადასახადი - 705 610
ქონების გადასახადი - 8 061
ჯარიმა - 638 547
საურავი - 699 261
პროცედურული გარემოებები
საწარმო დაფუძნებულია 2012 წლის 18 აპრილს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 3 მაისს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17391 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 დეკემბრის
საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №32730 ბრძანება და №006-678 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 622 963 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 4 მარტის №4715 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საწარმოს არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2012-2014 წლებში შეძენილი აქვს კომერციული ფართები, რომლებიც 2020 წელს იჯარით აქვს გაცემული რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ხოლო 2020 წლის 24 ივლისს აღნიშნული უძრავი ქონება გადაცემულია დამფუძნებლის ---------- (პ/ნ -----------) საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ (919 373 ლარი), გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასებულ იქნა საწარმოს ქონება 2019 წლის 31 დეკემბრის და 2020 წლის 24 ივლისის მდგომარეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 24 ივლისს დამფუძნებელს გადაეცა უძრავი ქონებები 3 734 000 ლარის საბაზრო ღირებულებით. ასევე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელს უძრავ ქონებებთან ერთად ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა სრული ინვენტარი (ავეჯი, ტექნიკა და სხვა). 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანს 2020 წლის 24 ივლისს წარმოეშვა უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება (გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრა არ განხორციელებულა). საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 73-ე, 154-ე, მე-18, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ დამფუძნებლისთვის გადაცემული ქონების ღირებულების შეფასება და მისი დღგ-ით დაბეგვრა განხორციელებულია მართლზომიერად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგის გადამხდელის მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. ამასთან, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 24 ივლისს ---------- (პ/ნ ----------) ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა საწარმოს ქონება სრულად, ინვენტარის ჩათვლით. ქონების გადაცემის შემდეგ ------------- აგრძელებს იგივე საქმიანობას, რასაც კომპანია. კერძოდ, უძრავი ქონების გაქირავებას. საგადასახდო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან საწარმოს მიერ ------------ს გადაეცა ყველა აქტივი და მან გააგრძელა იგივე საქმიანობა, რაც კომპანიამ, აღნიშნული საქონლის მიწოდებად არ განიხილებოდა და გათავისუფლებული იყო დღგ-ის გადასახადისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. ამასთან, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №31074-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საკუთარი არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. საწარმოს არ გააჩნია სალარო აპარატი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2012-2014 წლებში შეძენილი აქვს კომერციული ფართები, შესამოწმებელ პერიოდში 2020 წელს იჯარით აქვს გაცემული რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ხოლო 24.07.2020 წელს ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები გადაცემულია დამფუძნებლის ---------- საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ (919 373 ლარი), გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №103295-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასდა საწარმოს ქონება 31.12.2019 წლისა და 24.07.2020 წლის მდგომარეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 24.07.2020 წელს დამფუძნებელს ------------ გადაეცა უძრავი ქონებები (მიწა და შენობანაგებობები) საბაზრო ღირებულებით 3 734 000 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელს უძრავ ქონებებთან ერთად ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა სრული ინვენტარი (ავეჯი, ტექნიკა და სხვა), რომელთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენდა 6 621 ლარს (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს 24.07.2020 წლის მდგომარეობის წარმოეშვა უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოწმებით მომჩივანს 2020 წლის ივლისის თვეში დაერიცხა დღგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დარიცხვა მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქონების შეფასება არის არარეალური. საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შეუძლიათ წარმოადგინონ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მიმართული აქვთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის. მხარეებს შორის 26.01.2024 წელს გაფორმებული ხელშეკრულება წარდგენილია შემოსავლების სამსახურში. ექსპერტიზის დასკვნა მომზადებული იქნება 30 დღის ვადაში.
მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამფუძნებლისთვის გადაცემული აქტივის საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს მიმართ არსებულ მოთხოვნას შორის სხვაობა - 2 822 440 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლისთვის გადაცემული აქტივის საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს მიმართ არსებულ მოთხოვნას შორის სხვაობის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქონების შეფასება არის არარეალური და ქონების ღირებულება არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ ღირებულებას, რის გამოც კომპანიას არ უნდა დაერიცხოს საშემოსავლო და ქონების გადასახადი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში №4715 მითითებული ფორმულირებით არ იყო საქონლის მიწოდების დროს.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს 2012-2014 წლებში შეძენილი აქვს კომერციული ფართები, შესამოწმებელ პერიოდში 2020 წელს იჯარით აქვს გაცემული რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ხოლო 24.07.2020 წელს ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები გადაცემულია დამფუძნებლის -------------- საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ (919 373 ლარი), გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №103295-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასდა კომპანიის ქონება 31.12.2019 წლისა და 24.07.2020 წლის მდგომარეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 24.07.2020 წელს დამფუძნებელს ----------- გადაეცა უძრავი ქონებები (მიწა და შენობა-ნაგებობები) საბაზრო ღირებულებით 3 734 000 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელს უძრავ ქონებებთან ერთად ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა სრული ინვენტარი (ავეჯი, ტექნიკა და სხვა), რომელთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენდა
7 813 ლარს (დღგ-ის ჩათვლით და ცვეთის გათვალისწინებით). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ------------- საკუთრებაში გადაეცა 2 822 440 ლარით მეტი ღირებულების აქტივი, ვიდრე მას გააჩნდა მოთხოვნა საწარმოს მიმართ გაცემული ვალის სანაცვლოდ. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ნამეტი თანხა 2 822 440 ლარის ოდენობით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დარიცხვა მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულების (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე) წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასდა საწარმოს ქონება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 550 000 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება შეადგენს 455 132 ლარს. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლებისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 18 102 ლარს, რომელიც მოიცავს სავენტილაციო სისტემების საბალანსო ღირებულებასაც, რომელიც უძრავი ქონებების შეფასებისას კაპიტალიზებულ იქნა შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულებაში. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ძირითად საშუალებათა რეესტრის საფუძველზე, გადაანგარიშდა ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება და შეადგინა 4 430 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემცირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს სალდირებულად დაერიცხა გადასახადი 8 062 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე, მე-18 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ საწარმოს ქონების საბაზრო ფასით შეფასება და ქონების გადასახადის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასდა საწარმოს ქონება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 550 000 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება შეადგენს 455 132 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი .
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დარიცხვა მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულების (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე) წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 მარტის №4715 ბრძანება;
3.გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. დადგინდა, რომ კომპანიას 2012-2014 წლებში შეძენილი აქვს კომერციული ფართები, რომლებიც 2020 წელს იჯარით აქვს გაცემული რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ხოლო 2020 წლის 24 ივლისს აღნიშნული უძრავი ქონება გადაცემულია დამფუძნებლის საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ. , მომჩივანს 2020 წლის 24 ივლისს წარმოეშვა უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება (გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრა არ განხორციელებულა). საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
დამფუძნებლისთვის გადაცემული აქტივის საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს მიმართ არსებულ მოთხოვნას შორის სხვაობა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შეფასდა საწარმოს ქონება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 550 000 ლარს. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება შეადგენს 455 132 ლარს.
შემოწმების მიერ გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
გარდა ამისა, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ძირითად საშუალებათა რეესტრის საფუძველზე, გადაანგარიშდა ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განსხვავევულია ვიდრე წარდგენილი დეკლარაციით. აღნიშნულ ნაწილში შემცირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს სალდირებულად დაერიცხა გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 მარტის №4715 ბრძანება;დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 161(1);168(4);18(7);154(1);73(9);201;202;205;
“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი