ბრძანება N 25801
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25801
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 8 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 ოქტომბრის №98277/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 სექტემბრის №006-353 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის მითითება. ამასთან, აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ განუმარტავს დარიცხვის ძალაში დატოვების საფუძვლები. ითხოვს, გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 სექტემბრის №006-353 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №11934 ბრძანების შესაბამისად მოხდეს შემოწმების მიერ განსაზღვრული გადასახადის ხელახალი გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №11934 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 24 მარტის, 7 აპრილის და 7 მაისის საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №11934 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 19 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 10 სექტემბრის №006-353 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სსიპ ----ს მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისას და საჯარო რესტრში არსებული შპს „---ს“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები და დადგინდა, რომ ერთი მხრივ შპს „---ს“ და მეორე მხრივ ხელშეკრულების მხარეებს შორის (მათ შორის ---), 2018 წლის 4 სექტემბერი გაფორმდა „უძრავი კონების ნასყიდობის, მომმსახურესა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის“ შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“).
დამატებით, ---ის არქიტექტურის სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით, 2019 წლის 21 თებერვალს გაცემულია სამშენებელო ნებართვა და წარდგენილია განშლის ოქმი. როგორც აღინიშნა, შემოწმების ფარგლებში დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მოძიებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გამოირკვა, რომ შპს „---ს" მიერ არაურთიერთდამოკიდებულ მყიდველებთან უახლოესი ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში და კვადრატული მეტრის ღირებულებები ხელშეკრულებების მიხედვით შეადგენდა 1 000 აშშ დოლარს დღგ-ის ჩათვლით. როგორც აღინიშნა შპს „----ის მიერ ბინების პირველად რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის ივნისის თვეში, შესაბამად შემოწმებამ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პრინციპებთან და დარიცხული გადასახადები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც განმარტავს, გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, როდესაც ამ გარიგების ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, 2024 წლის პირველ იანვრამდე დადებულ გარიგებებზე, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. შესაბამისად, თუ 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, საწარმოსგან საკუთრებაში იღებს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს, საწარმოს მიერ, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ფიზიკური პირისთვის შენობა-ნაგებობის მიწოდების საანგარიშო პერიოდში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა ქ. ---ში (---ის ქ.----ში) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და ფართების რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. კერძოდ, 2018 წლის 4 სექტემბერს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება. ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას:
ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „---ს" (მყიდველი") და მესამე მხრივ---ს ("შემსრულებელი") შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---" ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ., საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფიზიკური პირისათვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება განესაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით). თავის მხრივ, საბაზრო ფასი უნდა დაედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის, ბაზარზე ამ საქონლის მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების (ფიზიკურ პირთან ხელშეკრულების გაფორმების მომენტის გათვალისწინებით) მქონე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის მითითება და ფიზიკური პირისათვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება არ იქნა განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პრინციპების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სრულყოფილად აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №11934 ბრძანება.
ამდენად, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ---ასა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელითხოვს, გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის №11934 ბრძანების შესაბამისად მოხდეს შემოწმების მიერ განსაზღვრული გადასახადის ხელახალი გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არქიტექტურის სამსახურისას და საჯარო რესტრში არსებული მომჩივნის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები და დადგინდა, რომ ერთი მხრივ მომჩივანს და მეორე მხრივ ხელშეკრულების მხარეებს შორის, 2018 წლის 4 სექტემბერი გაფორმდა „უძრავი კონების ნასყიდობის, მომმსახურესა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის“ შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“).
დამატებით, არქიტექტურის სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით, 2019 წლის 21 თებერვალს გაცემულია სამშენებელო ნებართვა და წარდგენილია განშლის ოქმი. როგორც აღინიშნა, შემოწმების ფარგლებში დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მოძიებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გამოირკვა, რომ საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ მყიდველებთან უახლოესი ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში და კვადრატული მეტრის ღირებულებები ხელშეკრულებების მიხედვით შეადგენდა 1 000 აშშ დოლარს დღგ-ის ჩათვლით. როგორც აღინიშნა მომჩივნის მიერ ბინების პირველად რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის ივნისის თვეში, შესაბამად შემოწმებამ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პრინციპებთან და დარიცხული გადასახადები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირსა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 18; 19; 16 (1,2); 14 (1); 159 (1); 163 (1,2); 164 (1).