გადაწყვეტილება № 18969/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 18969/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18969/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 27.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18969/2/2023).

 

დავის საგანი

1. სალაროს თვის მინიმალური ნაშთის და გონივრული ნაშთის სხვაობის სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად ჩათვლა;

2. დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 307 517,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 378 837

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 3 288

მოგების გადასახადი - 115 657

საშემოსავლო გადასახადი - 2 259 892

ჯარიმა - 1 356 846

საურავი - 571 834,6

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 29.11.2022 წლის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს თვის მინიმალური ნაშთის და გონივრული ნაშთის სხვაობის სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

 

შემოწმებით გაანალიზებულია გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა და დადგინდა ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი 2020-2022 წლებში. შემოწმების მიერ განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი წლების მიხედვით (წლიური საკასო ხარჯების 10%). სალაროს თვის მინიმალური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ნაშთს დაკვალიფიცირდა სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ №3 დანართის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის თანხის დაბრუნება პირი უფლებამოსილია სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით (20%) მასზე დარიცხული პროცენტის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაითვალა ხელფასთან გათანაბრებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, შემოწმებით გაანალიზებულია გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა და დადგინდა ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი 2020-2022 წლებში, რის საფუძველზეც განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი წლების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვა, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება, სესხზე დარიცხული პროცენტის თანხის ხელფასთან გათანაბრებულ სარგებლად მიჩნევა და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მუშაობის სპეციფიკა მოითხოვს ნაღდი ფულით ანგარიშსწორების აუცილებლობას შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო:

კომპანიის კუთვნილი ქარხანა მუშაობს 24 საათიანი გრაფიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის გადამზიდავები შეკვეთებს ხშირად იღებენ და ასრულებენ ღამის (ბანკისათვის არა სამუშაო) საათებში, ხოლო მათთან ანგარიშსწორების ფორმა არის მხოლოდ ნაღდი. ამავე საათებში ხდება სხვადსხვა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა, მაგალითად: ძვირადღირებული მძიმე ტექნიკის დაქირავება, რიგ შემთხვევებში მათივე რემონტი და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების შეძენა, საჭიროებისამებრ დამატებითი მუშახელის დაქირავება. პროდუქციის მიწოდება -------- რეზიდენტი კომპანიებისათვის (მათი წარმომადგენლებისათვის) აგრეთვე ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (ხსენებული ქვეყნის რეზიდენტ კომპანიებს საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში აქვთ სირთულეები), ისიც აგრეთვე 24 საათიან რეჟიმში. ქარხანა განთავსებულია რეგიონში, სოფლად (ქ. -----------), შესაბამისად ბანკომატები არ არის მოსახერხებელ მანძილზე დაქირავებით მომუშავეებისათვის, რომელთა დიდი ნაწილი შრომის ანაზღაურებას მოითხოვს აგრეთვე ნაღდი ანგარიშსწორებით. არცთუ ნაკლებ ხარისხოვანი ფაქტორია ბანკიდან ნაღდი ფულის გამოტანის ტარიფები.

ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიას გააჩნია ნაღდი ფულის შენახვისათვის და შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორებისათვის სალარო, რაც გამოიხატება სპეციალურად მოწყობილი ოთახით, რომელიც აღჭურვილია რკინის კარით, შიგნით კი განთავსებულია სეიფი. ოთახი და მიმდებარე ტერიტორია არის ვიდეო კამერების დაკვირვების ქვეშ. კომპანიას დაქირავებული ჰყავს დაცვის 9 თანამშრომელი, მათვე ევალებათ კამერების მონიტორინგი.

ნაღდი ფულის განმკარგველია კომპანიაში დასაქმებული 3 პირი: დირექტორი, ტექნიკური მენეჯერი და რიგითი თანამშრომელი.

შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ №3 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც: ფაქტობრივი გარემოება - სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით საწარმოს გარკვეული დროის განმავლობაში სალაროში უფიქსირდება თანხის უძრავი ნაშთი. ამასთან, შემოწმებისას, სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად არ იქნა მიჩნეული აღნიშნული ნაშთის რეალურად არსებობის ფაქტი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბრძანების აღნიშნული დანართი №3 ძალადაკარგულია შემოწმების პერიოდში შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით და ამავე ბრძანებით დამტკიცებულია №9 დანართი, რომლის მიხედვითაც: მუხლი 9. არაგონივრული ნაშთის კვალიფიკაცია გონივრულ ნაშთად ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი

ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

შემმოწმებლების მიერ სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვრისას, ხსენებული გარემოებები (საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა) არ იყო გათვალისწინებული და მოყვანილი აღწერილობა დამაჯერებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამაღლებს.

მსგავსი საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ შეიძლება მისი და მაგალითად დიდ ქალაქში მომუშავე ორდინალური კომპანიის (ოფისში) სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვირსას იგივე პრინციპების გამოყენება.

შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა ქვეყანაში იმ პერიოდისათვის არსებულ სპეციფიკურ სიტუაციას, „პანდემიურ პერიოდს“ და ამ დროს ეკონომიკური შესაძლებლობები ზოგადად შეზღუდული იყო, რაც აგრეთვე გამოიხატებოდა საბანკო დაწესებულებებში ვიზიტების შეფერხებაში. სალაროს ნაშთის ზრდის დინამიკა ემთხვევა ამ პერიოდს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი გონივრული ნაშთის გაანგარიშების პრინციპის შერჩევაში.

შემმოწმებლებს არ წარმოუდგენიათ სალაროს ნაშთთან დაკავშირებული გაანგარიშების ცხრილი, რომლის მიხედვითაც ნათელი გახდებოდა თუ რა პერიოდზე, რა ნაშთზე და რა პრინციპით განხორციელდა დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც შემდგომში გამოითვალეს შესაბამისი გადასახადები.

საკითხი ახლად წარმოდგენილი გარემოებების, ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით, მისი თავიდან შესწავლის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე დადგინდა ნაღდი ფულის უძრავი ნაშთი 2020-2022 წლებში.

საბჭოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სალაროს არაგონივრულ ნაშთად მიჩნეულია თანხა, რომელიც განისაზღვრა სალაროს თვის მინიმალური ნაშთის და წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი --------. და ---------. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით უფიქსირდება მზარდი დებიტორული დავალიანება, ხოლო შესამოწმებელ პერიოდებში აღნიშნულ უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთები. თურქულ კომპანიებზე რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ნაწილობრივ არის გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებითა და კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით. ხოლო ირანული კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ კომპანიის დებიტორებს, რასაც გადასახადის გადამხდელი ადასტურებს წერილობითი განმარტებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტის ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება, შესაბამისად შემოწმებით აღნიშნული ფულადი საშუალებები ჩაითვალა მიღებულად, შესაბამისი წლის და შემოწმების ბოლოს მიღებულად და განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მზარდი დებიტორული დავალიანება, ხოლო უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთები. საწარმოსთვის თურქულ კომპანიებზე რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ნაწილობრივ არის ანაზღაურებული როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ირანული კომპანიებისგან თანხების ჩარიცხვა არ ფიქსირდება. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტზე ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და აღნიშნული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი მყიდველები არიან --------- და --------- რეზიდენტი კომპანიები. მათ უმეტესობასთან კომპანიას აქვს გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გარკვეული საქმიანი მიდგომები, ურთიერთნდობის ფაქტორი გაძლიერდა, რაც აისახა მათ მიერ რიგ შემთხვევებში პროდუქციის შესაძენად ავანსის გადახდებში, კომპანიის მხრიდან კი მიწოდებული პროდუქციის საფასურის შედარებით მოგვიანებით გადახდის შეღავათის მიცემაში. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით --------- კომპანიებთან, საქმის წარმოების შეუცვლელი ფაქტორია, მათ მიერ ანგარიშსწორება ძირითადად წარმოებს ნაღდი ფორმით. დებიტორული და კრედიტორული დავალიანება საქმიანი ურთიერთობის გრძელ დისტანციაზე მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის თანმხლები ფაქტორია. შემმოწმებლების მიერ გამოითქვა ეჭვი კომპანიაში არსებული დებიტორული დავალიანების რეალობასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით მოითხოვეს შედარების აქტები, რომელთა ნაწილი მათ წარედგინათ, აგრეთვე დამატებით წარდგენილია შემოსავლების სამსახურში. სამწუხაროდ მათ ხსენებული შედარების აქტების ხარისხი არ მიიჩნიეს საკმარისად: „შედარების აქტზე ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება“. დებიტორული დავალიანება ჩათვალეს მიღებულად და დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად.

შემმოწმებლებს არც ამ საკითხთან დაკავშირებით მოუწოდებიათ გადასახადების დარიცხვის გაანგარიშების პრინციპის შესახებ ინფორმაცია, ხოლო დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლის შემდეგ მისი ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძველი ასევე გაურკვეველია. სალაროს ნაშთის საკითხის განხილვისას ნახსენები იყო შესაბამისი მეთოდური მითითების ის ნაწილი, რომლითაც იხელმძღვანელეს, ამ შემთხვევაში კი არ არის ახსნილი თუ რატომ დაკვალიფიცირდა ხსენებული ხელფასად და არა თუნდაც სესხად, რომლის დაბრუნებისას კომპანია იმდენ ზარალს აღარ განიცდიდა.

ხსენებული დებიტორული დავალიანების რეალობის მტკიცებულების მოსაპოვებლად, რაც კომპანიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გადაიდგა სხვადასხვა ქმედითი ნაბიჯი, შეგროვდა სათანადო ინფორმაცია და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი (გონივრულ ვადაში) დამატებით მოძიებული მტკიცებულებების მოპოვებისა.

არსებული რეალური დებიტორული დავალიანების შემდგომი დაფარვისას ხსენებული თანხა (მისი განაწილება) მეორედ დაბეგვრის ობიექტი გახდება. არსებული დებიტორული დავალიანება ცვალებადია მოცულობაში, ბოლო დროს ძირითადად კლებადი. დავალიანება გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებით (ქვეყნის ემბარგო, პანდემია და სხვა). შესაბამისად წარმოიშვა კრედიტორული დავალიანება, რის დასაფარად კომპანიამ მიმართა ბანკს და სესხის მეშვეობით დაფარა იგი, ეს გახლავთ დროებითი ღონისძიება, თავისთავად ეს ფაქტი დამატებით მძიმე ტვირთად დააწვა საწარმოს (ბანკისათვის გადასახდელი პროცენტი), რაც არარეალური დებიტორული დავალიანების პირობებში ნაკლებად ლოგიკურია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კომპანიას უნდა მიეცეს საშუალება, რათა შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული, აგრეთვე უახლოეს მომავალში (გონივრულ ვადაში) მოძიებადი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები,რაც წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით უნდა დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს გადასაანგარიშებლად.

გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის მიწოდებული იქნება შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი -------- და ----------. შესამოწმებელ პერიოდებში უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთები. ირანული კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტის ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქონლის ექსპორტის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანების რეალობა არ დადასტურდა, აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა საქმეში არსებული გარემოებების შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე მითითებულ არგუმენტზე, რომ სადავო დებიტორული დავალიანება დღეის მდგომარეობით შემცირებულია, თანხის ნაწილი კომპანიას მიღებული აქვს და გამოყენებულია კომპანიის სამეურნეო პროცესში. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლის და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვის კორექტირება (შემცირება).

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 1 356 846 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-525 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 571 834,6 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი მითითებული არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში. მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით. აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფატორით, შეცდომით/არცოდნით, უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით მოიხსნას დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი

შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.