გადაწყვეტილება №17696/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17696/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№17696/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.012.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 04.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №117696/2/2022).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 8.04.2022 წლის №15652/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 8.10.2021 წლის №011/9/2021 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20259 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 114 913,63 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შპს „------“-ს (ს/ნ -----) 2021 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 180 472 ლარის ოდენობით. 2020 და 2021 წლებში მის მიმართ გავრცელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, თუმცა მისი ქონება არ აღმოჩნდა საკმარისი საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად.

2021 წლის 9 აგვისტოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს გაეგზავნა №21-17/----- წერილი აღნიშნული კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. მომჩივანმა 2021 წლის 6 სექტემბრის ID------- განცხადებით საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ მისი დავალიანება შედგენს 114 913.63 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 8 ოქტომბერს გამოიცა №011/9/2021 საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, რომელსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2021 წლის 15 ოქტომბერს. სადავო საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა 114 913.63 ლარის შპს „------“-ს (ს/ნ ------) სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 8.10.2021 წლის №011/9/2021 საგადასახადო მოთხოვნა 14.11.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.12.2021 წლის №42668 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ, 8.04.2022 წლის №15652/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას, კერძოდ, არ იყო შეფასებული მომჩივნის მიერ საჩივარზე დართული 2021 წლის 2 ივნისის ურთიერთშედარების აქტი და ამავე თარიღის ხელშეკრულება ვალის პატიების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს მიერ დაბრუნებული საჩივარი, რომელიც 29.07.2022 წლის №20259 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 240-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. ერთი მხრივ, 2021 წლის 6 სექტემბრის ID ------ განცხადება, რომლის თანახმად, გადამხდელი მიუთითებს, რომ შპს „-----“-ს (ს/ნ ----) მიმართ გააჩნია დავალიანება 114913.63 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მხრივ, 2021 წლის 8 დეკემბერს (№252509/21-11) წარმოდგენილია 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება ვალის პატიების შეთანხმების შესახებ და 2021 წლის 2 ივნისის ურთიერთშედარების აქტი.

შემოსავლების სამსახურმა შეაფასა ხსენებული დოკუმენტები, მათ შორის, მათი შედგენის/წარმოდგენის ქრონოლოგია და მიიჩნია, რომ არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რაც არსებით გავლენას მოახდენდა სადავო საკითხზე და გახდებოდა სადავო აქტის გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 8 ოქტომბრის №011/9/2021 საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ იქნა მის მიერ 2021 წლის 6 სექტემბერს გაგზავნილი განცხადება, რომლითაც შეცდომით ადასტურებს, რომ შპს „------“-ს (ს/ნ ------) მიმართ დავალიანება შედგენს 114913.63 ლარს. აღნიშნული შეცდომა გამოწვეული იქნა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში არ იყო გატარებული იმ პირველადი დოკუმენტების მონაცემები, რომლებიც შემდგომში წარუდგინა შემოსავლების სამსახურს. კერძოდ, 2021 წლის 8 დეკემბრის №252509/21-11 განცხადებით შემოსავლების სამსახურს დამატებით წარუდგინა 2021 წლის 1 ივნისს შპს „-----“-თან გაფორმებული ხელშეკრულება ვალის პატიების შეთანხმების შესახებ და ორივე მხარის მიერ დამოწმებული 2021 წლის 2 ივნისის ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ შპს „------“-ის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტები, ხელშეკრულება და შედარების აქტი, შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და მიუხედავად, იმისა რომ აღნიშნული დოკუმენტებით ცალსახად დასტურდება, რომ არანაირი ვალდებულება შპს „-------“-ის მიმართ არ გააჩნია, მაინც განხორციელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის ღონისძიება მის მიმართ.

საქმე იმაშია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან, როგორც აღნიშნულ ბრძანებაში კითხულობს მხოლოდ იმას რომ მისი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, ასევე საუბარია მხოლოდ იმაზე რომ შემოსავლების სამსახურმა შეაფასა ზემოთ ხსენებული დოკუმენტები და მათი შედგენის/წარმოდგენის ქრონოლოგია და მიიჩნია რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ძალიან დიდ გაუგებრობას და კითხვებს აჩენს შემოსავლების სამსახურის მიმართ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არსებობს არანაირი დასაბუთება და მტკიცება იმისა თუ, რატომ გააჩნია დავალიანება შპს „-----------“-თან მიმართებაში. როგორც ზემოთ აღნიშნა 2021 წლის 6 სექტემბერს გაგზავნილი განცხადებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული იმის შესახებ რომ შპს „-----------“-თან ჰქონდა დავალიანება, ვინაიდან ამ მომენტისთვის არ იყო სრულად აღრიცხული ყველა სამეურნეო ოპერაცია და ყველა პირველადი დოკუმენტი ბუღალტრულ აღრიცხვაში. გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ამ კომპანიასთან ჰქონდა ვალი. თუმცა მოგვიანებით მას შემდეგ რაც ყველა დოკუმენტი და ოპერაცია აისახა ბუღალტრულ აღრიცხვაში შემოსავლების სამსახურს მიაწოდა დაზუსტებული და სწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ვალი შპს „--------“-თან რეალურად არ გააჩნდა, რასაც ადასტურებს მეორე მხარეც. ამ უკანასკნელის დასტურია შპს „-------“-თან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი და ხელშეკრულება, რაც ნათლად ადასტურებს იმას რომ მასსა და შპს „-------“-ს შორის არ არსებობს არანაირი მოთხოვნა/ვალდებულება. ზემოთ ხსენებულს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ დაადასტურებს (ზემოთ ხსენებულ დოკუმენტებთან ერთად) შპს „------“-ის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებიც, სადაც აღნიშნულ კომპანიას მოთხოვნები მის მიმართ არ უნდა გააჩნდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ისე რომ ფაქტიურად არ განუხილია და დაუსაბუთებია მისი გადაწყვეტილება უარი თქვა მის მოთხოვნაზე.

კერძოდ, გაუგებარია შემდეგი:

რატომ თქვა უარი შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ მოტივით რომ თითქოსდა მისი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, მაშინ როდესაც გასაგებად ახსნა და დოკუმენტურად დაადასტურა ის ფაქტი რომ ვალი შპს „-----------“-თან არ გააჩნია?!

თუ კი დოკუმენტურად მტკიცდება ის ფაქტი, რომ პირველი განცხადებაში მითითებული იყო არასწორი მონაცემები და მეორე განცხადების მიხედვით მოხდა ინფორმაციის დაზუსტება შემოსავლების სამსახურს მაინც უარი უნდა ეთქვა მის მოთოვნაზე?!

არსებობს რაიმე საკანონმდებლო ნორმა რის მიხედვითაც არასწორი ინფორმაციის შემცველი პირველად წარდგენილი განცხადება უპირატესია ვიდრე გადამხდელის მიერ მოგვიანებით წარდგენილი და სწორი მონაცემების შემცველი განცხადება?!

რა იგულისხმა შემოსავლების სამსახურმა იმაში, რომ შეისწავლა დოკუმენტების შედგენის/წარდგენის ქრონოლოგია და აღნიშნულის გამო არ დააკმაყოფილა საჩივარი? რომელ ქორონოლოგიაზეა აქ საუბარი და საიდან იკვეთება ის რომ რაიმე სახის ქრონოლოგია გამორიცხავს იმას, რომ ვალი ზემოთ ხსენებული საწარმოს მიმართა არ გააჩნია?!

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არცერთ ზემოთ ხსენებულ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის, რის გამოც გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია.

გამომდინარე აქედან, თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის №011/9/2021 მოთხოვნა არის უსაფუძვლო. შესაბამისად, ითხოვს საკითხის სიღრმისეულ შესწავლას და გაუქმდეს შპს „------“-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად მიმართ განხორციელებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადახდევინება მიაქციოს მესამე პირზე.

საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომჩივანს ან/და მოპასუხე ორგანოს დავის წარმოებისას არა აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მანამდე წერილობით ან ქმედებით გამოხატა თანხმობა.

დავების განხილვის საბჭომ 8.04.2022 წლის №15652/2/2022 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ არ იყო შეფასებული მომჩივნის მიერ საჩივარზე დართული 2021 წლის 2 ივნისის ურთიერთშედარების აქტი და ამავე თარიღის ხელშეკრულება ვალის პატიების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახური 29.07.2022 წლის №20259 ბრძანებით, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. ერთის მხრივ, 2021 წლის 6 სექტემბრის ID ------- განცხადება, რომლის თანახმად, გადამხდელი მიუთითებს, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ --------) მიმართ გააჩნია დავალიანება 114 913.63 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მხრივ, 2021 წლის 8 დეკემბერს (№----/21-11) წარმოდგენილია 2021 5 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება ვალის პატიების შეთანხმების შესახებ და 2021 წლის 2 ივნისის ურთიერთშედარების აქტი.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 8 ოქტომბრის №011/9/2021 საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20259 ბრძანება გამოცემულია საბჭოს 8.04.2022 წლის №15652/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 8.04.2022 წლის №15652/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას დავების ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. მის მიმართ გავრცელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, თუმცა მისი ქონება არ აღმოჩნდა საკმარისი საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს გაეგზავნა წერილი აღნიშნული კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. მომჩივანმა განცხადებით საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ მისი დავალიანება შედგენს 114 913.63 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, რომელსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო. სადავო საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება. ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა არაერთგზის გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.07.2022 წლის №20259 ბრძანება გამოცემულია საბჭოს 8.04.2022 წლის №15652/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 238; 240; 304.