გადაწყვეტილება №20221/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20221/2/2023
06 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20221/2/2023).
დავის საგანი:
1. არარეზიდენტისთვის გადახდილი ტრანსპორტირების მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. იურიდიული პირისთვის გადარიცხული თანხის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელი პირის სახელფასო განაცემად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის №001-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14401 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 726 352,38 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 390 387
ჯარიმა - 195 194
საურავი - 140 771,38
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის №001-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14401 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არარეზიდენტისთვის გადახდილი ტრანსპორტირების მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი დამფუძნებლისგან (------), შეძენილი აქვს ბიტუმის გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნით შემდეგნაირად: საზოგადოება ბიტუმის შეძენას ახორციელებს შპს ------გან, რომელსაც აღნიშნული ბიტუმი თავის მხრივ შემოტანილი აქვს იმპორტით სხვადასხვა ქვეყნიდან, საქონლის სპეციფიკურობიდან გამომდინარე (ბიტუმი იმყოფება თხევად მდგომარეობაში, მაღალ ტემპერატურაზე და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისი გადაცლა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია საქონლის გაფუჭების/მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე).
აღნიშნული ბიტუმის ტრანსპორტიორ კომპანიას წარმოადგენს შპს -----ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, არარეზიდენტი კომპანია -----. შპს -----ს მიერ აღნიშნული ბიტუმის შეძენის შემდგომ მის რეალიზაციამდე, შესაბამისად საბოლოო მომხმარებლამდე ტვირთის მიტანა კვლავ ხორციელდება „------“-ის კუთვნილი სპეციალური ავტომანქანებით, რაშიც საზოგადოება ამ უკანასკნელს უხდის მომსახურების თანხებს, გავლილი კილომეტრაჟის შესაბამისად, კერძოდ ქალაქ -----ს გარეთ ნავთობის ბიტუმის მიწოდების დროს კმ-ზე ემატებოდა 1 აშშ დოლარი, რომელზეც „------ ყოველთვიურად უგზავნიდა ინვოისებს, რაზეც კეთდებოდა შესაბამისი შედარება, თუ რომელი მანქანა სად იყო დამისამართებული, რომ კილომეტრაჟი არ არეულიყო და ამის შემდგომ ხდებოდა უკვე მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.
ჯამში საზოგადოებას „-----“-ისთვის 2020-2021 წლებში ანაზღაურებული აქვს 2 849 988 ლარი. ამასთან, საზოგადოებას აღნიშნული მომსახურებაზე გადახდილი თანხები არ აქვს დაკავებული გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული მომსახურება საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით წარმოადგენს საქართველოში გაწეულ მომსახურებას, რაც ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 10%- იანი განაკვეთით. ამასთან, ვინაიდან ------ წარმოადგენს ------ს კომპანიას (ხელშეკრულების შესაბამისად), რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს შეთანხმება, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, რომლის თანახმადაც ასეთი ტიპის შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში (აღნიშნულ შემთხვევაში ------ში), თუმცა ვინაიდან შპს ------ს არ აქვს რისკის მიმოხილვის ეტაპზე ცნობა -----ის რეზიდენტობის შესახებ ------ში, მასზე ვერ იმოქმედებს აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად შპს ------ ვალდებული იყო ტრანსპორტირების ხარჯები დაებეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
არარეზიდენტზე გადახდილ თანხებთან დაკავშირებით დროულად ვერ მოხერხდა რეზიდენტობის ცნობის მოწოდება, ახლა თან ერთვის აღნიშნულ საჩივარს.
კომპანიის მიერ გადახდილი თანხები სატრანსპორტო მომსახურებაზე არ დაიბეგრა, რადგან ------ და ----- წარმოადგენს -------ს რეზიდენტ კომპანიას, რაც კომპანიას ათავისუფლებს დარიცხული 10%-ის გადასახადისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;
გ.გ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე - გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი დამფუძნებლისგან (-------), შეძენილი აქვს ბიტუმის გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნით. შპს -----ს მიერ აღნიშნული ბიტუმის შეძენის შემდგომ მის რეალიზაციამდე, შესაბამისად საბოლოო მომხმარებლამდე ტვირთის მიტანა ხორციელდება „-----“-ის კუთვნილი სპეციალური ავტომანქანებით, რაშიც საზოგადოება ამ უკანასკნელს უხდის მომსახურების თანხებს, გავლილი კილომეტრაჟის შესაბამისად. ჯამში საზოგადოებას „------“-ისთვის 2020-2021 წლებში ანაზღაურებული აქვს 2 849 988 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ამონაწერი, რომ „------“ რეგისტრირებულია ------ში. საქართველოს მთავრობასა და ------ს მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, „-----“-ის არაბთა გაერთიანებული საემიროების რეზიდენტობის ცნობები წარმოდგენილი არ არის. გადასახადის გადამხდელს მიეწოდა აღნიშნული რეზიდენტობის ცნობების ფორმები, მათი არსებობის შემთხვევაში ამ სახით წარმოდგენის მიზნით. საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა შეღავათის გავრცელების საფუძველს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. იურიდიული პირისთვის გადარიცხული თანხის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელი პირის სახელფასო განაცემად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების ბუღალტრული ჩანაწერების და საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 25.03.2020 წელს საზოგადოებას „-----“-ზე გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზედაც საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების. შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად საზოგადოების კუთვნილი ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მუხლის მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 25.03.2020 წელს გადასახადის გადამხდელს „------“-ზე გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზეც არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის, სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების შესახებ მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე გადარიცხული თანხა, რომელზეც კომპანიას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი (მათ შორის, სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების, აღნიშნული თანხის უიმედო ვალად აღიარების თაობაზე მტკიცებულები), მართლზომიერად იქნა დაკვალიფიცირებული კომპანიის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილების თანახმად და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
რადგან კომპანიამ -----ში გადარიცხული თანხა უკან ვერ დაიბრუნა, დაზარალდა ფინანსურად და არც საჩივარი მიიღეს წარმოებაში. კომპანიას თანხის დაკარგვის გამო მიადგა ფინანსური ზარალი, სამწუხაროდ ვერ ხერხდება იმის დადასტურება, რომ კომპანიას ნამდვილად ჰქონდა მცდელობა აღეძრა საქმე „------“-ის მიმართ.
ამხელა გადასახადი მნიშვნელოვნად დააზარალებს კომპანიას. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ კომპანია სარგებლობს კარგი საგადასახადო რეპუტაციით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს -----“-ზე გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზეც არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან კომპანიიდან თანხის გადახდა დასტურდება საბუღალტრო აღრცხვის მონაცემებით და საბანკო ანგარიშების ამონაწერებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის, გადარიცხული თანხის კომპანიის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არარეზიდენტისთვის გადახდილი ტრანსპორტირების მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. იურიდიული პირისთვის გადარიცხული თანხის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელი პირის სახელფასო განაცემად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი დამფუძნებლისგან შეძენილი აქვს ბიტუმის გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნით. ჯამში საზოგადოებას 2020-2021 წლებში ანაზღაურებული აქვს 2 849 988 ლარი. ამასთან, საზოგადოებას აღნიშნული მომსახურებაზე გადახდილი თანხები არ აქვს დაკავებული გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს საქართველოში გაწეულ მომსახურებას, რაც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 10%- იანი განაკვეთით. თუმცა ვინაიდან მომჩივანს არ აქვს რისკის მიმოხილვის ეტაპზე ცნობა არარეზიდენტი დამფუძნებლის რეზიდენტობის შესახებ შესაბამის ქვეყანაში, მასზე ვერ იმოქმედებს აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად მომჩივანი ვალდებული იყო ტრანსპორტირების ხარჯები დაებეგრა გადახდის წყაროსთან.
2. საზოგადოების ბუღალტრული ჩანაწერების და საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 25.03.2020 წელს საზოგადოებას გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზედაც საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების. შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად საზოგადოების კუთვნილი ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 104(1"გ.ა""გ.გ"), 134(1"ე"), 154(1"ა""გ"), 136(1)(3), 73(9"ა""ბ"), 101(1).