გადაწყვეტილება №27017/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27017/2/2026
22 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 28.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27017/2/2026).
დავის საგანი:
დაუბეგრავი ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2026 წლის №006-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5908 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 247.23 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 48 210.7
საურავი - 1 036.53
ფაქტების აღწერა
შესწავლილ იქნა მომჩივნის 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 48 210.7 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ 48 210.7 ლარი, რაზეც გამოიცა 27.02.2026 წლის №006-6 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.03.2026 წლის №5908 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
დეკლარაციის ფარგლებში გასათვალისწინებელია გამოსაქვითი ავანსები და მიღებული ჩათვლა. ვინაიდან, ამ პერიოდში არ არის დადეკლარირებული წინა პერიოდის ავანსები რომლის გამოქვითვაც აღნიშნულ პერიოდში უნდა მომხდარიყო. წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა 209 279.31 ლარი წინა პერიოდში ექვემდებარებოდა დაბეგვრას. ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
დადგენილია, რომ მომჩივანს დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოუვლინდა სხვაობა 48 210.7 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ 48 210.7 ლარი. მომჩივანს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია გამოსაქვითი ავანსები და მიღებული ჩათვლა. ვინაიდან ამ პერიოდში არ არის დადეკლარირებული წინა პერიოდის ავანსები რომლის გამოქვითვაც აღნიშნულ პერიოდში უნდა მომხდარიყო. წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა 209 279.31 ლარი წინა პერიოდში ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №28398-21-12 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებული შემდეგი: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-----, დღგ-ის საერთო თანხით - 48 210.7 ლარი იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“.
შესწავლილი იქნა 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები, ელ. ანგარიშ ფაქტურები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, შედეგად გამოვლინდა სხვაობა - დღგ-ის თანხა 48 210.7 ლარი. მომჩივანს დეკემბრის თვეში წარდგენილი ქონდა დეკლარაცია დღგ-ის თანხით 0 ლარი. 2026 წლის თებერვლის თვეში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე, გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში. თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრ სხვაობაზე 27.02.2026 წელს გამოიცა ბრძანება №002697 მიხედვით მოხდა დღგ-ის თანხის 48 210.7 ლარის დარიცხვა. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის სექტემბრის თვიდან 2026 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს ნულოვანი დღგ დეკლარაციები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თვეებში განხორციელებული აქვს დასაბეგრი ოპერაციები.
ზემოაღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან მომჩივანს დღგით დასაბეგრი ოპერაციები არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დაუბეგრავი ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლილ იქნა მომჩივნის 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 48 210.7 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ 48 210.7 ლარი, რაზეც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 69 (1).