გადაწყვეტილება №22889/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2024
№ დოკუმენტი 22889/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22889/2/2024

31 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 16.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22889/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №236-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6004 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 21 570.93 ლარი.

მათ შორის:

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 12 493

ჯარიმა - 6 246

საურავი - 2 831,93

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას, საზოგადოება გადამხდელად რეგისტრირებულია 20.03.2008 წელს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.10.2008 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის აქტით, შემოწმებულია მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შესამოწმებლად განისაზღვრა 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიისთვის 2015 წლიდან სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი და სხვა მიწები (ს/კ -----; -----; ---- და ------). შემოწმებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა ქონების დეკლარაციები, სადაც ასახული არ იყო იჯარით აღებული მიწები. ამასთან, კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთი (ს/კ -----), რომლის რეალიზება განხორციელებული იყო 2.04.2021 წელს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №2292 ბრძანება და ამავე თარიღის №236-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6004 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართთველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოება ფაქტობრივად არ ახორციელებს საქმიანობას და შესაბამისად არ გააჩნია შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას და აღნიშნავს, რომ მიწაზე ქონების გადასახადს გადაიხდის სრულად 12 493 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღიარებს შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადს და ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას, ვინაიდან საზოგადოება ფაქტობრივად არ ახორციელებს საქმიანობას და განმარტავს, რომ სანქციების პატიების შემდგომ საზოგადოება სრულად დაფარავს დარიცხულ გადასახადს.

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აქტით, შემოწმებულია მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შესამოწმებლად განისაზღვრა 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიისთვის 2015 წლიდან სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი და სხვა მიწები . შემოწმებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა ქონების დეკლარაციები, სადაც ასახული არ იყო იჯარით აღებული მიწები. ამასთან, კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთი , რომლის რეალიზება განხორციელებული იყო 2.04.2021 წელს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №2292 ბრძანება და №236-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6004 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართთველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);