გადაწყვეტილება №18386/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18386/2/2022
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------"-ს 6.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18386/2/2022).
დავის საგანი:
კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2022 წლის №001-35 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30556 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 95 712,64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 64 591
დღგ - 25 017
საშემოსავლო გადასახადი - 39 574
ჯარიმა - 16 842,65
საურავი - 14 278,99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 25.02.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მომჩივანმა 2020 წლის მარტის თვეში გაასხვისა უძრავი ნივთი. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 19.03.2020 წელს მომჩივანმა ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) 164 000 ლარად მიჰყიდა "----------" (ს/კ ----------) განთავსებული 54 კვ.მ კომერციული ფართი.
აღნიშნული ფართი მომჩივანს შეძენილი აქვს 15.08.2012 წლიდან ონლაინ აუქციონზე 40 050 ლარად. "----------"-დან, ასევე მიღებულია უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 6.09.2017 წელს 2 წლის ვადით, რომლის მიხედვით მომჩივანს აღნიშნული კომერციული ფართი გაქირავებული აქვს ამავე პირზე, რითიც დგინდება კომერციული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.
საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშდა აქტივის (კომერციული ფართის) რეალიზაციით მიღებული ნამეტი, რომელიც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 19.03.2020 წელი. შემოწმებით გაანგარიშდა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2022 წლის №001-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30556 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის, აგრეთვე, მითითებული ფართის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის განსაზღვრა და აღნიშნული ოპერაციის დღგით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. შემოსავლების სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შემოწმების პროცესშივე, თუ გამოვლინდა, რომ სადავო ოპერაცია გაუქმდა და ქონება დაუბრუნდა პირვანდელ მესაკუთრეს, მით უფრო როცა ასეთი ოპერაცია არამეწარმე ფიზიკურ პირებს შორის და მათ გააჩნიათ ნათესაური კავშირი, საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ ოპერაციაზე ფიზიკურ პირს არ ეკისრება. აღნიშნულ შემთხვევაში 25.03.2022 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაუქმდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო ქონება დაუბრუნდა მის პირვანდელ მესაკუთრეს "----------"-ს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის და საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო დარიცხვა ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საბჭო მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შემდეგ, 25.03.2022 წელს გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეებმა არასწორად განსაზღვრეს გარიგების შინაარსი. შესაბამისად, გაუქმდა დასაბეგრი ოპერაციაც და აღნიშნული ოპერაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შეთანხმებას უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შეცვლილია ფაქტობრივი გარემოებები, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30556 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მომჩივანმა 2020 წლის მარტის თვეში გაასხვისა უძრავი ნივთი. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 19.03.2020 წელს მომჩივანმა ფიზიკურ პირს 164 000 ლარად მიჰყიდა 54 კვ.მ კომერციული ფართი.
აღნიშნული ფართი მომჩივანს შეძენილი აქვს 15.08.2012 წლიდან ონლაინ აუქციონზე 40 050 ლარად. ასევე მიღებულია უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 6.09.2017 წელს 2 წლის ვადით, რომლის მიხედვით მომჩივანს აღნიშნული კომერციული ფართი გაქირავებული აქვს ამავე პირზე, რითიც დგინდება კომერციული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.
მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შემდეგ, 25.03.2022 წელს გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეებმა არასწორად განსაზღვრეს გარიგების შინაარსი. შესაბამისად, გაუქმდა დასაბეგრი ოპერაციაც და აღნიშნული ოპერაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შეთანხმებას უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შეცვლილია ფაქტობრივი გარემოებები, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1„ვ.გ“); 102(1„ბ“); 282.
(2021 წლამდე მოქმედი): 157(1); 160(ა); 161(1„ა“); 171(1)