ბრძანება N 16788

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.07.2025
№ დოკუმენტი 16788
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16788

28 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------)

(იურ. მის.: ---------------------------)

2025 წლის 27 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 27 ივნისის №96491/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-73 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება უცხოელი ტურისტებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევას. აცხადებს, რომ საწარმო სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით და სარგებლობს სრული ჩათვლის უფლებით, ვინაიდან, კომპანია ტურისტებს სთავაზობს არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი ტურისტული პაკეტის მიწოდებას. 2. მომჩივანი არ ეთანხმება დირექტორისათვის გადარიცხული თანხის, ამავე პირისათვის სასტუმროს მომსახურების შესყიდვად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ გადარიცხვებს აკეთებს უცხო ქვეყნის მოქალაქე და დანიშნულება შეცდომით აქვს მითითებული. აღნიშნული თანხა იყო ხელფასის სახით გადარიცხული, რაც კომპანიას დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, პირი, ვისთანაც გადარიცხვა არის შესრულებული არ ფლობს სასტუმროს და შესაბამისად, კომპანიას ვერ გაუწევდა სასტუმრო მომსახურებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ სალაროში არსებული 116 849 ლარი არ უნდა იყოს სრულად დირექტორის ხელფასად მიჩნეული, ვინაიდან, ეს თანხები დირექტორს მიეცა სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირებისათვის ანაზღაურების მისაცემად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის №1416 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 20 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 2 ივნისის №11234 ბრძანება და ამავე თარიღის №002-73 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 764 980 ლარი, მათ შორის გადასახადი 435 078 ლარი, ჯარიმა 220 641 ლარი და საურავი 109 260 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადამხდელის განმარტებით, კომპანიის საქმიანობის საგანია უცხოელი ტურისტების ჩამოყვანა და მათთვის ტურისტული მომსახურების გაწევა. მომსახურების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ ----- ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეების კონტიგენტი. საწარმო სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით და არ ბეგრავს მის მიერ გაწეულ მომსახურებას დღგ-ით და სარგებლობს სრული ჩათვლის უფლებით. ზემოაღნიშნული შეღავათი ვრცელდება პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას და მათთვის არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი ტურისტული პაკეტის მიწოდებას, თუმცა, შემოწმების მიმდინარეობისას, საწარმომ ვერ უზრუნველყო საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ორგანიზებული ჩამოყვანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ჯგუფის რაოდენობა, ტურისტული საგზური და სხვა) და აგრეთვე, მიწოდებული ტურისტული მომსახურების ფორმირების (შემადგენელი კომპონენტები) შესახებ სათანადო ინფორმაციისა და აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხარჯების შესახებ დოკუმენტაციის შემოწმებისათვის მიწოდება. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო ახდენდა მხოლოდ საქართველოში მდებარე სასტუმროებისაგან მომსახურების შეძენას და შემდეგ, ამ მომსახურების გადაყიდვას ჩამოსულ უცხოელ მოქალაქეებზე. შემოწმების შედეგად განხორციელდა საწარმოს საქმიანობის ანალიზი და დადგინდა, რომ კომპანიის საქმიანობა შინაარსითა და ფორმით არ შეესაბამებოდა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს. შესაბამისად, საწარმოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის მარტის თვეში, საწარმოს შესყიდული ჰქონდა სასტუმრო მომსახურება დირექტორისათვის, რაც დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით (ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად), მაგრამ არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმებისას განხორციელდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროში საწარმოს 2024 წლის ბოლოს უნდა ჰქონოდა 116 849 ლარი ფულადი ნაშთის სახით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, 81-ე, მე-100, 101-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი აღრიცხულზე მეტი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „შ“, „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;

ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;

ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტურისტული მომსახურება − ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ მოგზაურობის დროს ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მომსახურება. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ტურისტის ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობისას. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიზნებისთვის ტურისტული მომსახურებებია:

ჰ.ა) ტურისტის ტრანსპორტირება;

ჰ.ბ) განთავსების მომსახურება, რომელიც ტურისტის ტრანსპორტირების შემადგენელი ნაწილი არ არის და განკუთვნილი არ არის საცხოვრებელი მიზნებისთვის;

ჰ.გ) ავტომობილის, სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების (რომელიც არანაკლებ 25 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ან მოტოციკლის, რომლის მართვა A კატეგორიის მართვის მოწმობას მოითხოვს) გაქირავება;

ჰ.დ) ნებისმიერი სხვა ტურისტული მომსახურება, რომელიც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ და „ჰ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტურისტული მომსახურებების ნაწილი არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მომჩივანი არ ეთანხმება უცხოელი ტურისტებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევას. აცხადებს, რომ საწარმო სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით და სარგებლობს სრული ჩათვლის უფლებით, ვინაიდან, კომპანია ტურისტებს სთავაზობს არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი ტურისტული პაკეტის მიწოდებას და საჩივარს ახლავს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მომჩივანი არ ეთანხმება დირექტორისათვის გადარიცხული თანხის, ამავე პირისათვის სასტუმროს მომსახურების შესყიდვად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ გადარიცხვებს აკეთებს უცხო ქვეყნის მოქალაქე და დანიშნულება შეცდომით აქვს მითითებული. აღნიშნული თანხა იყო დირექტორზე ხელფასის სახით გადარიცხული, რაც კომპანიას დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, პირი, ვისთანაც გადარიცხვა არის შესრულებული არ ფლობს სასტუმროს და შესაბამისად, კომპანიას ვერ გაუწევდა სასტუმრო მომსახურებას.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის პოზიციას და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმად, საბანკო გადარიცხვის დანიშნულებაში ინფორმაცია მითითებული იყო შეცდომით და დირექტორისათვის გადარიცხული თანხა რეალურად წარმოადგენდა ხელფასის სახით განაცემს, რომელიც კომპანიას ასახული ჰქონდა ბუღალტრულ პროგრამაში და დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დირექტორისათვის გადარიცხული თანხის სასტუმრო მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვის საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებისას განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში 2024 წლის ბოლოს უნდა ჰქონოდა 116 849 ლარი ნაღდი ფულადი ნაშთის სახით. შემოწმების მიერ, დამატებით გამოვლენილი, აღრიცხულზე მეტი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დირექტორისათვის გადარიცხული თანხის სასტუმრო მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვის საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება:

1.უცხოელი ტურისტებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევას.

2.დირექტორისათვის გადარიცხული თანხის, ამავე პირისათვის სასტუმროს მომსახურების შესყიდვად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

3.ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №1416 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №11234 ბრძანება და №002-73 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 764 980 ლარი, მათ შორის გადასახადი 435 078 ლარი, ჯარიმა 220 641 ლარი და საურავი 109 260 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ :

1.შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო ახდენდა მხოლოდ საქართველოში მდებარე სასტუმროებისაგან მომსახურების შეძენას და შემდეგ, ამ მომსახურების გადაყიდვას ჩამოსულ უცხოელ მოქალაქეებზე. შემოწმების შედეგად განხორციელდა საწარმოს საქმიანობის ანალიზი და დადგინდა, რომ კომპანიის საქმიანობა შინაარსითა და ფორმით არ შეესაბამებოდა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს. შესაბამისად, საწარმოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის მარტის თვეში, საწარმოს შესყიდული ჰქონდა სასტუმრო მომსახურება დირექტორისათვის, რაც დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით (ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად), მაგრამ არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმებისას განხორციელდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროში საწარმოს 2024 წლის ბოლოს უნდა ჰქონოდა 116 849 ლარი ფულადი ნაშთის სახით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, 81-ე, მე-100, 101-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი აღრიცხულზე მეტი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დირექტორისათვის გადარიცხული თანხის სასტუმრო მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვის საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 172(4 „პ“);