ბრძანება N 3668

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2025
№ დოკუმენტი 3668
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3668

04 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 24 იანვრის №93897/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №002-241 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ხანდაზმული პერიოდის (2020 წ.) შემოწმებას. განმარტავს, რომ მისი სურვილით არ მომხდარა აღნიშნულ პერიოდზე დეკლარაციების დაზუსტება, ხოლო თუ რამე სახის ტექნიკური ხასიათის დეტალების დაზუსტება მოხდა, მხოლოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მოთხოვნით, რასაც არ უნდა გამოეწვია ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება.

გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე „-------“- ზე, გადახდილი გადაზიდვის მომსახურების მთლიანი თანხის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვას. განმარტავს, რომ მომსახურება გაწულია სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და შესაბამისად არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ ტვირთს უნდა გაევლო სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტმა კომპანიამ ,,-------“-მა ------- ტვრითის გადაზიდვის მომსახურება დაუკევთა „------- რკინიგზას“, ------- - „------- რკინიგზას“, ხოლო საქართველოში - „საქართველოს რკინიგზას“. გადამხდელს ინვოისები გამოუგზავნა ჩაშლილად, სადაც ტვირთის გადაზიდვის მარშუტების შესაბამისად ჩანს მის მიერ -------, ------- და საქართველოს ტერიტორიებზე გაწეული მომსახურებები, ასევე განსხვავებული ტარიფები, რის მიხედვითაც მოხდა ანაზღაურება. ამდენად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მომსახურება არ უნდა იქნას მიჩენული მთლიან მარშუტზე საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას მომსახურების გაწევის ადგილის შესაბამისად.

2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27555 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27608 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-241 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 786 389 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 766 357 ლარი, ჯარიმა 383 179 ლარი და საურავი 636 853 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტმა საწარმომ „-------“-მა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა რეზიდენტ კომპანია შპს „-------“, გადაზიდვის მარშრუტია ------- - საქართველო. თანმხლები დოკუმენტაციით დგინდება, რომ ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიას გაივლის ტრანზიტის რეჟიმით. შპს „-------“ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა თავის მხრივ დაუკვეთა არარეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს „-------“-ის. ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვაზე გაფორმებული აქვს აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიასთან და ანგარიშსწორებას ახორციელებს მასთან. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციით და გადამხდელის განმარტებით არარეზიდენტი კომპანია „-------“ წარმოადგენს ------- რეზიდენტ საწარმოს. განხილული ფაქტობრივი გარემოებების, „საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის N11601 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 104-ე, 134-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „-------“ მიერ არარეზიდენტი კომპანია „-------“-ისთვის გადახდილი სრული თანხა წარმოადგენს საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებულ შემოსავალს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10%-ით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

ამასთან, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტმა საწარმომ „-------“-მა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა რეზიდენტ კომპანიას შპს „-------“, გადაზიდვის მარშრუტია ------- - საქართველო. ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიას გაივლის ტრანზიტის რეჟიმით. შპს „-------“ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა თავის მხრივ დაუკვეთა არარეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს „-------“-ის. ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვაზე გაფორმებული აქვს აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიასთან და ანგარიშსწორებას ახორციელებს მასთან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არარეზიდენტი საწარმოს „-------“-ის მიერ შპს „-------“-ისთვის ტვირთის გადაზიდვის მომსახურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად. მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, არარეზიდენტი საწარმოს -------“-ის მიერ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი სრული თანხა წარმოადგენს საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებულ შემოსავალს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ამდენად, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საერთაშორისო გადაზიდვის სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი გადაზიდვის მომსახურების მთლიანი თანხის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განხილვა.

2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტმა საწარმომ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა რეზიდენტ კომპანიას - მომჩივანს. თანმხლები დოკუმენტაციით დგინდება, რომ ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიას გაივლის ტრანზიტის რეჟიმით. მომჩივანმა აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა თავის მხრივ დაუკვეთა არარეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს. ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვაზე გაფორმებული აქვს აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიასთან და ანგარიშსწორებას ახორციელებს მასთან. განხილული ფაქტობრივი გარემოებების, „საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის N11601 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, მომჩივანის მიერ არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი სრული თანხა წარმოადგენს საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებულ შემოსავალს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10%-ით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 134(1-გ); 154; 269(7)