ბრძანება N 20114

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 20114
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20114

15 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ყოფ. შპს „---ს“) (ს/ნ---)

(მის.: ---) 2022 წლის 10 აგვისტოსა და 2023 წლის 13 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის №19137/2/2023 გადაწყვეტილებით მე-2 სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ყოფ. შპს „---ის“) (ს/ნ ---) 2022 წლის 10 აგვისტოს №73591/1/2022 და 2023 წლის 13 იანვრის №78006/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №006-304 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვას. აცხადებს, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირი არ აღიარებს მის მიმართ არარეზიდენტი საწარმოს არსებულ მოთხოვნას და შესაბამისად, უარს აცხადებს აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე შპს „---თან“ (ყოფ. შპს „---სთან“) მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზე არარეზიდენტ ფიზიკურ პირსა და შპს „---ს“ (ყოფ. შპს „---ს“) შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა. ასევე, მიაჩნია, რომ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხად განხილულ თანხებზე გადახდის წყაროსთან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ვინაიდან არარეზიდენტი ფიზიკური პირი არ წარმოადგენს კომპანიის დაქირავებულ პირს. ასევე, არ არის კომპანიის ურთიერთდამოკიდებული მხარე. ამასთან, არ ეთანხმება სესხზე საპროცენტო განაკვეთად 20%- ის განსაზღვრას, ვინაიდან 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 5.5% შეადგენს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9694 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ყოფ. შპს „---ის“) (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 11 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 ივლისის №19014 ბრძანება და ამავე თარიღის №006–304 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 163 539 ლარი, მათ შორის გადასახადი 725 216 ლარი, ჯარიმა 350 714 ლარი და საურავი 87 609 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4259 ბრძანებით საჩივრები განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 5 მაისის №19137/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4259 ბრძანება და საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის №19137/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხი კავშირშია პირველ თემასთან. ----ს მიერ ეცნობათ, რომ მის მიმართ ვალი გააჩნდა ---ს, ფიზიკური პირს, რომელიც --- კომპანიის ---ის ყოფილი დირექტორია, ფიზიკური პირის ვალის აღიარების განცხადება, საფუძვლად დაედო შპს „---სა“ და ----ს შორის შეთანხმებას, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მოხდებოდა ქართული კომპანიისათვის ვალდებულების ანაზღაურება. კომპანიამ დაიწყო სამართლებრივი დავა ვალის ამოღებისათვის, მოიგო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით და არარეზიდენტ ფიზიკურ პირს დაევალა ქართული კომპანიისათვის ვალის გადახდა, მაგრამ მის მიერ გასაჩივრდა აღნიშნული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დავა დასრულდა არარეზიდენტი ფიზიკური პირის სასარგებლოდ. გადაწყვეტილებით კი დაახლოებით ასეთი ფორმულირება მიეცა გარემოებებს, რომ რადგან ფიზიკური პირის მიერ ვალის აღიარების დოკუმენტში არ არის მითითებული თანხის გადახდის ვადა, მხოლოდ ის რომ ვალს აღიარებს პირი არ ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს მოთხოვნის უფლება. ამგვარად, ფიზიკური პირის ვალდებულება ----ის მიმართ არ დადასტურდა და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის გადაცემა ----ის მიერ ვერ მოხდებოდა ქართული კომპანიისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში ქართული კომპანიის მიერ, მაგრამ ბაჟის გადაუხდელობისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაშვებისთვის საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული კომპანიის სარჩელი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლოს გადაწყვეტილებები თანდართულია საჩივარზე, შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინება ცნობილი არ იყო მათთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებები ეცნობა --- კომპანიას და აღდგენილი იქნა --- კომპანიის ვალდებულება ქართული კომპანიის მიმართ. შემოწმებამ, რომელმაც ---კომპანიის ვალდებულება ორ ნაწილად დაყო, ფიზიკური პირის ვალდებულება რეალურად ---კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც იგი აღიარებს. ამდენად, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის სესხის სახით განაცემად განხილვას და განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს არ ეთანხმება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დამატებით განმარტა, რომ რადგან არარეზიდენტი ფიზიკური პირი წარმოადგენდა კომპანიის დებიტორს, აღნიშნულ პირზე არსებული დავალიანება ჩაითვალა, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, მაგრამ თბილისი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინებით ახლა უკვე სხვა რეალობა დგება. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ვალდებულება ----ის მიმართ არ დადასტურდა და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის გადაცემა ---ის მიერ ვერ მოხდებოდა შპს „---თვის“. ხსენებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ მოთხოვნა და გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ---ის სასარგებლოდ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „---ის“ სარჩელი.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესაბამისად, გადამხდელს უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნა ფიზიკური პირის ----ის მიმართ 455 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ ---მა 2021 წლის 4 მაისს ---ში რეგისტრირებული კომპანია შპს „---ს“ წინაშე აღიარა ვალი 455 000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „---სა“ (ყოფ. შპს „---სა“) და შპს „---ს“ შორის 2021 წლის 25 ივნისს დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ამ უკანასკნელმა შპს „---ს“ (ყოფ. შპს „--სს“) დაუთმო ---ს მიმართ არსებული მოთხოვნა, რომელსაც ფიზიკური პირი არ დაეთანხმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით---ს შპს „---ს“ (ყოფ. შპს „---სის“) სასარგებლოდ დაეკისრა 455 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანება შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა მოგებითა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შეფასების ნაწილში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, რადგან არარეზიდენტი --- წარმოადგენდა კომპანიის დებიტორს, აღნიშნულ პირზე არსებული დავალიანება ჩაითვალა, როგორც მიღებული და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული უპროცენტო სესხი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტის

გაანგარიშებაში და დარიცხვის ნაწილში დარიცხულია, მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არამართლზომიერია სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ვალდებულება----ის მიმართ არ დადასტურდა და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის გადაცემა ----ის მიერ ვერ მოხდებოდა შპს „---თვის“. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდბეულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ყოფ. შპს „---ის“) (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდბეულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9694 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 11 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 ივლისის №19014 ბრძანება და ამავე თარიღის №006–304 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 163 539 ლარი, მათ შორის გადასახადი 725 216 ლარი, ჯარიმა 350 714 ლარი და საურავი 87 609 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4259 ბრძანებით საჩივრები განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 5 მაისის №19137/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4259 ბრძანება და საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 73 (4,9); 982;101; 154; 43 (4).