გადაწყვეტილება №25115/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2025
№ დოკუმენტი 25115/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25115/2/2025

15 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 25.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25115/2/2025).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №021-91 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5349 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 836 879,32 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 987 813

ჯარიმა - 493 907

საურავი - 355 159,32

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.11.2022 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №021-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5349 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე („-------“ Inc, „-------“ ) ავანსის სახით გადარიცხული თანხა 5 126 818 ლარის ოდენობით (1 889 000 აშშ დოლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, არარეზიდენტზე გადახდილი ავანსის თანხა სრულად ფიქსირდება საბოლოო ნაშთში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი იურიდიული პირისგან არ მიუღია საქონელი. არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები განხილულ იქნა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განისაზღვრა მისაღები საპროცენტო შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა უსასყიდლო მომსახურების გაწევად. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 9.25% წლიური საბაზრო განაკვეთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლის ოდენობა, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს თანხა ავანსის სახით არარეზიდენტ იურიდიულ პირზე აქვს გადარიცხული, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთში გადარიცხული თანხა სრულად ფიქსირდება და ასევე არ დგინდება ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონლის მიღება, განმარტავს, რომ არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება გადარიცხული თანხების შინაარსი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მიდგომა არ არის მართლზომიერი, შემმოწმებელი ვალდებული იყო გადასახადის გადამხდელისგან ან/და მეორე მხარისგან შესწავლის მიზნით გამოეთხოვა დამატებითი დოკუმენტები, რაც მათი მხრიდან არ მომხდარა.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი არგუმენტაცია და გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტები, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 იანვრის №188 შემოწმების ბრძანება და მასთან დაკავშირებული/გამომდინარე ყველა ბრძანება/ადმინისტრაციული აქტი, ასევე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №021-91 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №26921 გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და შპს „-------“-ის 2024 წლის 17 დეკემბრის №1500/2 საგადასახადო შემოწმების აქტი. შესაბამისად მომჩივანი ითხოვს, რომ დაევალოს შემმოწმებელს მოახდინოს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა და გადაანგარიშება.

ამასთან იტოვებს უფლებას დააზუსტოს და შეავსოს საჩივარი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ავანსის სახით გადარიცხული თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, არარეზიდენტზე გადახდილი ავანსის თანხა სრულად ფიქსირდება საბოლოო ნაშთში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი იურიდიული პირისგან არ მიუღია საქონელი. არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები განხილულ იქნა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განისაზღვრა მისაღები საპროცენტო შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა უსასყიდლო მომსახურების გაწევად. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 9.25% წლიური საბაზრო განაკვეთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლის ოდენობა, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის საგადასახადო ორგანოს მიერ სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვა დაგეგმილი იყო მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა, მომჩივნის წარმომადგენელმა უარი განაცხადა საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 23.12.2024 წლის №021-91 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 1 836 879,32 ლარი, მათ შორის, გადასახადი 987 813 ლარი, ჯარიმა 493 907 ლარი და საურავი 355 159,32 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სრულად მოხსნილი იქნას დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი არგუმენტაცია და გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტები.ასევე,მომჩივანი ითხოვს, რომ დაევალოს შემმოწმებელს მოახდინოს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა და გადაანგარიშება.

2.მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სრულად მოხსნილი იქნას დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული საურავი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ავანსის სახით გადარიცხული თანხა 5 126 818 ლარის ოდენობით.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, არარეზიდენტზე გადახდილი ავანსის თანხა სრულად ფიქსირდება საბოლოო ნაშთში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი იურიდიული პირისგან არ მიუღია საქონელი. არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები განხილულ იქნა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განისაზღვრა მისაღები საპროცენტო შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა უსასყიდლო მომსახურების გაწევად. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 9.25% წლიური საბაზრო განაკვეთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლის ოდენობა, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

2.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 23.12.2024 წლის №021-91 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 1 836 879,32 ლარი, მათ შორის, გადასახადი 987 813 ლარი, ჯარიმა 493 907 ლარი და საურავი 355 159,32 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),982,983,269(7).