ბრძანება N 8902
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8902
22 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 1 აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 23 იანვრის №100265/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-602 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 3 რეალიზებულ ბინაზე საბაზრო ფასის გამოყენებას. ასევე, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებას, რომ 3 რეალიზებულ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნითაა შემცირებული და გარიგების რეალური ფასისაგან განსხვავებულია. მიიჩნევს, რომ შემოწმებას „საბაზრო“ ფასი არ დაუდგენია/გაუვრცელებია რემონტიანი და ურემონტო ბინების მიხედვით და ბანკისათვის გადაცემული ბინების ფასის გათვალისწინებით. აცხადებს, რომ მსგავს საქონელზე ფასების განსხვავება არ არის საბაზრო ფასის გამოყენების საფუძველი. საბაზრო ფასის გამოსაყენებლად საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. თუ სახეზეა „ფაქტობრივი ფასი“, მიუხედავად იმისა, ფაქტობრივი ფასი განსხვავდება თუ არა მსგავსი საქონლის ფასისაგან, გამოყენებულ უნდა იქნას ფაქტობრივი ფასი. ამასთან, იმ გარემოებით, რომ მყიდველი არ არის დღგ-ის გადამხდელი, არ დასტურდება, რომ გარიგებაში მიეთითა დაბალი ფასი. ამ მიდგომით მხოლოდ 3 მყიდველთან არ მოხდებოდა დაბალი ფასის მითითება. შემოწმებას არ აქვს არცერთი მყიდველის (მათ შორის სადავო 3 ბინის მყიდველის) დადასტურებული განმარტება, რომ გამყიდველი მისგან გარიგებაში შემცირებული ფასის მითითებას მოითხოვდა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მშენებლობა დაიწყო საბანკო კრედიტით, კომპანიის გათვლით წინარე ხელშეკრულებებით უნდა გაეყიდა ბინები და ამონაგებით დაეფარა სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, მაგრამ ბინების წინასწარი გაყიდვა (თუნდაც დაბალი ფასებით) ვერ მოხერხდა, რის გამოც იძულებული გახდა დისკონტირებული ფასებით სს „საქართველოს ბანკისთვის“ დაეთმო ფართების დიდი ნაწილი (1/3), შედეგად, კომპანია გავიდა ზარალზე. ბინების წინასწარი გაყიდვის სიმცირის და საბანკო წნეხის გამო, კომპანიას ცალკეულ შემთხვევებში უწევდა შედარებით დაბალ ფასებზე დათანხმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მყიდველი ერთიანი წინასწარი გადახდის სანაცვლოდ ფასდაკლებას მოითხოვდა. კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების ნასყიდობის ფასები (სს „საქართველოს ბანკისათვის“ გადაცემული ბინების გარდა), ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, პრაქტიკულად ერთმანეთს არ ემთხვევა. აშშ დოლარში გაყიდული რემონტიანი ბინების ფასები 1 კვ.მ.-ზე მხოლოდ 1 შემთხვევაში მეორდება (1 200$). სხვა შემთხვევაში დაფიქსირებული ფასებია: 804$, 932$, 1 000$, 1 176$. ზუსტად ერთი და იგივე ფართის რემონტიანი ბინა გაყიდულია განსხვავებული ფასებით. მაგალითად, ------- 42,3 კვ.მ. ბინა გაყიდულია 34 000 აშშ დოლარად, ხოლო ------- 42,8 კვ.მ. ბინა - 51 360 აშშ დოლარად. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის მიერ ვერ ხდებოდა ბინების გაყიდვა გამოქვეყნებული ფასით, არამედ ხდებოდა მოლაპარაკებების მიხედვით და ფინანსური წნეხის გამო კომპანიას უწევდა, პრაქტიკულად, ნებისმიერ შემოთავაზებაზე დათანხმება, რაც შემოწმებამ არ გაითვალისწინა. შემოწმებამ, ფინანსური წნეხის გარდა, ყურადღება არ გაამახვილა ფასზე ბინის მდგომარეობის გავლენაზე, კერძოდ, ბინა გაიყიდა სრული რემონტით თუ ურემონტოდ („შავი კარკასით“).
შემოწმებამ საბაზრო ფასი გამოიყენა ------- მიყიდულ ბინაზე. მან ერთიანი გადახდის პირობით მოითხოვა 91,7 კვ.მ. ბინის მიყიდვა 135 000 ლარად „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. გარიგება შედგა 04.03.2022 წ., როდესაც აშშ დოლარის კურსი იყო 3,24 ლარი, რამაც დოლარში ფასი დაადაბლა. მიუხედავად ამისა, ერთიანი წინასწარი გადახდისა და ფინანსური წნეხის პირობებში ეროვნულ ვალუტაში ნასყიდობის ფასი (1 კვ.მ. 1 472 ლარი) მისაღებ ფასს წარმოადგენდა.
შემოწმებამ საბაზრო ფასი გამოიყენა ------- მიყიდულ ბინაზე. მანაც ერთიანი გადახდის პირობით მოითხოვა 44 კვ.მ. ბინის მიყიდვა 70 000 ლარად „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. გარიგება შედგა 31.10.2023 წ. ბინის ფასმა 1 კვ.მ.-ზე შეადგინა 1 591 ლარი. შემოწმებას დაახლოებით იმავე ფასში (1 521 ლარი) იმავე მდგომარეობით გაყიდული ბინა (მყიდველი -------, ს/კ -------) პრობლემურად არ მიუჩნევია. შემოწმებამ, ასევე პრობლემურად არ მიიჩნია შემთხვევა, როდესაც „სხვენის“ ბინა ------- მიჰყიდა 1 კვ.მ. 1 000 ლარად, ხოლო მეორე პირს ------- 1 კვ.მ. 750 ლარად.
შემოწმებამ საბაზრო ფასი გამოიყენა ასევე ------- მიყიდულ ბინაზე. ამ შემთხვევაში გარიგების მხარეთა ურთიერთობა დაძაბულ ფონზე წარიმართა. თავდაპირველად წინარე ხელშეკრულება გაფორმებული იყო 42,3 კვ.მ. ბინაზე 34 000 აშშ დოლარად. თუმცა მხარეთა მიერ წინარე ხელშეკრულება არ შესრულდა. საბლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად შეიცვალა ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, მყიდველს სრულიად ურემონტოდ ბინა გადაეცა 17 500 აშშ დოლარად. მართალია, ბინის ფასი მისაღები არ იყო კომპანიისათვის, მაგრამ დაძაბულობის დასასრულებლად კომპანია მასზე დათანხმდა (ძირითადად ბინის მდგომარეობიდან გამომდინარე).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22429 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №28720 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-602 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 196 788 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 173 ლარი, ჯარიმა 52 970 ლარი და საურავი 29 645 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ზოგიერთ რეალიზებულ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს (განსხვავებულია ამავე პერიოდში მის მიერ რეალიზებული სხვა ბინების ფასებთან შედარებით). შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიის მიერ ზოგიერთ რეალიზებულ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, განსხვავებულია ამავე პერიოდში მის მიერ რეალიზებული სხვა ბინების ფასებთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახდო შემოწმების მიერ დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ 3 რეალიზებულ ბინაზე საბაზრო ფასის გამოყენებას, შემოსახლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ:
● ------- ბინასთან დაკავშირებით, 2023 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ „მშენებარე ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში“ ნასყიდობის ჯამური ღირებულება შეადგენდა 34 000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხის მიღება დასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების თანახმად (ჩარიცხვები ხორციელდებოდა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით). ასევე, წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების ანალიზისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ავანსის თანხებს ბეგრავდა შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადით, თუმცა აღნიშნულ ბინაზე 2024 წლის სექტემბერში დადებული „უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით“ ნასყიდობის საგნის ღირებულება დაკორექტირდა და შეადგინა 17 500 აშშ დოლარი. გადასახადის გადამხდელი შემოწმების/დავის წარმოების პროცესშიც აცხადებს, რომ რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე ბინის ღირებულება შემცირდა და ფაქტობრივი ფასი შეადგენდა 17 500 აშშ დოლარს, თუმცა უკვე მიღებული სრული თანხიდან (34 000 აშშ დოლარი) ნაწილის ბინის მყიდველისთვის დაბრუნების შესახებ რაიმე სახის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ვერ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის პოზიცია დასაბეგრი ბრუნვის შემცირებასთან დაკავშირებით.
ამდენად, ------- რეალიზებული უძრავი ქონების ფასი განისაზღვრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრლებაში დაფიქსირებული ფასით, რომელიც თანხვედრაშია საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ თანხებთან.
● ------- და ------- ბინებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ფართები გაყიდული იყო ერთიანი გადახდის პირობით და შესაბამისად ფასიც განსხვავდებოდა სხვა ბინების ფასებისგან. აღნიშნული ბინების ღირებულების მყიდველებისგან მიღება არ დასტურდებოდა საბანკო ჩარიცხვების საშუალებით, მაგალითად, ------- ბინის ღირებულება საბანკო ანგარიშზე ეტაპობრივად შეჰქონდა კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს, შესაბამისად, შემოწმებამ ვერ გაიზიარა პოზიცია ერთიანი გადახდის პირობის შესრულების შესახებ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებითაც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტირებული დასაბუთება. ამდენად, საგადასახადო შემოწმებით ------- და ------- უძრავი ქონებების რეალიზაციაზე განხორციელდა საბაზრო ფასის გავრცელება.
შემოსავლების სამსახური საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 3 რეალიზებულ ბინაზე საბაზრო ფასის გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ზოგიერთ რეალიზებულ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს (განსხვავებულია ამავე პერიოდში მის მიერ რეალიზებული სხვა ბინების ფასებთან შედარებით). შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 163; 164