ბრძანება N 4696

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 4696
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4696

01 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---------ის (ს/ნ -------)

(მის.: --------)

2024 წლის 10 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა -------ის (ს/ნ ------) №22374/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №EL241057, 9 თებერვლის №EL241105 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 9 თებერვლის №EL11111/7 (№001-7) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი საჩივართან ერთად წარმოდგენილ საპატრულო პოლიციის ცნობაზე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთამთიანეთის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 31 იანვრის №MIA ------) მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ტრანზიტული საქონლით – 23 859 კგ მანდარინით (ღირებულება – 18463.35 აშშ დოლარი) დატვირთული, --------ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული №------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა (№69601/D13762) და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“.

2024 წლის პირველ თებერვალს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის -------ს (პასპორტის №-------) მინდობილი პირის -------ს (-------; პასპორტის №-------) მიერ წარმოდგენილი №16402/21-10-21 განცხადებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2024 წლის 31 იანვარს გაცემული №MIA ------- ცნობით ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის 28 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა №------- სატვირთო ავტომობილი და გაიფანტა მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი. ამავე განცხადებით ---------მ მოითხოვა №--------- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს თანხმობით, განხორციელდა №------- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (№---------).

2024 წლის 2 თებერვალს №------- სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,-------ს“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის აწონვა და დათვალიერა, რის შედეგად მანდარინის ბრუტო წონამ შეადგინა – 21 800 კგ, გამომდინარე აქედან, 2 059 კგ მანდარინი მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულად.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იქნა წარდგენილი საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 9 თებერვალს შედგენილ იქნა №EL241105 და №EL241057 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც -------ს (პასპორტის №-------, ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა: 1370.18 ლარის ოდენობით სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით სსკის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, 2024 წლის 9 თებერვალს გამოცემულ იქნა №EL11111/7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც -------ს (ს/ნ ------) დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ – 859.18 ლარი; იმპორტის გადასახადი – 511 ლარი) და საურავი 8.22 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 118-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ამ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და პირველი შესაძლებლობისთანავე წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან კანონით განსაზღვრული პირის მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი უპირობოდ ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:

უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების დაზინებას, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საბაჟო ზედამხედველობაში არსებული საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172- ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და წარმოშობილ ვალდებულებაზე საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2024 წლის 8 თებერვლის №EL241057 და 9 თებერვლის №EL241105 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2024 წლის 8 თებერვლის №EL241057 და 9 თებერვლის №EL241105 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №EL241057, 9 თებერვლის №EL241105 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და 9 თებერვლის №EL11111/7 (№001-7) საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 28 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ტრანზიტული საქონლით – 23 859 კგ მანდარინით (ღირებულება – 18463.35 აშშ დოლარი) დატვირთული, სატვირთო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა და განისაზღვრა დანიშნულების საბაჟო ორგანო. 2024 წლის 28 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა სატვირთო ავტომობილი და გაიფანტა მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი. საბაჟო ორგანოს თანხმობით, განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის აწონვა და დათვალიერა, რის შედეგად მანდარინის ბრუტო წონამ შეადგინა – 21 800 კგ, გამომდინარე აქედან, 2 059 კგ მანდარინი მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულად.

მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა: 1370.18 ლარის ოდენობით სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, 2024 წლის 9 თებერვალს გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ – 859.18 ლარი; იმპორტის გადასახადი – 511 ლარი) და საურავი 8.22 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2024 წლის 8 თებერვლის №EL241057 და 9 თებერვლის №EL241105 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(3), 172, 163(11).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.