ბრძანება N 5722
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5722
18 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------------)
(მის.: ----------------------------------------)
2024 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------------) 2024 წლის 18 იანვრის №86910/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №067-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ ვინაიდან კომპანია ვაჭრობს სამშენებლო მასალებით, დამატებითი შეძენების გარეშე, საქონლის ნაწილი მიმართა იჯარით აღებული ფართის გარემონტებისა და მაღაზიის კეთილმოწყობისთვის. შესაბამისად, ეს მასალები არ უნდა იქნას გათვალისწინებული რეალიზაციაში. აღნიშნული ასევე შეამცირებს ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხის ოდენობას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა წარმოადგინოს რემონტისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 სექტემბრის №23101 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 დეკემბრის №31839 ბრძანება და ამავე თარიღის №067-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 66 497 ლარი, მათ შორის, გადასახადი 40 575 ლარი, ჯარიმა 20 336 ლარი და საურავი 5 586 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით, ასევე, მცირეფასიანი სამშენებლო ტექნიკითა და მისი ნაწილებით ვაჭრობა ქ. ----ში, იჯარით აღებულ ფართში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების 75%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დაკავშირებულ იქნა რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო და შეძენის ღირებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, შედეგად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 290 180 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), დღეის მდგომარეობით აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საწარმოს განხორციელებული აქვს შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციები, ხოლო ამ პერიოდში შეძენა არ უფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რიგ შემთხვევაში არ არის საქმიანობის ადგილი. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 175 022 ლარს. შემოწმებით გამიჯნულ იქნა რეალიზაციები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული პერიოდების პროპორციულად. ასევე, შედგენილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯები), შედეგად პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები 80 897 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების 75%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დაკავშირებულ იქნა რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო და შეძენის ღირებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 290 180 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დღეის მდგომარეობით აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. 2023 წელს საწარმოს განხორციელებული აქვს შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციები, ხოლო ამ პერიოდში შეძენა არ უფიქსირდება. ამასთან, სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რიგ შემთხვევაში არ არის კომპანიის საქმიანობის ადგილი. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 175 022 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმებით გამიჯნულ იქნა რეალიზაციები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 17%- ის ოდენობით, რის საფუძველზეც გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული პერიოდების პროპორციულად. ასევე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი,კერძოდ, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით და გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №23101 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №31839 ბრძანება და №067-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 66 497 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების 75%-ს წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დაკავშირებულ იქნა რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო და შეძენის ღირებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით, შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ 290 180 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დღეის მდგომარეობით აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. 2023 წელს საწარმოს განხორციელებული აქვს შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციები, ხოლო ამ პერიოდში შეძენა არ უფიქსირდება. ამასთან, სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რიგ შემთხვევაში არ არის კომპანიის საქმიანობის ადგილი. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 175 022 ლარს.
შემოწმებით გამიჯნულ იქნა რეალიზაციები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 17%-ის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული პერიოდების პროპორციულად. ასევე, შედგენილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, შედეგად პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები 80 897 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“. 2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);