გადაწყვეტილება №21752/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2024
№ დოკუმენტი 21752/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21752/2/2023

04 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21752/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-489 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 798 811 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 494 163

დღგ - 263 499

მიწა - არასასოფლო - 620

საშემოსავლო გადასახადი - 210 530

ქონების გადასახადი - 19 514

ჯარიმა - 242 136

საურავი - 62 202

მიწა - არასასოფლო (15.11.2023 წლის სავადო) - 310

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარ ფართში სურსათით ვაჭრობა ----------ში. საწარმო დაფუძნებულია 2013 წლის 24 სექტემბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6490 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო მარაგების აღსარიცხად იყენებს პროგრამა „1C“. გააჩნია 3 სალარო აპარატი. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა კომპანიის კუთვნილ ობიექტზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (შედეგების გამოყვანის გარეშე), ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისთვის. 2023 წლის 19 აპრილს საწარმოს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა 398 413 ლარის საქონელი, ხოლო ფაქტობრივად აღმოჩენილია 143 029 ლარის თვითღირებულების ნაშთი. აღნიშნული სხვაობის საქონლის რეალიზაცია გადამხდელს ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 49-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით, ზემოთხსენებული საქონლის ნაშთის სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა კომპანიის გაცხადებული ფასნამატი - 27%, რაც დასტურდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამით. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ბრუნვა გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით საქონლის მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საწარმოს დღგ-ის დეკლარაციები (დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი თანხები) შესამოწმებელი პერიოდის ზოგიერთ თვეში წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია საქონლის მოძრაობის ამსახველი პროგრამა, სადაც ყოველდღიურ ჭრილში ჩანს საქონლის მოძრაობა: შეძენა-რეალიზაცია დასახელებების მიხედვით. აღნიშნულ თვეებში საქონლის რეალიზაცია-მიწოდება, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ დაუბეგრავს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის მიხედვით, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა დღგ-ის თანხა, რომლებიც კომპანიას დეკლარაციით არ ჰქონდა მიბმული და ჩათვლილი.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დაქირავებული ჰყავს რამდენიმე ათეული თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვებით. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული, აღნიშნულ პირზე სალაროდან გადახდები სრულად არ არის დაბეგრილი. წარდგენილი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმების მიერ დათვლილ მონაცემებსა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

საწარმოს ქონების გადასახადის დეკლარაციებით დასაბეგრი ქონება დაბეგრილი არ აქვს. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია მის კუთვნილებაში არსებული ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობა და მიწა, რომელიც არ დაუდეკლარირებია. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 203-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24664 ბრძანება და №006-489 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 798 501 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30931 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ჯამურად, საგადასახადო აქტის მიხედვით, დარიცხული გადასახადი შეადგენს 489 397 ლარს. დღეის მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო ბარათზე არსებული ზედმეტობა, რომელიც შემოწმების პერიოდს მიეკუთვნება შეადგენს დაახლოებით 310 000 ლარზე მეტ თანხას. მომჩივნის მიერ გასაჩივრებული ორი საკითხის მიხედვით, რომელზეც იმსჯელა შემოსავლების სამსახურმა და დაუბრუნა აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშებაზე, შესამცირებელი გადასახადის ოდენობა შეადგენს 78 153 ლარს, ანუ თუ 489 397 ლარს დავაკლებთ ორი უზუსტობით გამოწვეულ დარიცხვას (დღგ-ის დამატებით ჩასათვლელი თანხები და ე.წ. კოვიდ პანდემიის შედეგად კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება) და ბარათზე არსებულ ზედმეტობას, საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული გადასახადი სულ 100 000 ლარამდეა, ნაცვლად 489 397 ლარისა. ანუ, კომპანიას აქვს გადახდილი კუთვნილი გადასახადები, მხოლოდ თანამშრომლის შეცდომის გამო არ მომხდარა გადასახადის სწორი დეკლარირება. ის ძირითადი გადასახადი, რაც რეალურად აქტით დაერიცხა კომპანიას, ძირითადად ორი საკითხის მიხედვით განხორციელებული დარიცხვაა, რასაც ეთანხმება კომპანია.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მცირე ზომის ე.წ. უბნის მაღაზიის ოპერირებაა. საბუღალტრო და საგადასახადო ანგარიშგების წარმოების მიზნებისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებას და დეკლარაციების წარდგენას შემოსავლების სამსახურში. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს მენეჯმენტმა აღმოაჩინა, შესაბამისი თანამშრომელი პერიოდულად, სავადო თარიღებში აგზავნიდა ნულოვან დეკლარაციებს, ხოლო შემდგომ პერიოდებში ერთიანად ახდენდა მათ კორექტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მცირე ბიზნესი, კომპანიამ დაფუძნების პირველივე წლიდან დანერგა ბუღალტრული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც იგი ახდენდა ბუღალტერიის წარმოებას. მენეჯმენტი პერიოდულად იღებდა ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თუმცა შეუძლებელია სცოდნოდა ის ფაქტი, რომ საგადასახადო ორგანოში პერიოდულად იგზავნებოდა ნულოვანი დეკლარაციები, რადგან საწარმოს მენეჯმენტი ყოველი თვის 15 რიცხვის დადგომამდე იხდიდა ბუღალტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გადასახდელი გადასახადების შესახებ. ის ფაქტი, რომ თანამშრომელი სავადო თარიღებში აგზავნიდა ნულოვან დეკლარაციას მენეჯმენტმა გაარკვია მხოლოდ საგადასახადო შემოწმების დროს.

რაც შეეხება დაზუსტების პრაქტიკას, მაგალითად, თუ შევხედავთ შემოწმების აქტის მე-19 გვერდს, ნათლად ჩანს, რომ დღგ-ის დეკლარაციები წარდგენილია 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მის შემდგომ პერიოდებში ფიქსირდება ნულოვანი მონაცემები. შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდის მიხედვით არის გამოწვეული.

აღნიშნულ მიდგომას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით დეკლარაციებიც თავდაპირველად სავადო თარიღებში ნულოვანი იყო და მოგვიანებით ერთიანად მოხდა მათი დაზუსტება. მაგალითად, 2021 წლის პირველი 8 თვის დღგ-ის დეკლარაციები დაზუსტდა ერთად 2021 წლის 5 ოქტომბერს. იგივე 2021 წლის 5 ოქტომბერს დაზუსტდა 2020 წლის ყველა დღგ-ის დეკლარაცია და ასევე 2019 წლის ნაწილის დეკლარაციები, რომლებიც სავადო თარიღებში ასევე ნულოვანი იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, ანალოგიური შეცდომები იყო დაშვებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, რომელთა ნაწილი ნულოვანი დეკლარირების გზით იყო წარდგენილი, თუმცა შესაბამისი გადასახადი გადახდილი ჰქონდა კომპანიას და საწარმოს თანამშრომელი გეგმავდა მათ დაზუსტებას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავადო თარიღებში ხდებოდა ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა, კუთვნილი გადასახადის თანხების გადახდა საგადასახადო ბარათზე დროულად ხდებოდა. შედეგად, 2020 წლის შემდგომ ბარათზე დაგროვილი ზედმეტობა ზუსტად იმ თანხასთან არის შესაბამისობაში, რაც შემოწმების შედეგად დაერიცხა კომპანიას ნულოვანი დეკლარაციების მიხედვით, რომელთა დაზუსტებაც ვერ მოესწრო შემოწმებამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ კომპანია არ აპირებდა გადასახადის დამალვას, მას გადახდილი აქვს ძირი გადასახადი ფაქტობრივად სრულად. კომპანიის ხელმძღვანელობა არ ყოფილა ინფორმირებული ზემოთ მოცემული დეკლარირების პრაქტიკის შესახებ და იხდიდა კუთვნილ გადასახადს, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის ნაწილში. საწარმოს აქვს სრულად წარმოებული ბუღალტერია, იყენებს შესაბამისი წესით რეგისტრირებულ სამ სალარო აპარატს, რომელიც სინქრონულად აისახება შემოსავლების სამსახურის პორტალზე. კომპანია არასდროს არ ყოფილა დაჯარიმებული სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე და გაყიდვებს აღრიცხავს თანამედროვე სისტემების მიხედვით, რაც გულისხმობს ე.წ. სკანერის საშუალებით შტრიხ-კოდებით პროდუქციის რეალიზაციას. საწარმოს სრულად აქვს ასახული ყველა რეალიზაციის ოპერაცია, როგორც სალარო აპარატებში, ასევე საბუღალტრო ჩანაწერებში. მომჩივანმა მიაწოდა ყველა ტიპის ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების გუნდს სრულად (რის საფუძველზეც მოხდა გადასახადების დარიცხვა) და ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ბუღალტერია და დოკუმენტაცია სწორია, ასევე დასტურდება შემოწმების აქტითაც, რომელიც სრულად დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას.

არაგონივრული და წარმოუდგენელია კომპანიას ჰქონოდა გადასახადის დამალვის მცდელობა და ამავდროულად მისი შემოსავლები იმავე წამში აისახებოდეს შემოსავლების სამსახურში სალარო აპარატის მეშვეობით, მისი ყველა შესყიდვა ფიქსირდებოდეს პორტალზე და ამავდროულად იხდიდეს გადასახადს.

საგადასახადო შემოწმების აქტით გამოწვეული დარიცხვები სამწუხაროდ სრულად ადამიანური შეცდომით არის გამოწვეული. წინა პერიოდების პრაქტიკის გათვალისწინებით (სამწუხაროდ, რომლის არსებობაც კომპანიის ხელმძღვანელობისთვის უცნობი იყო) კომპანიის ბუღალტერი აპირებდა დეკლარაციების დაზუსტებას, თუმცა, შემოწმების დანიშვნის გამო ვეღარ მოხერხდა ნულოვანი დეკლარაციების კორექტირება, რამაც გამოიწვია ჯარიმების დარიცხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლი არაერთი გარემოების გათვალისწინებით სახეზეა, რომ კომპანიას არ ჰქონია გადასახადის დამალვის რაიმე მცდელობა ან მიზანი და გამოწვეული უზუსტობა მხოლოდ ადამიანური შეცდომის შედეგია.

კომპანიის მენეჯმენტი საერთოდ არ იყოს ინფორმირებული, რომ გარკვეული პერიოდის დეკლარაციები დეკლარირდებოდა ნულოვანი დაბეგვრით და ხდებოდა მათი პერიოდული დაზუსტება, ვინაიდან ხდებოდა გადასახადის გადახდა შესაბამის სავადო თარიღებში. ამასთან, ის ფაქტი, რომ მსგავსი წესით დეკლარაციის წარდგენა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, ასევე არ იყო გაცნობიერებული იმ პირის მიერ, რომელიც წარადგენდა დეკლარაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი უზუსტობა არ იქნებოდა დაშვებული მის მიერ, ვინაიდან მსგავსი ქმედება არალოგიკურია. საბოლოო ჯამში, მოცემული ფაქტი შეცდომის შედეგია და სრულად კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმი. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს ეპატიოს დაკისრებული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო მარაგების აღსარიცხად იყენებს პროგრამა „1C“. გააჩნია 3 სალარო აპარატი. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა კომპანიის კუთვნილ ობიექტზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (შედეგების გამოყვანის გარეშე), ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისთვის. 2023 წლის 19 აპრილს საწარმოს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა 398 413 ლარის საქონელი, ხოლო ფაქტობრივად აღმოჩენილია 143 029 ლარის თვითღირებულების ნაშთი. აღნიშნული სხვაობის საქონლის რეალიზაცია გადამხდელს ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით, ზემოთხსენებული საქონლის ნაშთის სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა კომპანიის გაცხადებული ფასნამატი - 27%, რაც დასტურდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამით. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ბრუნვა გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით საქონლის მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა. საწარმოს დღგ-ის დეკლარაციები (დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი თანხები) შესამოწმებელი პერიოდის ზოგიერთ თვეში წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია საქონლის მოძრაობის ამსახველი პროგრამა, სადაც ყოველდღიურ ჭრილში ჩანს საქონლის მოძრაობა: შეძენა-რეალიზაცია დასახელებების მიხედვით. აღნიშნულ თვეებში საქონლის რეალიზაცია-მიწოდება, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ დაუბეგრავს, საგადასახადო კოდექსით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის მიხედვით, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა დღგ-ის თანხა, რომლებიც კომპანიას დეკლარაციით არ ჰქონდა მიბმული და ჩათვლილი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დაქირავებული ჰყავს რამდენიმე ათეული თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვებით. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული, აღნიშნულ პირზე სალაროდან გადახდები სრულად არ არის დაბეგრილი. წარდგენილი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმების მიერ დათვლილ მონაცემებსა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს ქონების გადასახადის დეკლარაციებით დასაბეგრი ქონება დაბეგრილი არ აქვს. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია მის კუთვნილებაში არსებული ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობა და მიწა, რომელიც არ დაუდეკლარირებია. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 160; 203; 269(7).