გადაწყვეტილება №19560/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19560/2/2023
07 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19560/2/2023).
დავის საგანი:
1. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. უსაქონლო და ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება;
3. დღგ-ის ჩათვლის შემცირება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის მიზნობრიობა და შინაარსი უცნობია;
4. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №024-73 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7900 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 315 708 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 149 585
დღგ - 25 640
მოგების გადასახადი - 13 588
საშემოსავლო გადასახადი - 110 357
ჯარიმა - 122 274
საურავი - 43 849
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 17 ივნისიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 8.12.2022 წლის №31019 ბრძანება და №024-73 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7900 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაზე (არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში). შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, ფაქტობრივ გარემოებაში დაზუსტებული არ არის, რომელ ანგარიშფაქტურაზეა საუბარი და აგრეთვე, რომელი თვის დღგ-ის დეკლარაციაში არ არის ასახული დასაბეგრი ოპერაცია. მისი ანალიზით ფიქსირდება, რომ დღგ-ის ყველა ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია დეკლარაციას და შესაბამისად ასახულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ითხოვს, მიეწოდოს დეტალები, რათა მოახდინოს იდენტიფიცირება რომელ ანგარიშ-ფაქტურაზეა საუბარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №----------21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები და არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაზე (არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში). შედეგად დაერიცხა კუთვნილი დღგ. აგრეთვე, მაგალითად 2020 წლის თებერვალში პირდაპირი რეალიზაციით (ანგარიშ-ფაქტურებით) დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 15 400 ლარი, ასევე, მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 37 233 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ პერიოდებში წარდგენილია დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები. აღნიშნულ საკითხში საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულად რომელი დეკლარაციით, რა აქვს დაბეგრილი ვერ იქნა გაშიფრული და აღნიშნული სხვაობა გამოვლენილია (გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) სწორი დასაბეგრი პერიოდების და სწორი თანხების მიხედვით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან რაიმე მტკიცებულებას, რაც შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს განხორციელებული ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაზეც შესაბამისი დეკლარირება და საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების (გაზრდის) შესახებ მართებულია.
2. უსაქონლო და ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი და დღგის ჩასათვლელი თანხების შემცირება
ფაქტების აღწერა
პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (სისხლის სამართლის საქმის მასალები) მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- (დღგ-ის თანხა 11 746 ლარი) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- (დღგ-ის თანხა 11 441 ლარი) და ეა---------- (დღგ-ის თანხა 381 ლარი) არის ყალბი და მასში განხორციელებული ოპერაციები არის უსაქონლო და ფიქტიური.
შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხები. კერძოდ, კომპანიის მიერ ფიქტიურ ოპერაციაზე მიღებული და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლებიდან გაუქმებას - შემცირებას, რაზეც დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით, ხოლო გამოწერილი, ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა და კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დღგ-ის თანხის 200%- ის ოდენობით.
ასევე, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა გამოიწვია დღგა და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და 280-ე მუხლის პირველი ნაწილით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, ეწევა სამშენებლო საქმიანობას და მომსახურებას უწევს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს. აგრეთვე გარკვეულ შემთხვევებში არის ქვეკონტრაქტორი და პროექტიდან ასრულებს სამუშაოს გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად ფაქტობრივ გარემოებებში ხსენებული ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა, ხარჯთაღრიცხვებისა და მიღება ჩაბარების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს. თანდართულ ფაილებში წარმოდგენილია ზემოთ ხსენებული მომსახურების მიღებისა და მიწოდების შესახებ ხელშეკრულება მასში მოცემული დეტალური ხარჯთაღრიცხვებით. შესაბამისად ადასტურებს, რომ ოპერაცია ნამდვილად განხორციელდა, რა დროსაც მიიღო 75,000 ლარის მომსახურება შპს „----------“ (ს/ნ ----------), დაემატა ფასნამატი 2,000 ლარის ოდენობით და მიეწოდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) თანხით 77,000 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამის პერიოდში მოქმედი 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №----------21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (სისხლის სამართლის საქმის მასალები) მიხედვით, კომპანიის მიერ შპს „----------“ (სნ ----------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- (დღგ-ის თანხა 11 746 ლარი) და შპს „----------“ (სნ ----------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- (დღგ-ის თანხა 11 441 ლარი) და ეა---------- (დღგ-ის თანხა 381 ლარი) არის ყალბი და მასში განხორციელებული ოპერაციები არის უსაქონლო და ფიქტიური.
შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხები, კერძოდ: კომპანიის მიერ ფიქტიურ ოპერაციაზე მიღებული და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლებიდან გაუქმებას - შემცირებას, რაზეც დაერიცხება დღგ და საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით. ასევე შემცირდა გამოწერილი ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად დეკლარირებული გადასახადი, კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
ვინაიდან, გამოძიებით დადგინდა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაქონლო და ფიქტიური (ყალბი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, ასვე, უსაქონლო და ფიქტიური (ყალბი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ სასაქონლო ოპერაციებზე გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმებისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის, 280-ე მუხლის პირველი ნაწილის და 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჯარიმების დაკისრების შესახებ.
3. დღგ-ის ჩათვლის შემცირება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის მიზნობრიობა და შინაარსი უცნობია
ფაქტების აღწერა
მომჩივანს შპს „----------“ და შპს „----------“ მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (დღგ 15 740 ლარი) შინაარსით „თანახმად ხელშეკრულებისა“. შემოწმებისთვის არ არის ცნობილი აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და შინაარსი, შემოწმებისთვის არ არის მიწოდებული ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა აღნიშნული ჩათვლების გაუქმება (შემცირება), რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა და გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის მიხედვით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამშენებლო საქმიანობის შესრულების პროცესში იყენებდა ქვეკონტრაქტორების მომსახურებას, მათ შორის შპს „----------“ და შპს „----------“. არსებული ოპერაციების დასადასტურებლად არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია ხელშეკრულებები, ხარჯთაღრიცხვები და მიღება-ჩაბარების აქტები. ფაქტობრივ გარემოებებში ხსენებული ანგარიშ-ფაქტურებიც გამოწერილია აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე. საქმინობის პროცესში ნაღდი ფული საჭირო იყო სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად, მათ შორის მუშების ხელფასი, წვრილმანი მომსახურებები და სახარჯი მასალები. აღნიშნულ ხარჯებზე მაქსიმალურად მოიძია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობების დასადასტურებლად დამატებით წარმოადგენს შპს „----------“(მომჩივანი) და მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებებს მასში მოცემული დეტალური ხარჯთაღრიცხვებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №----------21-14 წერილის მიხედვით, კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის - მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიხედვით დადგინდა, რომ შპს „----------“(მომჩივანი) (სნ ----------) შპს „----------“ (სნ ----------) და შპს „----------“ (სნ ----------) მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (დღგ 15 740 ლარი) შინაარსით თანახმად ხელშეკრულებისა. შემოწმებისთვის არ არის მოწოდებული აღნიშნული ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისთვის არ არის ცნობილი აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და შინაარსია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, შემოწმებისას განხორციელდა აღნიშნული ჩათვლების გაუქმება (შემცირება).
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჰქონდა ჩათვლა, რაზეც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია და არც მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია/მტკიცებულება აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობისა და შინაარსის შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის ჩათვლის შემცირების თაობაზე.
4. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის და კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარჯი/გადახდები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, მომჩივანს გადარიცხული აქვს შპს „----------“ 77 000 ლარი, რომელზეც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- და ეა---------- არის ფიქტიური და მასში განხორციელებული ოპერაცია - უსაქონლო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, მან მოახდინა მიღებული მომსახურებისაგან წარმოშობილი დავალიანების გასტუმრება და 77,000 ლარის გადარიცხვა მოხდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფუძველზე. რის დამადასტურებლადაც თანდართულ ფაილებში მოცემულია შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №----------21-14 წერილში მითითებულია, რომ საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის და კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარჯი/გადახდები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, და რომელზეც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- და ეა---------- არის ფიქტიური და მასში განხორციელებული ოპერაცია უსაქონლო. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 982 მუხლის მიხედვით, დაერიცხა მოგების გადასახადი.
საბჭო განმარტავს, რომ გამოძიებით დადგენილი ფიქტიურ და უსაქონლო ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაწეული ხარჯი არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს, ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია რეალურად არ არის განხორციელებული, შესაბამისად, საბჭოს მართებულად მიაჩნია, ამ ნაწილში მოგების გადასახადის დარიცხვა.
5. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ვინაიდან, კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის და დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა. კერძოდ, შემოწმებისას ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (შეძენა) ჩაითვალა ანაზღაურებულად - გადახდილად, ხოლო ყველა რეალიზაცია/გაწეული მომსახურება ანაზღაურებულად - მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, შემოსავლებისა და გასავლების ანალიზის შედეგად, მათ შორის გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის მიხედვით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ახდენდა მომწოდებლებისაგან სხვადასხვა მასალების შესყიდვას ნაღდი ფულით რა დროსაც ხდებოდა სალარო აპარატების ჩეკების წამოღება, თუმცა როგორც აღმოჩნდა მომწოდებლებმა არ მოახდინეს სასაქონლო ზედნადების დროული გამოწერა. ამჟამად ცდილობს კომუნიკაცია დაამყაროს მომწოდებლებთან და მოიპოვოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც წარმოადგენს მტკიცებულებების სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
დადგენილია, რომ შემოწმებისას ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (შეძენა) ჩაითვალა ანაზღაურებულად - გადახდილად, ხოლო ყველა რეალიზაცია/გაწეული მომსახურება ანაზღაურებულად - მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, შემოსავლებისა და გასავლების ანალიზის შედეგად, მათ შორის გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად
მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად ჩათვლის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. უსაქონლო და ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება;
3. დღგ-ის ჩათვლის შემცირება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის მიზნობრიობა და შინაარსი უცნობია;
4. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები და არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაზე (არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში). შედეგად დაერიცხა კუთვნილი დღგ. აგრეთვე, მაგალითად 2020 წლის თებერვალში პირდაპირი რეალიზაციით (ანგარიშ-ფაქტურებით) დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 15 400 ლარი, ასევე, მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 37 233 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ პერიოდებში წარდგენილია დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები. აღნიშნულ საკითხში საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულად რომელი დეკლარაციით, რა აქვს დაბეგრილი ვერ იქნა გაშიფრული და აღნიშნული სხვაობა გამოვლენილია (გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) სწორი დასაბეგრი პერიოდების და სწორი თანხების მიხედვით. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან რაიმე მტკიცებულებას, რაც შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
2. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (სისხლის სამართლის საქმის მასალები) მიხედვით, კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა (დღგ-ის თანხა 11 746 ლარი) და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა 11 441 ლარი) და (დღგ-ის თანხა 381 ლარი) არის ყალბი და მასში განხორციელებული ოპერაციები არის უსაქონლო და ფიქტიური. შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხები, კერძოდ: კომპანიის მიერ ფიქტიურ ოპერაციაზე მიღებული და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლებიდან გაუქმებას - შემცირებას.
3. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის წერილის მიხედვით, კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის - მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიხედვით დადგინდა, რომ მომჩივანს ორი კომპანიისგან მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (დღგ 15 740 ლარი) შინაარსით თანახმად ხელშეკრულებისა. შემოწმებისთვის არ არის მოწოდებული აღნიშნული ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისთვის არ არის ცნობილი აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და შინაარსია.
4. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის წერილში მითითებულია, რომ საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის და კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარჯი/გადახდები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, და რომელზეც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ფიქტიური და მასში განხორციელებული ოპერაცია უსაქონლო.
5. შემოწმებისას ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (შეძენა) ჩაითვალა ანაზღაურებულად - გადახდილად, ხოლო ყველა რეალიზაცია/გაწეული მომსახურება ანაზღაურებულად - მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, შემოსავლებისა და გასავლების ანალიზის შედეგად, მათ შორის გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და ბიუჯეტიდან 9უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ხუთივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 163(1,2); 164(1); 178(ე); 280(1); 282(3).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 170(ა); 174(3„ვ“).