ბრძანება N 7627
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7627
07.04.2023
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 იანვრის №78399/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №069-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მინერალურ წყლებზე ფასნამატის გავრცელებას გადაუმოწმებელ ნაშთზე. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგენია და არც საგადასახადო შემოწმების აქტით არ იკვეთება გადასახადის გაანგარიშების სისწორე. დამატებით აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა გარკვეული ოპერაციების ორმაგად დაბეგვრა, რაც არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20407 და 20 ოქტომბრის №26636 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 მარტის №6592 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №32059 ბრძანება და 21 დეკემბრის №069–5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 101 412 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 117 ლარი, ჯარიმა 29 912 ლარი და საურავი 10 383 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ „----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 4 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2020 წლის 10 აპრილს. ამასთან, 2020 წლის პირველი იანვრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სათბობი მასალებით (დაპობილი შეშით) ვაჭრობა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით (სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის საწვავი ხის მასალის (შეშის) მიწოდება). ასევე, უფიქსირდებოდა სასმელი წყლის, ღვინის ბოთლების, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების (მ.შ. მინერალური) შეძენა/რეალიზაცია, თუმცა მათგან მხოლოდ ნაწილი იყო დოკუმენტურად რეალიზებული, დანარჩენის რეალიზაცია აღრიცხული არ ყოფილა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აღრიცხავდა შემოსავლებს და ხარჯებს. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდში არ აწარმოებდა აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს (მათ შორის ელექტრონულად). შემოწმებით შეუძლებელი იყო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის კონტროლი - მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად, სააღრიცხვო ინფორმაციით დაბეგვრის ობიექტი გარკვეულ შემთხვევებში ვერ დგინდებოდა. გადამხდელის განმარტებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნდა სასაწყობე ფართი და შესაბამისად, არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთები და შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა პირდაპირ მყიდველის ტერიტორიამდე (ბენეფიციარებთან). ასევე, გადამხდელს არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდებზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების დიდი ნაწილი. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის დღგით დასაბეგრი ოპერაციების შესწავლა, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ასევე, შემოწმებამ, გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, გაანგარიშდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (მინერალური წყალი) დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებამ, ასევე, მოიძია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატები საქონლის კატეგორიების ჭრილში, წლების მიხედვით და გავრცელდა შეძენილი პროდუქციის (სასმელი წყალი, ღვინო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები) იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთი არ უფიქსირდებოდა გადამხდელს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი 161-ე, 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდისა და 2020 წლის პირველი იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობისას დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა, რომელთა დადგენის მიზნით შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი (მ.შ. სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და შეძენილი სმფ-ის ნაწილის [სასმელი/მინერალური წყალი, ღვინო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები] რეალიზაციისას შემოსავლის განსაზღვრისთვის დოკუმენტური და აუდირებული ფასნამატები). შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე, 90-ე და 91-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით - 2019 წელს 20%-იანი განაკვეთით, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან 1%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე.
გადამხდელის განმარტებით დადგინდა, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნდა სასაწყობე ფართი. შესაბამისად, არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთები და შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა პირდაპირ მყიდველის ტერიტორიამდე (ბენეფიციარებთან). საგადასახადო შემოწმებით გაირკვა, რომ ქალაქ ---------- თან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, შეძენილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო ბენეფიციარების მისამართებამდე. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო შეძენილი შეშის შეძენის ლოკაციიდან - ქალაქ ---------- მდე და შემდგომ ბენეფიციარებამდე ტრანსპორტირების პროცესის შესახებ, მათ შორის: ტრანსპორტირებისას გამოყენებული ავტომანქანის ტიპების, მათი ტვირთამწეობის, ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხების შესახებ ინფორმაცია, წლებისა და ტრანსპორტირებისას დაფარული დისტანციების (ტრაექტორიების) მიხედვით. ასევე, გადამხდელის განმარტებით, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მომსახურების თანხები გადახდილი იყო მომსახურების მიღებისთანავე, ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი შეშის რაოდენობების, სასაქონლო ზედნადებების, მათში დაფიქსირებული მძღოლების, ავტომანქანების ნომრებისა და მისაბმელების, ასევე, შესაბამისი ავტომანქანების მფლობელების შესწავლა და შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ პირებზე ტრანსპორტირების მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი არ აღრიცხავდა შემოსავლებს და ხარჯებს. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდში არ აწარმოებდა აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს (მათ შორის ელექტრონულად). გადამხდელს უფიქსირდებოდა სასმელი წყლის, ღვინის ბოთლებისა და ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების (მ.შ. მინერალური) შეძენა/რეალიზაცია, თუმცა მათგან მხოლოდ ნაწილი იყო დოკუმენტურად რეალიზებული, დანარჩენის რეალიზაცია აღრიცხული არ ყოფილა. ამდენად, შემოწმებით შეუძლებელი იყო გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის კონტროლი - მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად, სააღრიცხვო ინფორმაციით დაბეგვრის ობიექტი გარკვეულ შემთხვევებში ვერ დგინდებოდა. გადამხდელის განმარტებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნდა სასაწყობე ფართი და შესაბამისად - არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთები და შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა პირდაპირ მყიდველის ტერიტორიამდე (ბენეფიციარებთან). ასევე, გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდებზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების დიდი ნაწილი.
საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა გავლილი სადავო აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, რასაც გადამხდელიც ადასტურებს წარმოდგენილ საჩივარში, კერძოდ, მიუთითებს, რომ ის თანამშრომლობდა შემოწმებასთან ყველა ეპიზოდში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციით გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, მინერალურ წყალზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება, ხოლო დანარჩენ საქონელზე (რომლის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთი არ უფიქსირდებოდა გადამხდელს) ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემებით დადგენილი ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტისა და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, სათბობი შეშის ტრანსპორტირების მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის გავრცელებას გადაუმოწმებელ ნაშთზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი არ აღრიცხავდა შემოსავლებს და ხარჯებს. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდში არ აწარმოებდა აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს (მათ შორის ელექტრონულად). გადამხდელს უფიქსირდებოდა სასმელი წყლის, ღვინის ბოთლებისა და ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების (მ.შ. მინერალური) შეძენა/რეალიზაცია, თუმცა მათგან მხოლოდ ნაწილი იყო დოკუმენტურად რეალიზებული, დანარჩენის რეალიზაცია აღრიცხული არ ყოფილა. ამდენად, შემოწმებით შეუძლებელი იყო გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის კონტროლი - მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად, სააღრიცხვო ინფორმაციით დაბეგვრის ობიექტი გარკვეულ შემთხვევებში ვერ დგინდებოდა. გადამხდელის განმარტებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნდა სასაწყობე ფართი და შესაბამისად - არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთები და შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა პირდაპირ მყიდველის ტერიტორიამდე. გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდებზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების დიდი ნაწილი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 90(1); 91; 102(1„ა“); 154(1„დ“); 159(1„ა“); 163(1); 164(1); 275; 291
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)