ბრძანება N 25905
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25905
25 ნოემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2025 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 7 ნოემბრის №177516/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.
სადავო საკითხი:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2025 წლის პერიოდში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა სამმართველოს მიერ განხორციელდა კომპანიის საქმიანობის მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს კომპანიაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების პირობების შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან. აღნიშნული მიმოხილვის შედეგად, აუდიტის დეპარტამენმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციები შესაძლოა არ ყოფილიყო სრულად შესაბამისი საბაზრო პრინციპთან, კერძოდ – კომპანიის საერთო მომგებიანობის დონე 2023 წლის საანგარიშო პერიოდში დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთიგზის წარმოადგინა დოკუმენტურად დასაბუთებული არგუმენტები და განმარტებები, რომლებიც ასახავდა ოპერაციების ეკონომიკურ არსსა და OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობას, ასევე იგივე ფასწარმოქმნის პირობებში ეჭვქვეშ არ დამდგარა 2021 და 2022 წლის შესაბამისობის საკითხები, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოგების გადასახადის დეკლარაციის კორექტირება (2023 წელი).
აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ სათავო ოფისთან მოლაპარაკებებისა და იურიდიული რისკების შეფასების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხანგრძლივ ადმინისტრაციულ დავაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, კომპანიას ნებაყოფლობით დაეზუსტებინა 2023 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია. შედეგად, კომპანიამ დამატებით განახორციელა საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა დაახლოებით 850 000 ლარის ოდენობით, რამაც გამოიწვია საურავის დარიცხვა დაახლოებით 240 000 ლარის ოდენობით და რაც წარმოადგენს დამატებით და მძიმე ფინანსურ ტვირთს კომპანიისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საურავის მოხსნას, ან ითხოვს შესაძლებლობას დამატებითი გადასახადი 2023 წლის დეკემბრის ნაცვლად ასახულ იქნეს მიმდინარე საგადასახადო პერიოდში საურავის დარიცხვის თავიდან აცილების მიზნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ „-------“) წარმოადგენს მსხვილი კატეგორიის მქონე გადამხდელს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ გადამხდელის მიმართ განხორციელდა კლასიფიცირების სისწორის შეფასება და მიენიჭა კლასი „საშუალო“, შესაბამისად მის მიმართ განხორციელდა რისკის მიმოხილვის პროცედურა, რაც გულისხმობს შპს , „------- -სთან“ მიმართებაში გამოვლენილი რისკების გაქარწყლებას ან/და აღმოფხვრას და საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას. გამოვლენილი რისკების, კერძოდ, 2023 წლის არასაბაზრო მოგების მარჟის შესახებ ეცნობა გადამხდელს და მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიეცა რეკომენდაცია, დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები ნებაყოფლობით. შპს „------- - მ“ 2025 წლის 9 სექტემბერს წარმოადგინა 2023 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც მოახდინა მოგების მარჟის შესწორება საბაზრო დიაპაზონში და გადაიხადა 850 000 ლარის ოდენობის გადასახადი. აღნიშნული დეკლარაციის დაზუსტებამ გამოიწვია შესაბამისი საურავის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არაზუსტი დეკლარაციის დაზუსტება, კერძოდ დაახლოებით 850 000 ლარის ოდენობის დამატებით დარიცხვა განხორციელდა მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიცემული რეკომენდაციის შემდეგ და არა საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე განხორციელებული თვითკონტროლის შედეგად. აღნიშნულმა ქმედებამ, დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით გამოიწვია საურავის დარიცხვა დაახლოებით 240 000 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელი უთითებს რომ კონკრეტული საურავი წარმოადგენს დამატებით და მძიმე ტვირთს და ასევე იმ გარემოებას, რომ გადამხდელმა აღნიშნული განახორციელა ნებაყოფლობით (მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება), თუმცა საგადასახადო ვალდებულების დროში დაგვიანებით შესრულება (და ის გარემოება, რომ არ ეთანხმება, რომელიც სრულიად არ ნიშნავს რომ არ ეკუთვნოდა კონკრეტული) და დარიცხული საურავის დიდი ოდენობა არ და ვერ დაადასტურებს პირის კეთილსინდისიერებას და აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის, მე-7 ნაწილის შესაბამისად ვერ გახდება დროში გადასახადების გადაუხდელობის საფუძვლით დაკისრებული, კუთვნილი კანონიერი საურავის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების საფუძვლით დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ს“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საურავის მოხსნას, ან ითხოვს შესაძლებლობას დამატებითი გადასახადი 2023 წლის დეკემბრის ნაცვლად ასახულ იქნეს მიმდინარე საგადასახადო პერიოდში საურავის დარიცხვის თავიდან აცილების მიზნით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი წარმოადგენს მსხვილი კატეგორიის მქონე გადამხდელს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ გადამხდელის მიმართ განხორციელდა კლასიფიცირების სისწორის შეფასება და მიენიჭა კლასი „საშუალო“, შესაბამისად მის მიმართ განხორციელდა რისკის მიმოხილვის პროცედურა, რაც გულისხმობს მომჩივანის მიმართებაში გამოვლენილი რისკების გაქარწყლებას ან/და აღმოფხვრას და საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი მონაცემების დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას. გამოვლენილი რისკების, კერძოდ, 2023 წლის არასაბაზრო მოგების მარჟის შესახებ ეცნობა გადამხდელს და მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიეცა რეკომენდაცია, დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები ნებაყოფლობით. 2025 წლის 9 სექტემბერს წარმოადგინა 2023 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც მოახდინა მოგების მარჟის შესწორება საბაზრო დიაპაზონში და გადაიხადა 850 000 ლარის ოდენობის გადასახადი. აღნიშნული დეკლარაციის დაზუსტებამ გამოიწვია შესაბამისი საურავის დარიცხვა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
53,269(7),272.