გადაწყვეტილება №20409/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20409/2/2023
30 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20409/2/2023).
დავის საგანი:
არარეზიდენტი კომპანიისგან გადასახდელი/მიუღებელი თანხების დაკვალიფიცირება სესხის გაცემად, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №007-99 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 212 230 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 641
დღგ - (-72 428)
მოგების გადასახადი - 140 362
საშემოსავლო გადასახადი - 19 707
ჯარიმა - 96 007
საურავი - 28 582
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შეძენილი თავის მოვლის საშუალებების და პარფიუმერიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტის გზით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 16.04.2020 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე -----ში, რეექსპორტის გზით, მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი საწარმოსგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №9065 ბრძანება და №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არასამართლიანია, კერძოდ, კომპანიამ ------ს რესპუბლიკაში განახორციელა საქონლის მიწოდება 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში. საქონლის მიწოდება განხორციელდა ------ში რეგისტრირებულ კომპანია OOO ------ზე, რომელსაც კომპანიის მიმართ გაუჩნდა დავალიანება 238 130.21 აშშ დოლარის ექვივალენტი, რომელიც შემოწმების პერიოდში 733 298 ლარის შესაბამისი იყო. აღნიშნული თანხა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაკვალიფიცირდა, როგორც სესხის გაცემა არარეზიდენტ საწარმოზე და ამასთან ერთად დაერიცხა სესხის პროცენტი, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 19-ე პუნქტს, რომლის შესაბამისად -- პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის: ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიით და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები.
რაც შეეხება კვალიფიცირებას და სესხად აღიარებას - საქონლის ღირებულებას არ ეთანხმება, რადგანაც ეს ოპერაცია არც საქონლის უსასყიდლო მიწოდებაა და არც არარეზიდენტისათვის სესხის მიცემა. კომპანიის მიერ განხორციელდა საქონლის მიწოდება მოგების მიზნით, უნდა აღინიშნოს რომ კომპანია პირველად შევიდა პროდუქციით ------ს ბაზარზე და ცდილობდა ბაზრის ათვისებას, თუმცა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეამციროს დავალიანება, ამიტომაც კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ, 2022 წლის დეკემბრის თვეში, ------ში მივლინებისას დაიდო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან ------, რომელიც წარმოდგენილი იყო აუდიტორებთანაც და გასაჩივრების პროცესში. გარდა ამისა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დაებრუნებინა ------დან გაყიდული საქონლის ნაშთი/უკან დაბრუნება, რადგან ვერ ახერხებდა დავალიანების ამოღებას, ამიტომ 2023 წლის 16 მაისს მოახდინა ------დან 89 120.06 აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება.
რაც შეეხება უკან დაბრუნების ინვოისში საქონლის ფასებს, აღნიშნული საქონლის ფასები თითოეულ საქონელზე აღემატება რეალიზაციის ინვოისში დაფიქსირებულ საქონლის ფასებს, რადგან სხვანაირად ვერ მოხერხდა საქონლის უკან დაბრუნება, კომპანია აღნიშნულ სხვაობას, რომელიც 11 402 აშშ დოლარს შეადგენს არც განიხილავს უკან დაბრუნების ღირებულებად, ანუ კომპანიის მიერ ------დან განხორციელდა 77 717.18 აშშ დოლარის ექვივალენტი საქონლის ღირებულების უკან დაბრუნება. კომპანიას ამ ქმედებით დავალიანება შეუმცირდა და დარჩა 238 130.1-77 717.18=160 413.03 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. კომპანიის ძალისხმევით აგრეთვე, განხორციელდა დავალიანების დაფარვა - პირველი ტრანში 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი (თან ერთვის საგადასახადო დავალება და ბანკის ამონაწერი). კომპანია ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული დავალიანების ამოსაღებად. შეთახმების საფუძველზე დავალიანების დაფარვა გრძელდება და ელოდება მომდევნო ტრანშს.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული მოგების გადასახადის 140 362 ლარის და შესაბამისი ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე−9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
დადგენილა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე ------ში, რეექსპორტის გზით, მიწოდებული აქვს საქონელი, რომლის ღირებულებაც აქტის შედგენის თარიღისთვის არ იყო გადახდილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი საწარმოსგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ------ს რესპუბლიკაში განახორციელა საქონლის მიწოდება 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში. საქონლის მიწოდება განხორციელდა ------ში რეგისტრირებულ კომპანია OOO ------ზე, რომელსაც კომპანიის მიმართ გაუჩნდა დავალიანება. საქონლის მიწოდება განხორციელდა მოგების მიზნით, კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ შეამციროს დავალიანება, ამიტომაც 2022 წლის დეკემბრის თვეში, დაიდო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან ------, რომელიც წარდგენილი იყო აუდიტორებთანაც და გასაჩივრების პროცესშიც. გარდა ამისა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დაებრუნებინა გაყიდული საქონლის ნაშთი, რადგან ვერ ახერხებდა დავალიანების ამოღებას, 2023 წლის 16 მაისს მოახდინა ------დან 89 120.06 აშშ დოლარის ექვივალენტის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება. უკან დაბრუნების ინვოისში საქონლის ფასები თითოეულ საქონელზე აღემატება რეალიზაციის ინვოისში დაფიქსირებულ საქონლის ფასებს, რადგან სხვანაირად ვერ მოხერხდა საქონლის უკან დაბრუნება. კომპანიის მიერ ------დან განხორციელდა 77 717.18 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება, რითაც შემცირდა დავალიანება, აგრეთვე, განხორციელდა დავალიანების დაფარვა - პირველი ტრანში 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი, შეთახმების საფუძველზე დავალიანების დაფარვა გრძელდება და ელოდება მომდევნო ტრანშს.
აუდიტის დეპარტამენტი 14.08.2023 წლის №81285-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა კომპანია „-----“-ზე საქონლის პირველი მიწოდება განახორციელა 2021 წლის მაისში, ხოლო მეორე მიწოდება განხორციელდა ოთხ თვეში, 2021 წლის აგვისტოში. აღნიშნული პერიოდისთვის „-----“-ს თანხის გადახდა არ უფიქსირდება. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2023 წლის 30 მარტს, დავალიანების წარმოშობიდან ორი წლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელს დავალიანებასთან დაკავშირებით არ აქვს დაწყებული სამართლებრივი დავა, ხოლო მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება და შედარების აქტი არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, პირს გაფორმებული აქვს სამმაგი შეთანხმება და საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, საქონლის ნაწილი უკან აქვს დაბრუნებული, რაზეც წარადგინა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ინვოისის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის ფასები თითოეულ საქონელზე აღემატება რეალიზაციის ინვოისში დაფიქსირებულ საქონლის ფასებს, რაც იწვევს უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულების გაზრდას. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრების პროცესში წარმოდგენილ დოკუმენტაციას, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტებით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რომ ინვოისში ჩამოთვლილი საქონელი სწორედ ის საქონელია რომელიც პირს სურდა, რომ უკან დაებრუნებინა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომწოდებელი კომპანია და რეალიზებული საქონლის მიმღები კომპანია სხვადასხვაა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ კვალიფიკაციას, კომპანიის მიერ ოპერაციის განხორციელების არსი იყო მოგების მიღება, ამ ოპერაციის საფუძველი არის კომერციული, ყავს მომწოდებელი ------ში, ვისგანაც ყიდულობს პროდუქციას და ყავს საბოლოო მყიდველი ------ში, რომელსაც აწვდის, ოპერაცია დაიწყო 2021 წელს და დადებულია კომერციული ხასიათის ხელშეკრულება. მიაწოდა საქონელი ------ში, საქონლის ნაწილი დაბრუნებულია, თანხის ნაწილი მიღებულია, მაგრამ ნაწილი არის ამოსაღები. საქმიანობის შინაარსი არის კომერციული, სამმხრივი ხელშეკრულება არსებობს, რომელიც ორივე მხარის მხრიდან ხელმოწერილია, არსებობს შედარების აქტები ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, საქონლის ნაწილის დაბრუნების თაობაზე და ნაწილი თანხის ჩარიცხვაზე დოკუმენტები. საქონლის (80 000 აშშ დოლარის ღირებულების) ნაწილი დაბრუნების პროცესშია, თუმცა არ აპირებს ამაზე გაჩერებას და დავას გააგრძელებს სასამართლოში. ყოველივე ამის გამო, არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ იმ კვალიფიკაციას რაც მიენიჭა ამ საქმიანობას. თავს არ არიდებს გადასახადის გადახდას, აქვს არგუმენტები გამყარებული დოკუმენტებით, რომლითაც ადასტურებს, რომ საქმიანობა არის კომერციული. საქონლის ნაწილი დაბრუნებულია, არავინ არ ამბობს, რომ ფასთა სხვაობა არ არსებობს, მაგრამ ეს დაბრუნებული რომ იგივე საქონელია, რაც გააგზავნა ამის დამტკიცება შესაძლებელია, ამიტომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას. ოპერაცია რომ კომერციული შინაარსისაა ამტკიცებს, ადასტურებს დოკუმენტურად და უნდა რომ მეორე მხარისგან მიიღოს მტკიცებულებები იმისა, რომ არ არის ოპერაცია კომერციული. ითხოვს მიეცეს სწორი კვალიფიკაცია და რაც დასაბეგრია და რაც ეკუთვნის კომერციული საქმიანობის ფარგლებში მზადაა გადაიხადოს, მაგრამ არ აღიარებს მინიჭებულ კვალიფიკაციას. საქონლის ახალი პარტიის დაბრუნებას ელოდება ერთ-ორ კვირაში, ყველა დოკუმენტი შეუძლია წარმოადგინოს იმის დასადასტურებლად, რომ ეს საქონელი ისაა რაც გაიგზავნა, ამასთან არ კარგავს იმედს, რომ თანხას ამოიღებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონელი გადატვირთულია, საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2023 წლის 30 მარტს, დავალიანების წარმოშობიდან ორი წლის შემდეგ და 2 წლის განმავლობაში თანხის გადაუხდელობა შეუძლებლად მიიჩნიეს, რადგანაც თვითონვე განმარტავდნენ, რომ საქონელი მალფუჭებადი იყო. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია, მხოლოდ დავის პროცესში წარმოადგინა ხელშეკრულება, საქონლის ნაწილი უკან აქვს დაბრუნებული, მაგრამ დოკუმენტში მომწოდებელი კომპანია და რეალიზებული საქონლის მიმღები კომპანია სხვადასხვაა. შემოწმების პროცესში, როცა გააცნეს შემოწმებით დადგენილი შედეგი და მოსალოდნელი დაბეგვრის თაობაზე პოზიცია, გადასახადის გადამხდელს შეთავაზეს, თავად აერჩიათ კვალიფიკაცია, მაგრამ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ დაუფიქსირებია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები რაც საქონლის მოწოდებას, ნაწილი საქონლის უკან დაბრუნებას, ნაწილი თანხის მიღებას ადასტურებს და რომ შეუძლია წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები რაც გაგზავნილი საქონლის დაბრუნებულ საქონელთან იდენტურობას დაადასტურებდა. ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და ისეა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ მოუსმენია მომჩივნის პოზიციები.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანება;
3. საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არარეზიდენტი კომპანიისგან გადასახდელი/მიუღებელი თანხების დაკვალიფიცირება სესხის გაცემად, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შეძენილი თავის მოვლის საშუალებების და პარფიუმერიის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტის გზით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე, რეექსპორტის გზით, მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი საწარმოსგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად. კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №9065 ბრძანება და №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 73(9"ბ"), 97(1"ბ""გ"), 982(3"ზ"), 983(1).