ბრძანება N 25482

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2025
№ დოკუმენტი 25482
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25482

20 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა ----- (პ/ნ -----) №159445/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 12 სექტემბრის №----- ექსპერტიზის დასკვნას და 2025 წლის 12 სექტემბრის №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხულ გადასახდელებს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 12 სექტემბრის №----- ექსპერტიზის დასკვნას და განმარტავს, რომ საზღვრის კვეთის დროს, მის ოქროს ნივთებთან ერთად ჰქონდა დაზიანებული ყელსაბამი, რომელიც შეფასდა, როგორც ოქროს ნაკეთობა. მოხდა ამ ნივთების დეკლარირება და გადაიხადა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები. მოგვიანებით, დაზიანებული ნივთის შეკეთების დროს იუველირმა განუცხადა, რომ არ იყო ოქრო. ითხოვს გათვალისწინებული იქნეს, რომ თანახმაა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რათა დაუბრუნდეს ზედმეტად დარიცხული და მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასხდელები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

აქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 სექტემბერს ------ საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-----“ ჩამოფრინდა ----- (პ/ნ -----). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი – ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ოქროს ჯაჭვი – 1 ცალი და ოქროს ბეჭედი – 3 ცალი (საერთო წონა – 47.07 გრ). ----- უარი განაცხადა აღნიშნული საქონლის გაფორმებაზე და გადაწყვიტა მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. გამომდინარე აქედან, შეივსო ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია №--------, მითითებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით №------ და განთავსდა ----- აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.

2025 წლის 12 სექტემბერს ------- მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა ზემოაღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, რისთვისაც მისივე მიმართვის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 2025 წლის 12 სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზით (დასკვნა №------) ოქროს საიუველირო ნაკეთობების (ოქროს ჯაჭვი – 1 ცალი; ოქროს ბეჭედი – 3 ცალი (საერთო წონა – 47.07 გრ)) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 8 604 ლარი.

ექსპერტიზის პროცედურა წარიმართა კიდონტის ქვისა და სპეციალური რეაგენტების მეშვეობით, ასევე ოქროს ნაკეთობებზე მწარმოებლის მიერ დატანილ სინჯებზე ვიზუალური დაკვირვებით.

ვინაიდან ----- მიერ შემოტანილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების ღირებულება აღემატებოდა 3 000 ლარს, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაექვემდებარა საბაჟო გაფორმებას. გამომდინარე აქედან, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 (№------), რომლითაც ------ იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 2766.5 ლარი (იმპორტის გადასახადი – 1 032 ლარი; დღგ – 1734.5 ლარი), ასევე მომსახურების საფასური – 400 ლარი.

------ 2025 წლის 12 სექტემბერს გადაიხადა №------ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელები და საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით:

3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

დადგენილია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტის მიერ. ექსპერტიზის პროცედურა წარიმართა კიდონტის ქვისა და სპეციალური რეაგენტების მეშვეობით, ასევე ოქროს ნაკეთობებზე მწარმოებლის მიერ დატანილ სინჯებზე ვიზუალური დაკვირვებით. საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები. შესაბამისად, წარდგენილი საქონლის ოქროს საიუველირო ნაკეთობების 47,07 გრ საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 8604 ლარი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე იმ ფაქტზე, რომ 2025 წლის 12 სექტემბრის №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ში მითითებული მონაცემების სისწორე (მათ შორის საქონლის დასახელება, რაოდენობა, სეს ესნ კოდი, საქონლის ღირებულება და დარიცხული გადასახდელები) ----- დაადასტურა ხელმოწერით, რის შემდეგაც ------ 2025 წლის 12 სექტემბერს გადაიხადა №------ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხა და საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი და დარიცხული თანხა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ------ (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 12 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნას. ითხოვს გათვალისწინებული იქნეს, რომ თანახმაა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რათა დაუბრუნდეს ზედმეტად დარიცხული და მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასხდელები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, ფ/პ-მა განაცხადა, რომ თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი – ოქროს საიუველირო ნაკეთობები. პირმა უარი განაცხადა აღნიშნული საქონლის გაფორმებაზე და გადაწყვიტა მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. გამომდინარე აქედან, შეივსო ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია,მითითებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით და განთავსდა აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.

ფ/პ-მა მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა ზემოაღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, რისთვისაც მისივე მიმართვის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარებული ექსპერტიზით ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 8 604 ლარი.

ვინაიდან პირის მიერ შემოტანილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების ღირებულება აღემატებოდა 3 000 ლარს, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაექვემდებარა საბაჟო გაფორმებას. გამომდინარე აქედან, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 პირს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 2766.5 ლარი.

მან გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელები და საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი და დარიცხული თანხა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საბაჟო27(1);37;