გადაწყვეტილება №20091/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20091/2/2023
12 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ს 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20091/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. გამოსაქვითი ხარჯების შემცირება და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №081-244 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 275 359,7 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 179 800,75
დღგ - 131 824
საშემოსავლო გადასახადი - 47 976
ჯარიმა - 81 730
საურავი - 13 828,95
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3317 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №30385 ბრძანება და №081-244 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
დეკლარირებული ფასნამატი 2019 წელს შეადგენს 32.2%-ს, 2020 წელს -28.5%-ს, 2021 წელს -33.63%- ს, ხოლო დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი 2021 წლის ბოლოს შეადგენს 517 319 ლარს. 2022 წელს შესყიდულია 363 759 ლარის (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის ბრძანების №24108 საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 157 449 ლარი. 2022 წელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 253 014 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოთვლილ იქნა ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 27%.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, მის მიერ ვერ იქნა ვერანაირი ბუღალტრული ჩანაწერები წარდგენილი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამისი სარეალიზაციო ღირებულება, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის გათვალისწინებით, გადანაწილებული იქნა 2020, 2021 და 2022 წლებზე დეკლარირებული დღგ-ის პროპორციის შესაბამისად თვეების მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160- ე, 161-ე, 171-ე, 159-ე, 163-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, მის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი არ გამოცხადდა ზეპირ განხილვაზე. განმარტავს, რომ აღნიშნული პერიოდისთვის მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა, პრაქტიკულად არ შეეძლო გადაადგილება, გადიოდა და დღესაც გადის შესაბამის მკურნალობას. ამასთან, აგროვებს და უახლოეს პერიოდში შესაბამის კომისიას წარუდგენს დოკუმენტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მისანიჭებლად, რომელსაც შემდგომში წარმოადგენს.
აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დაირღვა საგადასახადო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების მოთხოვნები, არ გადაუგზავნეს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, არ მოუთხოვიათ და შესაბამისად არ წარუდგენია თავისი პოზიცია, რასაც თავად შემმოწმებლებიც ადასტურებენ შემოწმების აქტში.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. მართალია ის სრულყოფილად არ შეესაბამებოდა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ ის მომჩივნის მსგავსი მეწარმეებისთვის საგადასახადო მიზნებისთვის სრულიად საკმარისი და გამჭვირვალეა.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებსა და კვალიფიკაციას, რამდენადაც ანალოგიურ თემაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის (საქმე №ბს-222-219(კ-14)) განჩინებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.
ასევე, მართებულად განმარტებულია, რომ საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. პასუხისმგებლობას გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო პასუხისმგებლობა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან კანონით დაწესებული გადასახადების გარდაუვალი გადახდის პრინციპის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამიჯნულია საგადასახადო ვალდებულებისაგან. საგადასახადო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს პირს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებისაგან. საგადასახადო სანქცია და საგადასახადო ვალდებულება გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო აგენტის სამართლებრივი სტატუსის ორი დამოუკიდებელი ელემენტია. საგადასახადო ვალდებულება ცალმხრივია. საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში არსებობს მხოლოდ ერთი ვალდებული მხარე – გადასახადის გადამხდელი. სახელმწიფო გადასახადის მიღებით არ იღებს თავის თავზე რაიმე შემხვედრ ვალდებულებას გადასახადის გადამხდელის წინაშე და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის მოქმედება მის სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ერთერთი საფუძველი გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 269–ე მუხლის მე–7 ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ზუსტად აღნიშნული გარემოებებია მოცემულ შემთხვევაშიც და მოპასუხეებს უნდა გაეთავისუფლებინათ მომჩივანი დაკისრებული ფინანსური სანქციებისგან.
როგორც ზემოთ აღნიშნა, შემმოწმებელთა მიერ თავის დროზე არ გადაგზავნია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, მომჩივნის მიერ არ მომხდარა აქტის პროექტის მიხედვით დაფიქსირებული ბრალდებების და სამართლებრივი შეფასებების შესწავლა, გაანალიზება და მასზე თავისი მოსაზრებების წარდგენა, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და შეფასებების საფუძველზე მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენა. ყოველივე აღნიშნულის გამო, შემმოწმებლების მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენა პრაქტიკულად მოხდა ცალმხრივად და მიკერძოებულად.
მომჩივნისთვის სრულიად გაუგებარი და გაურკვეველია თუ რატომ მოხდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №24108 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთის - 157 449 ლარის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისის შემოწმებით 2020, 2021 და 2022 წლებზე დეკლარირებული დღგ-ის პროპორციის შესაბამისად თვეების მიხედვით გადანაწილება.
აღნიშნული მიდგომით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების გაზრდას და დარიცხვების განხორციელებას არ ეთანხმება იმ ობიექტური გარემოებების გამო, რომ:
1. იმ შემთხვევაში თუ შემმოწმებელთა მიერ საქონლის ფასნამატის გამოყვანა შემოწმების პროცესში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით მოხდა სასაქონლო ფასნამატის - 27%-ის დადგენა და აღნიშნული ფასნამატი შემდგომ უკუქცევით გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდზე, ის პრაქტიკულად ყოველგვარ ლოგიკასა და საფუძველს მოკლებულად მიაჩნია აღნიშნული პერიოდიდან 2020-2021 წლებზე, მაშინ როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა მასობრივად გავრცელებული „COVID – 19“-ის პანდემიით განპირობებული ეკონომიკური კრიზისისა და ინფლაციის პირობებში იმყოფებოდა და საზოგადოება პრაქტიკულად თვითგადარჩენის რეჟიმით ცხოვრობდა, აღნიშნული პერიოდის ფასები არ შეიძლება გაიგივდეს 2022 წლის 19 სექტემბერს (როცა პანდემია ჩამცხრალი და პრაქტიკულად დამარცხებული იყო, საერთო სიტუაცია დასტაბილიზირებული იყო) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის მასალებში დაფიქსირებული საქონლის ფასებთან, რამდენადაც პანდემიის პერიოდში მასიური უმუშევრობის პირობებში უკიდურესად დაბალი იყო მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ გაანგარიშებული და დადგენილი ფასნამატის გამოყენება უკუქცევის ძალით მთელს შესამოწმებელ პერიოდზე ყოველგვარ ლოგიკას და შესაბამისად სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
2. მომჩივნისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მოხდა შემმოწმებელთა მიერ ინვენტარიზაციის შედეგებით გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება და არ მისცა შესაძლებლობა საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ნორმის შესაბამისად იგი აესახა დანაკლისის აღმოჩენის პერიოდის - 2022 წლის სექტემბრის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში. მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი ნორმა მოცემულ შემთხვევაში იერარქიულად უფრო მაღალ ნორმას წარმოადგენს ვიდრე შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №19593 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით დაწესებული შესაბამისი ნორმა. მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შემმოწმებელს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი და არა ის ნორმა, რაც ფაქტობრივად გამოიყენა და პრაქტიკულად უკანა წლებზე არამართლზომიერად გაავრცელა შემოწმებით აღმოჩენილი დანაკლისი. საინტერესოა როგორ შეიძლება დადგინდეს უკანა პერიოდში არსებობდა თუ არა სმფ-ების დანაკლისი და რითაა განპირობებული შემმოწმებელთა ასეთი ქმედება - სმფ-ების დანაკლისად აღიარება იმ დროს, როდესაც უკანა წლებში პრაქტიკულად არ ჩატარებულა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საკითხავია საიდან ადგენენ შემმოწმებლები იმას, რომ სმფ-ების დანაკლისი პროპორციულად ჰქონდა უკანა წლებშიც?
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის დეკლარირებული ფასნამატი 2019 წელს შეადგენდა 32.2%, 2020 წელს -28.5%, 2021 წელს -33.63%. დეკლარირებულმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა 2021 წლის ბოლოს შეადგინა 517 319 ლარი, ხოლო 2022 წელს შესყიდულია 363 759 ლარის (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის ბრძანების №24108 საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 157 449 ლარი. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 253 014 ლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციაზე დაყრდნობით გამოთვლილ იქნა ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 27%. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამისი სარეალიზაციო ღირებულება, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის გათვალისწინებით, გადანაწილდა 2020, 2021 და 2022 წლებზე დეკლარირებული დღგ-ის პროპორციის შესაბამისად თვეების მიხედვით. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, მომჩივანს ეცნობა საჩივრის განხილვის თარიღის და დროის შესახებ, თუმცა გადასახადის გადამხდელმა არ მიიღოს მონაწილეობა დავის განხილვაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. გამოსაქვითი ხარჯების შემცირება და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არასწორად აქვს გამოქვითული ელ. ენერგიის, წყლის და იჯარის ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) 2019, 2020 და 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, ხოლო 2020, 2021 წლებზე მეწარმეს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 106- ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით 2020, 2021 წლებზე პირს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამისი სარეალიზაციო ღირებულების 2020-2021 წლებზე გადანაწილების შედეგად. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადამხდელის 2020 და 2021 წლის ერთობლივი შემოსავლის გაზრდა მართლზომიერია.
ამასთან, გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ ელექტრო ენერგიის აბონენტად ფიქსირდებოდა 2018 წლის აპრილამდე, თუმცა ენერგო კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო გაუუქმდა აბონენტის სტატუსი და იმავე მისამართზე და ობიექტზე, სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, ელექტრო ენერგიის მომხმარებლად დაფიქსირდა დედა, ------. მიუთითებს, რომ ელექტრო ენერგიის ფაქტობრივი ხარჯები სააბონენტო ბარათის მონაცემების მიხედვით, შეადგენს 2019 წელს 3 215,05 ლარს, 2020 წელს - 6 766,30 ლარს, 2021 წელს - 17 180,60 ლარს, რაც პრაქტიკულად აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება სხვა ხარჯების შემცირებას, მიუთითებს, რომ შპს „------თან“ 2018 წლის 2 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად 2018 წლის 2 მაისიდან 2019 წლის 1 აპრილამდე საიჯარო გადასახადის თანხა შეადგენდა თვეში 2 500 ლარს, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან დედა, ------ის სახელზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თვეში - 1 000 ლარს, რაც შესამოწმებელ პერიოდებში შესაბამისი წლების მიხედვით სოლიდურ ხარჯს წარმოადგენს. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ 2019 წლის გამოქვითვებში არ აქვს ასახული 2018 წელს მაღაზიისთვის აღებული სესხის 2019 წელს ფაქტობრივად გადახდილი საპროცენტო ხარჯები - 1 130,97 ლარი და ითხოვს შემოწმების მიერ აღნიშნულის გათვალისწინებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავლების გაზრდას და დღგ-ის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვებს. მიაჩნია, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე გამოვლენილი დანაკლისი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს დანაკლისის თარიღისთვის რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად მისი ერთობლივ შემოსავლებში ასახვა მომჩივნის მიერ მოხდებოდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, რომელსაც შემოსავლების სამსახურში წარადგენდა 2023 წლის 1 აპრილამდე.
საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული გამოქვითვებიდან შემმოწმებელთა მიერ შემცირდა ელ. ენერგიის ხარჯები, რაც არამართლზომიერია, რადგანაც აღნიშნული ხარჯები პრაქტიკულად გაწეული აქვს და იგი დასტურდება მაღაზიაში ფაქტობრივად მოხმარებული ელექტრო ენერგიის (განათება, სამაცივრო და სხვა დანადგარების მოხმარებით, რომლებიც მომჩივნის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებოდა მთელს შესამოწმებელ პერიოდში). ელ. ენერგიის მომხმარებელ აბონენტად 2018 წლის აპრილამდე ფიქსირდებოდა პირადად მეწარმე. ენერგო კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო გაუუქმდა აბონენტის სტატუსი და იძულებული გახდა იმავე მისამართსა და იმავე ობიექტზე ელ. ენერგიის მომხმარებელ აბონენტად დაეფიქსირებინა დედა - ----- (აბონენტის №------, იგივე მისამართი - ქ. -----, ------, შენ. ---, ბინა --), რომელიც წარმოადგენს სწორედ იმ ფართს, სადაც განთავსებულია მომჩივნის მაღაზია და აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას. ელ. ენერგიის მომწოდებელი კომპანიის სააბონენტო ბარათის მონაცემების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტში მოხმარებული ელ. ენერგიის ფაქტობრივი ხარჯები შეადგენს: 2019 წელს - 3 215 ლარს, 2020 წელს - 6 766 ლარს და 2021 წელს - 17 180 ლარს, რაც პრაქტიკულად აღემატება მომჩივნის მიერ წლიური საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულ მონაცემებს.
როგორც ელ. ენერგიის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მონაცემებიდან ჩანს, მომჩივნის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ნაკლები ჩვენება იმით არის განპირობებული, რომ არ გააჩნდა რა შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, მიაჩნდა, რომ ხარჯებში ასახვას ექვემდებარებოდა მხოლოდ ფაქტიურად გადახდილი თანხა. მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა განუმარტეს, მისთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, თურმე ხარჯად აღიარების უფლება ჰქონდა ფაქტობრივად მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად ფაქტობრივად მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯები შემცირების ნაცვლად ექვემდებარება გაზრდას.
ასევე, არ ეთანხმება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული გამოქვითვებიდან შემმოწმებელთა მიერ „გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯების“ შემცირებას, ვინაიდან შპს „-----თან“ 2018 წლის 2 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 2 მაისიდან 2019 წლის 1 აპრილამდე, მომჩივნის 115 კვ. მეტრი კომერციული ფართის საიჯარო გადასახადის თანხა შეადგენდა თვეში 2 500 ლარს, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან დედის სახელზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თვეში 1 000 ლარს, რაც სოლიდურ ხარჯს წარმოადგენს და იგი უნდა გამოიქვითოს შესაბამისი წლების ერთობლივი შემოსავლებიდან.
ამასთან, ვინაიდან არ აქვს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საგადასახადო გამოქვითვებში არ აქვს ასახული 2018 წელს მაღაზიისთვის აღებული სესხის 2019 წელს ფაქტობრივად გადახდილი საპროცენტო ხარჯები 1 130 ლარის ოდენობით, რომლებიც ფაქტობრივად 2019 წლის საგადასახადო გამოქვითვებში აღიარებას ექვემდებარება.
რაც შეეხება შემმოწმებელთა აპელირებას იმაზე, რომ ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული, როგორც სპეციალისტები განმარტავენ შინაარსის ფორმაზე აღმატებულების პრინციპიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში როცა სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება შინაარს, სწორედ სამეურნეო ოპერაციის შინაარსს ენიჭება უპირატესი მნიშვნელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემმოწმებლებს უნდა ეხელმძღვანელათ ელ. ენერგიის და იჯარის ფაქტობრივი ხარჯებით, რომელიც გაწეულია მომჩივნის მიერ იმავე ობიექტში იმავე მისამართზე და არა იმით, რომ ისინი მასზე არ ფიქსირდება. ყოველივე აღნიშნულთან ერთად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი მეთოდური მითითების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა გაწეული ხარჯები სახეზეა, მაგრამ იგი დოკუმენტურად არ დასტურდება, საგადასახადო მიზნებისათვის გამოქვითვად შეიძლება აღიარებულ იქნეს აღნიშნული ხარჯის 75%. იბადება კითხვა ამ შემთხვევაში რატომ არ იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა აღნიშნულით?
ზემოთ მოყვანილი გარემოებიდან გამომდინარე, მისდა უნებურად კითხვებზე ლოგიკურად უჩნდება შესაბამისი პასუხებიც, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმ მიზნით, რომ საგადასახადო შემოწმებით დარიცხვოდა რაც შეიძლება მეტი გადასახადი (100 000 ლარზე მეტი), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდებოდა, რომელიც მასზე დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველი გახდებოდა!
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 601 მუხლების შესაბამისად, სადავო აქტები ექვემდებარება ბათილობას/გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გამოსაქვითი ხარჯი და გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. გამოსაქვითი ხარჯების შემცირება და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. დეკლარირებული ფასნამატი 2019 წელს შეადგენს 32.2%-ს, 2020 წელს -28.5%-ს, 2021 წელს -33.63%- ს, ხოლო დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი 2021 წლის ბოლოს შეადგენს 517 319 ლარს. 2022 წელს შესყიდულია 363 759 ლარის (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის ბრძანების №24108 საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც სმფ-ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 157 449 ლარი. 2022 წელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 253 014 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოთვლილ იქნა ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 27%. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, მის მიერ ვერ იქნა ვერანაირი ბუღალტრული ჩანაწერები წარდგენილი. საგადასახადო ორგანომ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამისი სარეალიზაციო ღირებულება, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის გათვალისწინებით, გადანაწილებული იქნა 2020, 2021 და 2022 წლებზე დეკლარირებული დღგ-ის პროპორციის შესაბამისად თვეების მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არასწორად აქვს გამოქვითული ელ. ენერგიის, წყლის და იჯარის ხარჯები. შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) 2019, 2020 და 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, ხოლო 2020, 2021 წლებზე მეწარმეს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(5"ა"), 159(1"ა""ბ"), 163(1), 168(1), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 106(1"ა"), 72(1);
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").